პატიმრობაში მყოფმა ჟურნალისტმა და „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორმა მზია ამაღლობელმა 38 დღის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა, ამის შესახებ მისმა კოლეგამ ეთერ თურაძემ 18 თებერვალს კლინიკა „ვივამედიდან“ ამაღლობელის მიერ გამოგზავნილი წერილის წაკითხვისას განაცხადა.
"ბათუმში, "ოცნების ქალაქში" მომხდარი ტრაგედიის, ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე, ჩემს ჯანმრთელობას და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა, წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის", – წერს ამაღლობელი. "ამ დღეებში, ექიმების დახმარებით შევეცდები როგორმე შევძლო კვების აღდგენა".
ამაღლობელმა მადლობა გადაუხადა თემურ ქათამაძესა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს, რომლებიც სოლიდარობის ნიშნად ასევე შიმშილობენ, და მათაც შიშმილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
"განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი თანამოაზრეების, კოლეგების, მეგობრებისა და ოჯახის მიმართ. არ მინდა ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ. თქვენ ჩემს ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ", – წერს იგი.
ამაღლობელის შიმშილობას არაერთი მოწოდება მოყვა მისი ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების, ასევე მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რომლებიც მას შიმშილობის შეწყვეტას სთხოვდნენ.
"მზიას მადლობა! მზიას მხნეობა! მზიას ჯანმრთელობა და ღირსებისთვის ბრძოლაში გამარჯვება!", – დაწერა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს და პოლიციელზე თავდასხმის ბრალი წაუყენეს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მზია ამაღლობელის საქმის შემდეგი სასამართლო სხდომა 4 მარტს არის ჩანიშნული.
წყარო: civil.ge
0 კომენტარი