“მაგნიტსკის სია” 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივდება - გადაწყვეტილება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა გამოაქვეყნა და მასში მოცემულია რიგი ქვეყნების სია, რომლებმაც მხარი დაუჭირეს, მათ შორის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყნებმა: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვა და ბოსნია-ჰერცოგოვინა. სიაში საქართველო არ გახლავთ, რადგან ქვეყნის ხელისუფლება ევროკავშირის გადაწყვეტილებას ე.წ. მაგნიტსკის სიის გახანგრძლივების შესახებ, არ შეუერთდა. საქართველო მხოლოდ იმ ნაწილს შეუერთდა, სადაც ჩრდილოეთ კორეისა და არაღიარებული დნეპრისპირეთის ლიდერების წინააღმდეგ სანქციებზეა საუბარი.
ქართული მხარის პოზიციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ასე ასაბუთებს: “საქართველომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით შეინარჩუნა ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა, რაზეც ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები. რაც შეეხება ზოგადად, ევროკავშირის განცხადებებთან მიერთების სტატისტიკა ბოლო ერთ წელიწადში მკვეთრად, 50%- მდეა გაზრდილი”.
უფრო ვრცელი განცხადება კი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა და თქვა, რომ “საქართველო რუსეთის მიმართ სანქციებს არ უერთდება”, თუმცა მიუერთდა ჩრდილოეთ კორეასა და დნეპრისპირეთთან დაკავშირებულ საკითხებს.
“რუსეთის მიმართ სანქციებს ჩვენ არ ვუერთდებით. ამ გადაწყვეტილებამ მოგვიტანა ის, რომ საქართველო არ დადგა ომის რისკისა და ეკონომიკური კოლაფსის რისკის ქვეშ და მიიღო კანდიდატის სტატუსი . ეს სანქციების სია არ ეხება მხოლოდ რუსეთს, იცით, რომ რამდენიმე ქვეყანასაც ეხება. რაც შეეხება რუსეთის მიმართ სანქციებს, საქართველოს განცხადებული პოლიტიკა აქვს და ამ პოლიტიკას მივყვებით. ამან მოგვიტანა, რომ გვაქვს ის საკმარისი სტაბილური მდგომარეობა საქართველოში, რაც უზრუნველყოფს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას”, - ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ "მაგნიტსკის აქტის ფარგლებში" რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებთან მიერთებაზე უარი ხაზს უსვამს, რომ "საქართველოს არ სურს საკუთარ პოლიტიკას გადახედოს და რუსეთთან არაპრაგმატულ პოლიტიკას განაგრძობს".
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ფარგლებში, საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა ნაბიჯი ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაახლოებას გულისხმობს, მათ შორის, შემზღუდავი ზომების ნაწილში.
„მაგნიტსკის სიის“ ევროპული ანალოგი “ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის” სამოგზაურო და საბანკო მომსახურებაზე შეზღუდვებს გულისხმობს და ის ეხება სამართალდამცავი სტრუქტურების და კომპანიების წარმომადგენლებს რუსეთიდან, ირანიდან, ჩინეთიდან, ჩრდილოეთ კორეიდან, სირიიდან და სხვა ქვეყნებიდან. საქართველო 2020 წელს „მაგნიტსკის ევროპულ სიას“ ოფიციალურად შეუერთდა, თუმცა შემდგომ წლებში მიღებულ გადაწყვეტილებებში თბილისი აღარ ფიგურირებს.
2009 წელს, რუსი იურისტი სერგეი მაგნიტსკი მოსკოვის საპატიმროში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მან რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს ადა ხელისუფლებას, თაღლითური სქემის მეშვეობით, სახელმწიფოსგან 230 მილიონი დოლარის მითვისებაში დასდო ბრალი. 2012 წელს, აშშ-მა „მაგნიტსკის აქტი“ მიიღო, რაც რუსეთის ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას მოიცავს.
0 კომენტარი