"გლობალნიუსის" შეკითხვაზე "ბოლო 1,5 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების მიერ დაფიქსირებული, როგორც თავად ამბობენ, პრაგმატული პოლიტიკა რუსეთის მიმართ რამდენად შესაძლებელი ან ეფექტური სტრატეგიაა საქართველოსთვის, აშშ-ის ელჩი ეუთოში მაიკლ კარპენტერი პასუხობს, რომ "თავისი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია". ამავდროულად, ელჩი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია "პრინციპული მიდგომა და მკაფიო პოზიციის ჩამოყალიბებაც".
"საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, ჩამოაყალიბოს თავისი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, გასაკუთრებით ისეთ მეზობელ სახელმწიფოსთან მიმართებაში, როგორიც რუსეთია. თუმცა ვიტყვი, რომ ეს ძალიან გასაგებია. ქვეყნებს სურთ იყვნენ ფრთხილები გაითვალისწინონ რისკის ფაქტორები, როდესაც საქმე ისეთ არასტაბილურ და აგრესიულ ქვეყანას ეხება, როგორიც რუსეთის ფედერაციაა ბოლო 15 წლის განმავლობაში, თუ მეტი არა.
ამავდროულად, პრინციპული მიდგომა და მკაფიო პოზიციის ჩამოყალიბებაც მნიშვნელოვანია.
საქართველო ძალიან მკაფიოა ეუთოში უკრაინაში ომიდან გამომდინარე საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციასთან დაკავშირებით. საერთოდ არ არსებობს შეკითხვა, რა პოზიციაზეა საქართველო ეუთოში და ეს დასაფასებელია",-ამბობს დიპლომატი.
შეკითხვაზე, საქართველოში გააქტიურებულ ანტიდასავლური ნარატივის რისკებთან დაკავშირებით, დიპლომატი ამბობს, რომ "საქართველოში არიან აქტორები, რომლებიც აშკარად ცდილობენ დასავლეთის იმიჯის შელახვას"
მაიკლ კარპენტერი: "მე ვიცი, რომ არსებობს უამრავი ანტიდასავლური პროპაგანდა, ბევრი ნარატივი სოციალურ მედიაში, მათ შორის, ტრადიციული მედიის საშუალებითაც და ყოველთვის არ არის ნათელი, საიდან მოდის ის. თუმცა ცხადია, რომ
საქართველოში არიან აქტორები, რომლებიც აშკარად ცდილობენ დასავლეთის იმიჯის შელახვას.
საქართველოში არსებობენ აქტორები, რომლებიც ცდილობენ გაალამაზონ არა იმდენად, ვთქვათ, რუსეთის ფედერაციის იმიჯი, ნარატივი ამაზე უფრო ნიუანსურია. ვფიქრობ, გაბატონებული ნარატივია რუსეთის მხრიდან მომავალი, რომ რუსეთი არის მეზობელი, რომელიც არ აპირებს წასვლას და საქართველო უნდა მოერგოს რუსეთის ინტერესებს, რადგან ასე იყო და იქნება ყოველთვის. ეს (მიდგომა) ცდილობს შეამციროს მყარი მხარდაჭერა თქვენი ინტეგრაციის და ჩვენი ატლანტიკური პრინციპებისა და ღირებულებების მტკიცე მხარდაჭერა, რაც დიდი ხანია საქარველოსა და ქართული პოლიტიკის დამახასიათებელი ნიშანია. ასე რომ, ჩვენ ვხედავთ ამ დეზინფორმაციას და მას აქტიურად უნდა ებრძოლო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იწყებს თავისთავად ცხოვრებას".
0 კომენტარი