ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში რესპონდენტების 37% ფიქრობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა მხოლოდ პროდასავლური უნდა იყოს, 36% მიიჩნევს, რომ პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა ქვეყანამ კარგი ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს რუსეთთან.

საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის, 79%-ის მთავარი არჩევანი ევროკავშირში გაწევრიანებაა. შეკითხვაზე, აკეთებს თუ არა ხელისუფლება ყველაფერს ევროკავშირში გაწევრიანების მისაღწევად, 36% ამბობს, რომ ის საკმარისს არ აკეთებს, 29% ამბობს, რომ რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს, ხოლო 16% მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ მიზნის მისაღწევად.

NDI აღნიშნავს, რომ ყოველი მეორე ქართველი ამბობს, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება პრიორიტეტია. კითხვაზე, რომელ ქვეყნებთან და გაერთიანებებთან უნდა ჰქონდეს საქართველოს ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა, 60% ევროკავშირს ასახელებს, 38% აშშ-ს, 20% რუსეთს და 17% ნატოს.

გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ნატოს მიმართ მხარდაჭერა ოდნავ შემცირდა, 67% კვლავ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიზანს, მარტის მონაცემების მიხედვით, ეს მაჩვენებელი 73% იყო.

გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ევროკავშირი და აშშ საქართველოს უახლოესი ეკონომიკური მოკავშირეები უნდა იყვნენ. 59%-მა ევროკავშირი დაასახელა, 34%-მა – აშშ, 25%-მა – რუსეთი და 18%-მა – თურქეთი.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მთავარ საფრთხეებს შორის 27% რუსეთის სამხედრო აგრესიას ასახელებს, 13% აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას და 11% კი რუსულ პროპაგანდას. 

აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *