25 დეკემბერს, კათოლიკური და ნაწილობრივ მართლმადიდებლური სამყარო ქრისტესშობის დღესასწაულს აღნიშნავს. 7 იანვრის ნაცვლად, 1917 წლის შემდეგ პირველად, უკრაინაც წელს პირველად დაუბრუნდა შობის დღესასწაულის 25 დეკემბერს აღნიშვნის ტრადიციას. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოქალაქეებს პიერ-პეჩორის ლავრის მონასტრიდან მიმართა და აღნიშნა, რომ უკრაინა “ომის დასრულებისა და გამარჯვებისთვის ლოცულობს”.
ომის დასრულებასა და მშვიდობის აუცილებლობაზე ისაუბრა საშობაო წირვა-ლოცვისას რომის პაპმა ფრანცისკემ. „დღეს ჩვენი გული ბეთლემშია, იქ, სადაც მშვიდობის პრინცი კვლავ უარყოფილია ომის ამაო ლოგიკით, შეიარაღებული დაპირისპირებით, რომელიც დღესაც ხელს უშლის მას სამყაროში ადგილის პოვნაში” - აღნიშნა რომის პაპმა ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გამართული საშობაო წირვისას.
საშობაო ღვთისმსახურება აღევლინა თბილისის ღვთისმშობლის ამაღლების, ბათუმის სულიწმინდის სახელობის კათოლიკურ ეკლესიასა და საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაშიც.
განცხადება გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც შობის დღესასწაული მიულოცა ყველას, ვინც მაცხოვრის დაბადებას დღეს ზეიმობს”. "განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს თანამოქალაქეებს, სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიების მრევლს! საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია კონფესიათა ჰარმონიული თანაცხოვრებისა არა მხოლოდ გვეამაყება, არამედ ერთ–ერთი მთავარი ნიშანია იმისა, რომ ჩვენ, როგორც ერი, ოდითგანვე ვიზიარებდით ევროპულ ღირებულებებს”, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
0 კომენტარი