ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველოს მოქალაქე, 43 წლის თემურ კირბაიას ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ და ის 9 დეკემბერს, კლინიკაში დაიღუპა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, სამმა ე.წ. სამართალდამცველმა მას სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც ის კლინიკაში, კომაში მყოფი გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული უმძიმესი ტრავმები სასიკვდილო აღმოჩნდა.
თემურ კირბაიას ოჯახის წევრები ასევე ყვებიან, რომ გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება - დაჟეჟილობა და მოტეხილობები.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმმა, საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა, თუმცა ისინი დაკავების უკანონო მცდელობას უარყოფენ.
“იქიდან გამომდინარე, რომ პროცესები ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში, ანუ ოკუპირებულ გალში განვითარდა, მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიების პროცესი”,- ამბობს სუს-ი.
საქართველოს მოქალაქის რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დაღუპვას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ელემენტარული უფლებების აშკარა დარღვევის ტრაგიკული შეხსენება” უწოდა.
თემურ კირბაიას დაღუპვაზე განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც გააკეთა და თქვა, რომ “ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ოკუპაციის სიმძიმეს, გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, ოკუპაცია რაც შეიძლება მალე დასრულდეს”.
ამ ეტაპზე, ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი მედია თემურ კირბაიას შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. უცნობია, დააკავეს თუ არა თემურ კირბაიას მკვლელობაში მონაწილე ე.წ. სამართალდამცავებიც.
0 კომენტარი