საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად განსაზღვრული 9 პირობის შესრულების გეგმა. როგორც ინფორმაციაში მითითებულია, „ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პოლიტიკის შესახებ კომუნიკაციაში საქართველოსთვის განსაზღვრული ნაბიჯების განსახორციელებელი ღონისძიებები“ 2023 წლის 27 ნოემბერს დაამტკიცა ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიამ.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, კონკრეტული რეფორმების შესრულების პირობით. შესასრულებელი პირობა 9-პუნქტიანია, საიდანაც 7 დარჩა წინა ვალდებულებიდან, 2 კი ახალია, რომლებიც პირობების პირველ-მეორე პუნქტს წარმოადგენს. ძველი ვალდებულებიდან გადმოვიდა ის, რაც არ/ვერ ან ნაწილობრივ შესრულდა. ამიტომაც მათი ნაწილის მოდიფიცირება მოხდა.
მთავრობის გეგმაში თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით მითითებულია განსახორციელებელი აქტივობები, ვადები და პასუხისმგებელი უწყება.

პირობა 1 - ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან, გარე საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევასთან ბრძოლა.
ამ პირობის შესასრულებლად განსაზღვრულია, რომ მთავრობამ ევროკავშირისა და მისი ღირებულებების ხელშეწყობის მიზნით, კომუნიკაციის კამპანიის სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაოს. აქვე ნათქვამია, რომ

• 11 დეკემბერს მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა მთავრობის 2024-2027 საკომუნიკაციო სტრატეგია, რომლის ერთ-ერთ კომპონენტს სწორედ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს;
• საგარეო საქმეთა სამინისტრომ განსაზღვრა უწყების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის, სამინისტროს საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერალური დირექტორატის რეფორმირებასა და „ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის“ გაძლიერებას, როგორც ფინანსური ისე ადამიანური რესურსებით;
• ასევე, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ევროკავშირის ასევე ევროპული ფასეულობების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით აქტივობების განხორციელებას;
• საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას, მათ შორის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის შესაბამის სამსახურებთან სტრატკომის მიმართულებით. პირველი პირობის შესრულებაზე პასუხისმგებელი იქნება მთავრობა და ვადად განსაზღვრულია 2024 წელი.

პირობა 2 - ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს დაახლოების გაუმჯობესება.

ამისთვის კი მთავრობას განსაზღვრული აქვს „ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) ფარგლებში ევროკავშირის პოზიციებთან მიერთების მაჩვენებლის გაუმჯობესება“.
„2023 წლის ივნისიდან მნიშვნელოვანი ძალისხმევა განხორციელდა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირის პოზიციებთან მიერთების კუთხით - წლის ბოლოს ჩვენი მაჩვენებელი 50%-ს შეადგენს“ - ნათქვამია ამ გეგმაში.
აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ შეფასებაში გაცილებით ნაკლები იყო. „საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის განცხადებებთან და ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებებთან საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში დიდწილად ერთ დონეზე დარჩა (2022 წელს – 44%, 2023 წელს – 43%)“ - წერია შეფასებაში.
რაც შეეხება ამ პირობის შესასრულებლად განსაზღვრულ ნაბიჯებს, ნათქვამია, რომ მოხდება „არსებული პრაქტიკის საფუძველზე, აქტიური თანამშრომლობის გაგრძელება ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებისგან თავის არიდების მიზნით, მათ შორის, გაგრძელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეგულარული ანგარიშგება ევროკომისიის (FISMA, DG TAXUD), აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს შესაბამის უწყებებთან არსებული საკომუნიკაციო არხებით, სანქცირებული და სენსიტიურ საბაჟო კოდებზე საბაჟო ოპერაციების სანქციებთან შესაბამისობის თაობაზე“.
დათქმის შესრულების ვადად 2023-2024 წელია განსაზღვრული და პასუხისმგებელია მთავრობა.

პირობა 3 - შემდგომი მუშაობა პოლიტიკური პოლარიზაციის დასაძლევად, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მეტად ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესის უზრუნველყოფის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე.

ამისთვის მთავრობას განსაზღვრული აქვს შემდეგი:

• ყველა საპარლამენტო პარტიის ჩართვა ევროინტეგრაციის და სხვა ძირითად რეფორმებთან დაკავშირებულ სამუშაო ფორმატებში;
• საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოებასთან (საქართველოს ეროვნულ პლატფორმასთან ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში) თანამშრომლობის გაგრძელება.
ცნობისთვის, 20 ოქტომბერს პარლამენტმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, მათი თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაციისა და გაღრმავების მიზნით. მათ უკვე ჩატარებული აქვთ 3 ერთობლივი კონფერენცია ევროკავშირის პრიორიტეტებისა და ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების სექტორულ ასპექტზე.
ამ პუნქტი შესრულების ვადად 2023-2024 წელია განსაზღვრული და პასუხისმგებელია პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი.

პირობა 4 - თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. არჩევნების დღემდე გაცილებით ადრე საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის, ამომრჩევლის ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.

ამ პუნქტის შესასრულებლად განსაზღვრულია რამდენიმე აქტივობა სხვადასხვა ვადით და პასუხისმგებელი ორგანოთი:

• 2024 წლის არჩევნებზე ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევა. პასუხისმგებელი იქნება მთავრობა და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი;
• ხელისუფლების შესაბამის ორგანოებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობისთვის სამუშაო ფორმატების შექმნა - 2024 წლის აგვისტო-ოქტომბერი. პასუხისმგებელი იქნება მთავრობა.
• „საარჩევნო კოდექსში“ პარტიების/არჩევნების დაფინანსების საკითხზე ცვლილებების შეტანა (პოლიტიკური პარტიებისთვის იურიდიული პირების შემოწირულობების აკრძალვა; მშპ-თან მიმართებით წლიური ხარჯების ზედა ჭერის შემცირება) - ეს ცვლილება უკვე მიღებულია.

პირობა 5 - საპარლამენტო ზედამხედველობის აღსრულების შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუციების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა.

ამ პირობის შესასრულებლად მთავრობა გეგმავს შემდეგს:

• საპარლამენტო ნდობის ჯგუფის შემადგენლობის შევსება - 2024 წლის თებერვალი, პასუხისმგებელი პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი;
• რეგულარული დიალოგის ხელშეწყობა ყველა საპარლამენტო პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ზედამხედველობის პრაქტიკის გასაუმჯობესებლად - შესრულების ვადად 2023-2024 წელია განსაზღვრული და პასუხისმგებელია პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი.
საინტერესოა, რომ კონკრეტულად ამ ნაბიჯში უკვე შესრულებულად მითითებულია, რომ „პარლამენტმა 2023 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში მიიღო დამატებითი ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, რაც ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედია სერვისების დირექტივასთან ჰარმონიზაციას ემსახურება. ეს ცვლილებები არეგულირებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრების დანიშვნასთან დაკავშირებულ საკითხებს და ასახავს მათ უფლებამოსილების შეწყვეტის კრიტერიუმებსა და პროცედურებს“. თუმცა, არაფერი არ არის ნათქვამი ამ ცვლილებას უშუალოდ ამ ნაბიჯთან რა კავშირი აქვს.

პირობა 6 - პოლიტიკური და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმის ჩათვლით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად განხორციელებისა და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფის გზით.

სასამართლო რეფორმისთვის მთავრობა განსაზღვრავს შემდეგ აქტივობებს და მათი შესრულების ვადებს:

• სამუშაო ფორმატის შექმნა ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით სასამართლო და პროკურატურის რეფორმის საკითხებზე - 2024 წლის იანვარი, პასუხისმგებელია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;
• შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განახლება - 2024 წლის 31 იანვარი, იურიდიული კომიტეტი;
• შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება - 2024 წლის 7 მარტი, პარლამენტი.

პირობა 7 - ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პირად მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შემდგომი უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან მიმართებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება ინკლუზიური პროცესის გზით; კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საქმეების გამოძიების ძლიერი გამოცდილების შექმნა.

ამ დათქმის შესასრულებლად მთავრობა გეგმავს შემდეგს:

• ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება - 2024 წლის 31 იანვარი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტი;
• ყველა საპარლამენტო პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეხვედრების გამართვა ამ ორგანოების წლიური ანგარიშების განსახილველად - 2024 წლის მაისი, იურიდიული კომიტეტი.

პირობა 8 - დეოლიგარქიზაციის არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება მრავალსექტორული, სისტემური მიდგომის განსახორციელებლად, ვენეციის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის წარმოებით, რომელშიც ჩართული იქნებიან ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება.

ამ პირობის შესასრულებლად მთავრობის გეგმაში ორი აქტივობაა მოცემული, რომელთაგან ერთი უკვე შესრულებულად არის მონიშნული. ეს არის „დეოლიგარქიზაციის გეგმის დამტკიცება საპარლამენტო პოლიტიკური პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ“. მითითებულია, რომ ის მიღებულია მთავრობის სხდომაზე 2023 წლის 27 ნოემბერს.
რაც შეეხება შესასრულებელ აქტივობას, ეს არის „საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრების გამართვა დეოლიგარქიზაციის გეგმის განხორციელების ეფექტიანი მონიტორინგის მიზნით“ - ვადად მითითებულია 2024 წელი, პასუხისმგებლები კი არიან მთავრობა და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი.

პირობა 9 - ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის ამბიციური სტრატეგიის განხორციელების და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის გზით. მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებების დაწყება ინციდენტებზე, რომლებიც ეხება დაუცველი ჯგუფების, მედიის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების უსაფრთხოებას, და ძალადობაში დამნაშავე პირებისა და ორგანიზატორების გასამართლება. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების წარმოება და თანამშრომლობა, რაც მათ საშუალებას მისცემს, არსებითად ჩაერთონ საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში, და მათი თავისუფალი მუშაობის უზრუნველყოფა.
მთავრობის გეგმაში ამ პირობის შესასრულებლად განსაზღვრულია 4 ნაბიჯი, საიდანაც 2 უკვე შესრულებულად არის მითითებული. ესენია:

• სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების გაერთიანებული შეხვედრა, სადაც განიხილება ადამიანის უფლებების დაცვის 2024-2026 წწ-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი - მითითებულია, რომ განხილულია 2023 წლის 6-7 დეკემბერს;
• ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წწ-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცება საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ - მითითებულია, რომ დამტკიცდა 2023 წლის 25 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე. აქ ასევე წერია, რომ „გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის საფუძველზე გეგმაში გათვალისწინებული იქნა პარლამენტის, მუნიციპალიტეტების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი შენიშვნები“;
• სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან შეხვედრების გამართვა მიმდინარე გამოძიებებზე; ევროკომისიისთვის ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდება გამოძიებებთან დაკავშირებით - ვადად განსაზღვრულია 2024 წელი, პასუხიმგებელ ორგანოებად კი - მთავრობის ადმინისტრაცია, პროკურატურა, შსს და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი;
• არასამთავრობო ორგანიზაციებთან რეგულარული შეხვედრების გამართვა საკანონმდებლო და პოლიტიკის ფორმულირების პროცესებში მათი ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით - ამ ნაბიჯთან დაკავშირებით მითითებულია, რომ პარლამენტმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ გამართა 3 ერთობლივი კონფერენცია ევროკავშირის პრიორიტეტებისა და ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების სექტორულ ასპექტზე და აღნიშნულია, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა.

ასე გამოიყურება მთავრობის გეგმა ევროკავშირის მეორე, 9-პუნქტიან პირობებთან დაკავშირებით, რომლის შესრულების საფუძველზეც მიიღებს ევროკავშირი გადაწყვეტილებას, დაიწყოს თუ არა მოლაპარაკებები საქართველოს გაწევრიანების საკითხზე. შესრულების ვადა დაკონკრეტებული არ არის, მაგრამ არსებობს მოლოდინი, რომ ყველა პირობა შესრულდება მომავალი წლის ბოლომდე, როდესაც ევროკომისია საქართველოს პროგრესს შეაფასებს.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *