საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაციები და  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, USAID-ი გააკრიტიკა. მისი განცხადებით, „USAID-ი უკვე მერამდენედ ხვდება მისი სახელით დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებული სკანდალის ეპიცენტრში“. მან კრიტიკა მაშინ გააჟღერა, როდესაც სამების საკათედრო ტაძარში სტალინის გამოსახულებიანი ხატის განთავსების საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. 

„უფრო მეტიც, სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ ხატთან დაკავშირებული ისტერია, სწორედ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, „სოვლაბის“ წარმომადგენელმა, გიორგი კანდელაკმა გააჩაღა, რომელიც შეთავსებით, საქართველოს ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკით გამორჩეული პარტია „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრიც არის. ე.წ. ენჯეო სექტორი თითქმის სრულად არის დომინირებული პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც უცხოური დაფინანსებით პარტიულ პროპაგანდას ეწევიან. კიდევ უფრო ცინიკური იყო ის ფაქტი, რომ ამ კამპანიის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი, ბექა მინდიაშვილი. ადამიანი, რომელიც რელიგიური შემწყნარებლობის იდეას უნდა ავრცელებდეს, თავად გახდა რელიგიური ნიშნით თავდასხმის კამპანიის სულის ჩამდგმელი“.

მისივე თქმით, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი, ბექა მინდიაშვილი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.

„ძალიან ვწუხვარ, რომ უკვე მერამდენედ, USAID ექცევა მისი სახელით დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებული სკანდალის ეპიცენტრში. აღმოჩნდა, რომ ადამიანი, რომელიც გამოირჩევა რელიგიური შეუწყნარებლობით და რელიგიური ისტერიის გაღვივებით, ახერხებს ამერიკული დაფინანსების მიღებას და თან იმ საქმისთვის, რომლის აბსოლუტურად საპირისპიროდ მოქმედებს. საქართველოს ეკლესიის და მისი მრევლის წინააღმდეგ საქმიანობის ხელშეწყობა ქართველი ხალხის ინტერესს რომ არ პასუხობს, ეს თავისთავად ცხადია, თუმცა მე, ამავე დროს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სხვა ქვეყანაში რელიგიური შეუწყნარებლობის დაფინანსება არც ამერიკელი ხალხის ინტერესშია. ამიტომ, ჩემი მოლოდინია, რომ USAID-ის ხელმძღვანელობა მალე გაერკვევა ამ საკითხში და იმოქმედებს ამერიკელი და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესში. უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის თაობაზე კანონმდებლობის არარსებობის პირობებში, მსგავსი ფაქტები საზოგადოებისთვის მხოლოდ პერიოდულად და შემთხვევით ხდება ცნობილი. არადა, ზიანი, რომელიც ასეთი საქმიანობით შეიძლება მიადგეს ქართულ საზოგადოებას, შესაძლოა, გამოუსწორებელი იყოს“, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. 

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *