თითქმის წელიწადნახევრიანი ჭიდილის შემდეგ, რუსეთმა, აფხაზური საზოგადოების დიდი ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად, ბიჭვინთის აგარაკები მიისაკუთრა. 27 დეკემბერის ღამეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა, საგანგებო სხდომაზე, ბიჭვინთის აგარაკების 49-წლიანი იჯარით რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა, ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ კი, რატიფიცირებულ დოკუმენტს ხელი რამდენიმე საათში მოაწერა. გადაწყვეტილებას ოპონენტების აქციები მოჰყვა, მაგრამ უშედეგოდ - ბიჭვინთა 49 წლით და თითო ნაკვეთი წელიწადში 1 რუბლად, რუსეთის საკუთრება გახდა.
ამ ფაქტს უკვე აფასებენ, როგორც კრემლის მიერ აფხაზეთის მისაკუთრების დაწყების პროცესად, რასაც აქამდე ვერ ახერხებდა. რაც მთავარია, გაჩნდა მოლოდინი, რომ რუსეთი ბიჭვინთაზე არ გაჩერდება და აფხაზეთის ნაწილ-ნაწილ მისაკუთრებას მომავალშიც გააგრძელებს. მითუმეტეს, რომ უკვე გააქტიურდა ლაპარაკი ბაბუშერას აეროპორტის გახსნაზე, რაც შესაძლოა, კრემლმა, ერთი მხრივ, სანქციების გვერდის ავლისთვის, მეორე მხრივ კი, სამხედრო დანიშნულებით გამოიყენოს.
2022 წლის 11 ივლისს, აფხაზურმა საზოგადოებამ მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ ბიჭვინთის პარკის ტერიტორიის გადაცემის შესახებ შეთანხმება მოსკოვთან 2022 წლის 19 იანვარს ჩუმად იყო გაფორმებული და ამ დოკუმენტის შესახებ, თვეების განმავლობაში, არავინ არაფერი იცოდა. თუმცა, იმის გამო, რომ შეთანხმება იურიდიული ძალის მოსაპოვებლად საპარლამენტო რატიფიკაციას საჭიროებდა, ინფორმაციამ მაინც გამოჟონა, რასაც აფხაზური საზოგადოების მწვავე პროტესტი, მაშინვე მოჰყვა.
ბიჭვინთის აგარაკი რუსეთის მუდმივ მფლობელობაშია 1995 წელს დადებული ხელშეკრულების თანახმად, მაგრამ საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ რუსეთმა მისი სრულად მიტაცება მოინდომა. 2022 წლის ზაფხულში მათი არგუმენტები ასეთი იყო:
- 186 ჰექტარი მიწის სხვა, თუნდაც მეგობარი სახელმწიფოსთვის გადაცემის გადაწყვეტილება საზოგადოებამ უნდა მიიღოს და არა მთავრობამ;
- ტერიტორია ზღვასთან არის, ხოლო აკვატორიის ნაწილის სხვა ქვეყნისთვის თუნდაც იჯარით გადაცემას კონსტიტუცია კრძალავს;
- ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა რუსეთის ვალდებულებას, არ გადასცეს ობიექტი მესამე პირებს.
მას შემდეგ, ეს საკითხი, პერიოდულად აქტიურდებოდა. აგარაკის რუსეთისთვის მიცემის მოწინააღმდეგენი პოზიციას არ ცვლიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან არცთუ სასიამოვნო მესიჯები მოდიოდა - ჯერ პენსიებისა და ხელფასების გაყინვის მუქარა გაჟღერდა, შემდეგ დაპირებული ინფრასტრუქტურული პროექტების გაყინვა, ბოლოს კი, ზამთარში უფასო დენის შეწყვეტა. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებამდე, კრემლმა ულტიმატუმის ნელ-ნელა შესრულებაც დაიწყო - აფხაზების უფასო დენით მომარაგებაზე უარი თქვა და საბიუჯეტო დაფინანსების შემცირებაც დააანონსა.
კონფლიქტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც წლებია აფხაზეთის საკითხებზე მუშაობს, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ „რუსეთს სურს, მაქსიმალურად მიითვისოს აფხაზეთი“ და ამაში, მისი შეფასებით, ხელს „ქართული ოცნებაც“ უწყობს.
„ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, როდესაც სრული დუმილია, რუსეთის ამოცანაა, მაქსიმალურად გამოიყენოს არსებული ვითარება. აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა და, თუ თბილისი ხმას არ იღებს, ე.ი. კრემლისთვის ყველაფერი “წესრიგშია”. ამიტომაც, რუსეთი „ქართული ოცნების“ სიჩუმეს კარგად იყენებს იმისთვის, რომ აფხაზეთი ანექსია ოფიციალურად გაიფორმოს. ქურდი სახლში რომ შედის და იცის, მთელი ღამე აქვს დრო, სულ სხვანაირად ქურდავს, ვიდრე მაშინ, როდესაც იცის, რომ ამისთვის მხოლოდ ერთი საათი აქვს. ანუ, რუსეთს დრო აქვს, ეს კარგად იცის და მშვიდად და წყნარად ითვისებს აფხაზეთის ტერიტორიას“, - ამბობს კონფლიქტოლოგი.
აქვე, უნდა აღნიშნოს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა, არალეგიტიმურად შეაფასა. მანამდე კი, მან მიმდინარე პროცესს "რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმა" უწოდა და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდა.
განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ, რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია წარმოადგენს „მორიგ უკანონო ქმედებას და რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს“.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო თანამეგობრობასაც მიმართა, „სათანადოდ შეაფასოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ მორიგი უკანონო ნაბიჯი“.
მიუხედავად ამ განცხადებებისა, ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ „ხელისუფლება არა ერთი განცხადებით, არამედ, მუდმივად უნდა საუბრობდეს და აკეთებდეს განცხადებებს საერთაშორისო ტრიბუნააზე, თუ როგორ განაგრძობს რუსეთი იმპერიალისტურ პოლიტიკას საქართველოს ტერიტორიაზე”.
“მსოფლიო საქართველო უკრაინის კონტექსტში უნდა განიხილავდეს და ამ მიმართულებით, საქართველოს ხელისუფლებას მეტი აქტიურობა მართებს. აგრესია დღეს ჩვენს წინააღმდეგაც მოქმედია, ჩვენთან 2008 წლის ოკუპაცია არ შეჩერებულა”, - აღნიშნავს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.
როგორც ცნობილია, კრემლში აფხაზეთის საკითხზე ე.წ. კურატორთა ჯგუფი მუშაობს, რომელთა მხრიდან განსაზღვრულია, რომ რუსეთს აფხაზეთისგან, გარდა ბიჭვინთის აგარაკისა, სურს, რომ:
გარდა ამისა, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა, რომ რუსეთს აქვს სხვა ინტერესებიც.
„ვფიქრობ, რუსეთი აუცილებლად გააძლიერებს ოჩამჩირის პორტის ათვისებას და ალბათ, ამის მოწმეებიც აუცილებლად გავხდებით. ოჩამჩირეში პატარა პორტია, მაგრამ მას ყოველთვის სამხედრო დანიშნულების ჰქონდა. გარდა ამისა, შესაძლოა გააქტიურდეს აეროპორტის საკითხიც. ჯერ ერთი, აქ სამხედრო ბაზა უკვე არსებობს - გუდაუთას ბაზა და ახლა ლაპარაკია უკვე ბაბუშერას აეროპორტზეც, რომელსაც სამოქალაქო დანიშნულება ჰქონდა. ეს აეროპორტი რომ აღადგინონ, ეჭვი მეპარება, ის სამოქალაქო მიზნებისთვის გამოიყენონ. სოხუმშია აეროპორტი და აქედან ვინ სად უნდა იფრინოს?! ამიტომაც უფრო ლოგიკურია, რომ ბაბუშერას აეროპორტიც სამხედრო აეროდრომად აქციონ. მას სამოქალაქო დაარქვან და რეალურად სამხედრო ტვირთების გადაზიდვის ფუნქცია მისცენ. მითუმეტეს, რომ როგორც არ უნდა წარიმართოს უკრაინის ომი, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები დიდხანს გაგრძელდება. ამიტომ რუსეთს დასჭირდება სანქციების გვერდის ავლით საკმაოდ სერიოზული ინფრასტრუქტურა, მითუმეტეს, თუ ეს იქნება სადმე უკანონო, არაღიარებულ ტერიტორიაზე. მაგალითად, როგორიც აფხაზეთია. აქ ვერავინ შეამოწმებს, რა თვითმფრინავები ჯდება, რა გადააქვს და ა.შ. შესაბამისად, სრულიად გამოთიშული იქნება საერთაშორისო მეთვალყურეობიდან. ამიტომ ჩემთვის საკმაოდ დამაჯერებელია განწყობა, რომ ბაბუშერას არემონტებენ არა სამოქალაქო ავიაციისთვის, არამედ სანქციების გვერდის ავლისთვის“, - აღნიშნავს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.
გარდა ამისა, მისი თქმით, გააქტიურდება დანარჩენი აგარაკების მიტაცების საკითხიც: „აფხაზეთის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, დარჩა ბევრი უნიკალური აგარაკი. მათ შორის, .ე.წ. გორბაჩოვის აგარაკი, რომელიც ხრუშჩოვის აგარაკზე უკეთესია და ბიჭვინთიდან, დაახლოებთ, 30 კილომეტრში მდებარეობს. კრემლის სტრატეგია არის აბსოლუტურად გამჭვირვალე და გასაგები - რაც გდია დღეს ქუჩაში, რატომ არ უნდა ავიღო და მივითვისო? ჩვენ რომ ამ ყველაფერზე ხმას არ ვიღებთ, ესაა სრულიად გაუგებარი... გარდა ამისა, ეს ტერიტორიები უნდა იმიტომაც, რომ ამ ფორმით კავკასიაში გავლენები შეინარჩუნოს. წელს აზერბაიჯანი მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს და დარწმუნებული ვარ, რუსეთს აზერბაიჯანიდან ჯარების გაყვანას მოსთხოვს, რომელსაც ვადა 2025 წელს გასდის. რუსეთს კი უნდა, რომ კავკასიაში ფეხი მყარად შეინარჩუნოს, მითუმეტეს, ვიმეორებ, რომ ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლება ადეკვატურად არ მოქმედებს“, - ამბობს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.
0 კომენტარი