www.globalnews.ge-სთან ინტერვიუში, “რონდელის ფონდის” ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი საქართველოს მთავარ საკათედრო ტაძარში სტალინის გამოსახულებიანი ხატის განთავსების მიზეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ “სტალინიზმის რეინკარნაციის სურვილი დღეს მხოლოდ რუსულ ინტერესებშია”.
“თუ დღეს სადმე სტალინიზმის რეინკაკრნაცია ხდება, ეს მხოლოდ რუსეთია. პუტინის დღევანდელი რუსეთი აგებულია მცდელობაზე, კვლავ შექმნას ხატი ქვეყნისა, რომელსაც შეუძლია შიშის ზარს სცემდეს საერთაშორისო საზოგადოებას. ამიტომაც ხდება სტალინის კულტივირება. სტალინის კულიტივირება არის მცდელობა, რომ საერთო იდეოლოგიური საწყისები კვლავ გაჩნდეს და ის გავრცელდეს იმ მეზობელ სახელმწიფოებში, სადაც რუსეთი მიიჩნევს, რომ მისი ლეგიტიმური გავლენების სფეროს წარმოადგენს. მცდელობაა, რომსაერთო საძირკველი კვლავ შეიქმნას და ქვეყნებმა მარტივად დაინახონ რუსეთთან საერთო. ყველა ჯგუფი, რომელიც ცდილობს სტალინის საზოგადოებაში გამოჩენასა და მის დამკვიდრებას, ასე თუ ისე, სიმპათიებით არიან განწყობილნი რუსეთის მიმართ”, - აღნიშნავს ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი. ული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი
მისივე თქმით, ფაქტი, რომ საპატრიარქომ “ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, მანიშნებელია, რომ ეკლესიაში რუსული გავლენა მყარად არ შესულა”.
“საპატრიარქომ სწრაფად დაიხია უკან, რადგან დაინახა, რომ თუ ეს დისკუსიები გაგრძელდებოდა, საზოგადოება უფრო ღრმად ჩავიდოდა ამ დისკუსიაში და ის მანკიერი საფუძვლები გამოჩნდებოდა, რაზეც ეს ქმედებაა დამყარებული და რომლის გამოც მოხდა ეს ყველაფერი. ფაქტი, რომ ეკლესიამ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, რაც ნიშნავს, რომ მთლიანად ეკლესიაში რუსული გავლენა მყარად არ შესულა, მაგრამ ცდილობს იქ ფეხი მოიკიდოს. როგორც ჩანს, ეკლესიის შიგნით არსებობს ალტერნატიული ხმები და შეხედულებები, მაგრამ ცდილობენ ეს შიდა დისკუსიები არ გამოიტანონ, თუმცა, ალბათ, მსგავსი განხილვა საპატრიარქოს შიგნით იყო. არ არის გამორიცხული, რომ ეს გახლდათ ჰიბრიდული ოპერაცია, რათა მრევლში ან სტალინის მიმართ დამოკიდებულება დაეტესტათ, ან მსგავსი გავლენების გასავრცელებლად პირველი ნაბიჯი გადაიდგა. ჩვენ სტალინზე ვამახვილებთ ყურადღებას, თუმცა საბოლოოდ, ხატს გამოიტანენ, სტალინს ამოშლიან და მას ისევ უკან დააბრუნებენ. ეს ხომ რუსი წმინდანის ხატის ჩვენს საკათედრო ტაძარში შეყვანას ნიშნავს?! თავად ეს ფაქტი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაძლოა, ჰიბრიდული ოპერაცია იმდენად სტალინს არ ეხებოდეს, რამდენადაც რუსი წმინდანების ჩვენს ეკლესიაში მაქსიმალურად შემოყვანას. რუსეთი ჩვენთან დაახლოების გზებს ეძებს. კულტურული ელემენტებით დაახლოება ვერ ხორციელდება, რადგან რუსეთის წიაღში ყოფნის 200-წლიანი ისტორიის მანძილზე, საქართველომ რუსული კულტურა არ მიიღო - რუსეთზე გატარებული ევროპული კულტურა მიიღო და როდესაც რუსეთმა საქართველო დატოვა, ჩვენთან დარჩა ევროპული არქიტექტურა, ევროპული ჩაცმულობა, ლიტერატურა, მუსიკა, ჩვევები. კულტურულად ჩვენ სწრაფად დავშორდით ერთმანეთს, დარჩა მხოლოდ მართლმადიდებლობა, როგორც არგუმენტი, რომ საერთო რელიგია გვაქვს. სწორედ ამით ცდილობენ ჩვენთან დაკავშირებას. ამიტომ რუსი წმინდანების შემოყვანა და მათი მოღვაწეობის გაცნობა ჩვენი მრევლისთვის, ეს გავლენის ოპერაციას ჰგავს”, - ამბობს Globalnews.ge-სთან ინტერვიუში ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი.
0 კომენტარი