როგორც დაანონსებული იყო, მმართველმა პარტიამ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ირაკლი კობახიძე წარადგინა, თავმჯდომარე კი, ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი გახდა. უკვე ცნობილია ისიც, რომ მთავრობაში მხოლოდ თავდაცვის მინისტრი იცვლება და ჯუანშერ ბურჭულაძეს, პარლამენტის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი ჩაანაცვლებს. თუმცა, მთავრობის ხელმძღვანელების ცვლილებისთვის მიძღვნილმა პარტიულმა ყრილობამ, მაინც ვერ გასცა პასუხი შეკითხვას, რატომ შეუცვალა “ქართული ოცნების" დამფუძნებელმა კობახიძე-ღარიბაშვილს ადგილები?
პოლიტიკის ანალიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი, რომელიც „ ქართული ოცნების“ გუნდის წევრიც იყო, ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ღარიბაშვილი-კობახიძის გადანაცვლება, შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილის კლანური მმართველობის სტილს უკავშირდებოდეს, რაც "ბიძინა ივანიშვილს არ მოეწონა".
„თუ ირაკლი ღარიბაშვილის გაშვებასა და ირაკლი კობახიძის მთავრობაში მოყვანას რაიმე ლოგიკა ჰქონდა, ერთ-ერთი შეიძლება იყოს ის, რომ ღარიბაშვილი მიჩვეული იყო, თავისი ხალხით, რაღაც კლანურ, საახლობლო-მეგობრული ურთიერთობებით მთავრობის კონტროლს, კობახიძეს კი, ამის საშუალება არ აქვს და ამიტომაც ჩაანაცვლა. ივანიშვილის მხრიდან ერთგვარი პრევენციაა, რომ ამ კლანური ურთიერთობებით ღარიბაშვილს ფესვები ზედმეტად არ გაედგა. ამიტომაც ლოგიკური მგონია, რომ კობახიძეს არ ეძლევა საშუალება, მთავრობა მისი გუნდის წევრებით დააკომპლექტოს. შესაძლოა, ეს იმასაც მოასწავებდეს, რომ კობახიძის ძალაუფლება კი არ გაიზარდა, შემცირდა კიდეც. ჩვენ ერთი ადამიანის მმართველობის ისეთი სისტემა გვაქვს, რომ მაინცდამაინც ბევრს არაფერს ნიშნავს კონკრეტული ინსტიტუციური პოსტი, მთავარია, ეს პოსტი რა შინაარსით იქნება დატვირთული და “დამტვირთველი” კი, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია. ანუ, ბიძინა ივანიშვილი რა უფლებამოსილებასაც განიჭებს, ის ხარ და, თუკი კობახიძეს საშუალება არ მისცა, რომ თავის ჭკუაზე დააკომპლექტოს და მიიყვანს მთავრობაში ხალხი, მაშინ ის იქ ვერაფერს გააკეთებს”, - ამბობს დათო ზურაბიშვილი.
პრემიერობის ახალ კანდიდატსა და მის მთავრობას, პარლამენტმა ნდობა, მაქსიმუმ, 12 თებერვლამდე უნდა გამოუცხადოს, რადგან კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, ნდობის გამოსაცხადებლად, 2-კვირიანი ვადა აქვს და ამ ვადის ათვლა, პრემიერის გადადგომისთანავე დაიწყო. პრემიერობის კანდიდატმა კი, მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა, პარლამენტს არაუგვიანეს მე-9 დღისა უნდა წარუდგინოს. ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, გაჩნდა მოლოდინი, რომ მთავრობის ახალ კაბინეტში ის მინისტრები ვეღარ დარჩებოდნენ, ვინც უშუალოდ ყოფილი პრემიერის კადრებად მოიაზრებოდა და ასეთებად სახელდებოდა თავდაცვის, იუსტიციის, ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები. თუმცა, საბოლოოდ, მხოლოდ თავდაცვის მინისტრის შეცვლა დადასტურდა.
„ის, რომ ირაკლი კობახიძეს, მთავრობაში, ერთ კაცზე მეტი არ მოაყვანინეს და ეს მაშინ, როდესაც პრემიერად ამწესებენ, მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ მას საგამოცდო ვადა აქვს მიცემული და ამ გამოცდას თუ წარმატებით ჩააბარებს, გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას, მოგვიანებით მისცემენ. ბიძინა ივანიშვილისთვის თავდაცვა არ არის პრიორიტეტული და როგორც ჩანს, თავდაცვა უფრო მარტივად დათმო, მითუმეტეს, რომ ბურჭულაძე ღარიბაშვილის უშუალო გარემოცვიდან იყო და გარეულია არაერთ კორუფციულ სკანდალში“, - ამბობს ჩვენთან საუბრისას ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია.
რაც შეეხება არჩევანის ირაკლი ჩიქოვანზე არჩევანის გაკეთებას, თეონა აქუბარდია ამბობს: „არ მახსენდება ჩიქოვანი, როგორც კობახიძის გუნდის წევრი, მე ის მახსოვს, როგორც ირაკლი ალასანიას პარტიის ნაწილი, რომელიც მას გაჰყვა მაშინ, როდესაც ირაკლი ალასანიამ „ოცნებას“ რუსეთთან თანამშრომლობაში დასდო ბრალი. ჩიქოვანი, მოგვიანებით, გიორგი გახარიას გუნდში დაბრუნდა, ჯერ მრჩევლის, შემდეგ კი, ზუგდიდის მაჟორიტარის პოზიციაზე. ირაკლი ჩიქოვანი მოცემულობას მოერგო და უარი თქვა იმ პრინციპებზე, რის გამოც, თავის დროზე, კოალიცია „ქართული ოცნება“ დატოვა. არ დაგვავიწყდეს, რომ მას “აგენტების რუსულ კანონზეც” აქვს ხელი მოწერილი“.
ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებითვე, “მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში, თავდაცვის მინისტრი, არაერთხელ შეიცვალა, 2018 წლიდან მოყოლებული, ქვეყანას, ეროვნულ დონეზე, თავდაცვის უსაფრთხოების სტრატეგია არ გააჩნია, არადა, ამას კანონი პირდაპირ მოითხოვს”.
კიდევ ერთი ვერსია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელი, გია ხუხაშვილი ავითარებს, "ეჭვებია, რომელიც ბიძინა ივანიშილს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ გაუჩნდა.
"ბიძინა ივანიშვილს აქვს მოლოდინი, რომ ოლიგარქიულ მმართველობაზე დასავლეთში სულ უფრო მეტი შეკითხვა გაჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცეს, მომავლ წელს დაკვირვების პროცესი გამკაცრდება და დასავლეთი კონკრეტულ მექანიზმებს აამუშავებს. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილი საკუთარი პერსონის ლეგალიზაციას ცდილობს. ამასთან, მან დაინახა, რომ მხოლოდ სატელეფონო საუბრებით გუნდს ვერ აკონტროლებს, რადგან ვიღაცებს დიდი ფული და ამასთან, დიდი ამბიციებიც გაუჩნდათ. მაგალითად, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი შეერთებული შტატებიდან დაბრუნდა, ის ხოტბით არამხოლოდ ბიძინა ივანშვილის მიმართ გამოირჩეოდა, არამედ, გაიძახოდა - სალივანი, სალივანი. ღარიბაშვილი რომ ორკვირიანი ვოიაჟით ამერიკაში იმყოფებოდა, თქვენ გგონიათ, ბიძინა ივანიშვილს არ გაუჩნდა ეჭვები, იქ რას აკეთებდა? შესაძლოა, ამას ვინმემ პარანოია დაარქვას, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მას ეს ეჭვები აქვს. ამიტომაც, ახლა ბიძინა ივანიშვილი, მისთვის სასურველი ვითარების მიღწევასა და სრული კონტროლის აღებას ცდილობს", - ამბობს გია ხუხაშვილი.
მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად, აუცილებელია მთავრობის სამოქმედო გეგმის წარდგენა. ცხადია, ირაკლი კობახიძეს, ეს გეგმა, ჯერ წარდგენილი არ აქვს, მაგრამ ოპოზიციის მოლოდინია, რომ მასში “ახალი არაფერი იქნება”. მიუხედავად ამისა, გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას, პარტიის ყრილობაზე, ირაკლი კობახიძის გამოსვლა გვაძლევს. კერძოდ, მის გამოსვლაში შემდეგი გზავნილები იკითხებოდა:
• „ქართული ოცნების“ წევრებსა და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მისი კანდიდატურის დასახელებისა და ნდობისთვის მადლობა გადაუხადა;
• თქვა, რომ „ოცნებას“ საზოგადოების ისეთი მაღალი მხარდაჭერა აქვს, რაც 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია და დასძინა ისიც, რომ ”დარწმუნებულია, საპარლამენტო არჩევნებში, პარტია დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს“;
• ილაპარაკა „ქართული ოცნების“ ორ მთავარ მისიაზე - „ფიზიკურად და სულიერად გამთლიანებული საქართველო“; „საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებთან და ოსებთან ერთად“; „საქართველო, სადაც ქართველებს შორის სიკეთე ძლევს ბოროტებას და სიყვარული ძლევს სიძულვილს“; და მეორე - „ეს არის საქართველო ადამიანების კეთილდღეობის ევროპული დონით, საქართველო, სადაც არცერთი ადამიანი არ ცხოვრობს სიღარიბეში“.
„ქართული ოცნება“ სულ უფრო აქტიურად ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება არ გაუჭირდება.
ოპოზიცია, ცხადია, მათ ამ ოპტიმიზმს არ იზიარებს და ფაქტობრივად, ყველა ფრთა მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის „არჩევნებში დამარცხება გარდაუვალია“.
„17-ჯერ გადაუხადეს მადლობა ბიძინა ივანიშვილს და არც ერთხელ ქართველ ხალხს. ნუთუ, ეს არ კმარა, რომ ყველაფერი დავასრულოთ?! სირცხვილის ეს მასკარადი, ქართველი ხალხისა და საქართველოს შეურაცხყოფაა... „ქართული ოცნების“ ყრილობა ნათელი მტკიცებულებაა, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნა საზოგადოებისთვის სახიფათოა,“ - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ.
პოლიტიკის ანალიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი კი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია, მმართველი გუნდის კრიტიკაზე მეტად, საკუთარ სამომავლო გეგმებზე უნდა გადაერთოს.
„კობახიძე გულზე დიდად არც „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს ეხატებათ. რამდენიმე მათგანს პირადად ვიცნობ და ეს ეჭვი დამიდასტურეს. ამას ახლა ოპოზიცია როგორ გამოიყენებს, მათზეა დამოკიდებული. ოპოზიციას ზოგადად ყოველთვის ის პრობლემა აქვს, რომ უფრო მეტად გადართულია სხვის კრიტიკაზე, ვიდრე საკუთარი თავის ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალად წარმოჩენაზე, რაც ცხადია, არ გახლავთ შედეგის მომტანი. კობახიძეზე უკეთეს პოლიტიკოსად რომ წარმოჩინდე, ვფიქრობ, არც ისე რთული ამოცანაა, მთავარია, შენ რას სთავაზობ იმ ამომრჩეველს, რომელსაც ხელისუფლების შეცვლის სურვილი აქვს“ - ამბობს დავით ზურაბიშვილი.
0 კომენტარი