რუსა მაჩაიძე

 

პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ, რადგან მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, იურიდიულ პირებს პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემა აეკრძალათ. პარლამენტმა დაჩქარებული წესით უკვე დაამტკიცა ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონსა და „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულების აუცილებლობით ხსნის. სპეციალისტები კი მას ფორმალობად აფასებენ, რომელიც ვერცერთ პრობლემას მოაგვარებს, რადგან შესაბამისი პოლიტიკური ნება არ არსებობს.

 

რა და როგორ შეიცვალა?

 

მიღებული პაკეტი რეალურად ორ ცვლილებას ითვალისწინებს - ერთი ეხება იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვას და მეორე ამცირებს პარტიების მიერ გასაწევი ხარჯების ზედა ზღვარს.
კანონის აქამდე მოქმედი ნორმის თანახმად, პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისგან მიღებული შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს, ხოლო თითოეული იურიდიული პირისაგან მიღებული შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა ყოფილიყო 120 000 ლარზე მეტი.
ახალი ნორმით იურიდიულ პირებს საერთოდ აეკრძალათ პარტიების დაფინანსება და შესაბამისად, პარტიები დარჩნენ მხოლოდ ფიზიკური პარტიების მიერ გაღებული შემოწირულობის და ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების იმედზე, რასაც ყველა პრტია ვერ იღებს.
აღსანიშნავია, რომ თავის დროზე იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსება მაშინდელმა მმართველმა პარტიამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წლიდანაც აკრძალა, 2011 წლის ბოლის მიღებული საკანონმდებლო ცვლილებით, რომელიც საკმაოდ ხმაურიანი პროცესი იყო და არასამთავრობო ორგანიზაციები ურჩევდნენ, ეს ცვლილება არ მიეღო, რადგან აშკარა იყო, რომ მაშინ პოლიტიკაში ახლადგამოჩენილი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კეთდებოდა. ცვლილება მაშინაც დაჩქარებული წესით მიიღეს და თან ისე, რომ აკრძალვის ცვლილება პროექტში სხვანაირად იყო ფორმულირებული და გამოქვეყნებულში სხვანაირად, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ მაშინდელმა მმართველმა პარტიამ კანონში ცვლილება პროცედურის და კონსტიტუციის დარღვევით შეიტანა. თუმცა, ხელისუფლებამ მაშინ თავი „რედაქციული შეცდომით“ ახსნა.
მეორე ცვლილების თანახმად კი, შემცირდა პარტიების მიერ წლიურად გაწეული ხარჯების ზედა ზღვარი. აქამდე ეს ზღვარი იყო ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.5%, მიღებული ცვლილებით კი ეს ზღვარი მშპ-ის 0.4%-მდე შემცირდა.
უნდა ითქვას, რომ არც ამ ზღვარის შემცირებაა ახალი. შარშანდლამდე ეს ზღვარი მშპ-ის 1% იყო და 2022 წლის დეკემბერში მიღებული ცვლილებით 0.5%-მდე შემცირდა.

 

ხელისუფლების არგუმენტი - რითი ხსნის ხელისუფლება მიღებულ ცვლილებებს

 

ამ ცვლილებებს “ქართული ოცნება” ევრორეკომენდაციებით ხსნის და აღნიშნავს, რომ ეს ქვეყანას “დეოლიგარქიზაციისთვის” სჭირდება.
ცვლილებების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილებების მიზანი ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს გამოქვეყნებული 9 რეკომენდაციის შესრულებას უკავშირდება და კონკრეტულად „დეოლიგარქიზაციის“ მუხლშია მითითებული. „ვენეციის კომისიამ 2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებულ საბოლოო დასკვნაში "დეოლიგარქიზაციის შესახებ" რეკომენდაცია გასცა იურიდიული პირების მიერ შემოწირულობების აკრძალვის თაობაზე“ - წერია განმარტებით ბარათში.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით კი, არსებობს რისკები, რომ იურიდიული პირების მეშვეობით მოხდეს ფიზიკური პირებისთვის დაწესებული ზღვარის გვერდის ავლა და აღნიშნული ცვლილება ამისთვის იყო საჭირო.
“ადვილია, დააარსო იურიდიული პირი, რამდენიმე დააარსო და შემდეგ ის ჭერი, რაც არის დადგენილი, გადაანაწილო და გააკეთო შემოწირულება“ - განაცხადა მან ჟურნალისტებთან სა საკითხის კომენტარისას.
დაჩქარებული წესით მიღების მიზეზი კი, როგორც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, არის ის, რომ „აქტიური საარჩევნო წელიწადი მოდის. რეკომენდაციის დროულად შესრულებაც მნიშვნელოვანია და კანონში ცვლილებების დაჩქარებას მხოლოდ ეს მიზეზი აქვს“.

 

ევროკავშირის რეკომენდაცია და „ვენეციის კომისიის“ დასკვნა

 


როგორც ზემოთ ითქვა, ეს ცვლილება ევროკავშირის რეკომენდაციებს (კონკრეტულად 8 ნოემბერს ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9-პუნქტიან დათქმას) უკავშირდება და წარმოდგენილია როგორც დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის ნაწილი.
დეოლიგარქიზაციის საკითხი, რასაც მმართველი პარტია ამ ცვლილების მიღების მიზეზად ასახელებს, 2022 წლის ივნისიდანაა აქტუალური, როცა ევროკავშირმა საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტი განსაზღვრა. ამ 12 პუნქტს შორისაა დეოლიგარქიზაციის საკითხიც.
შარშან მმართველმა პარტიამ კანონპროქტიც შეიმუშავა, რომელზეც „ვენეციის კომისიამ“ თქვა, რომ კანონპროექტის კონკრეტულ პირებზე მორგება პრობლემას ვერ აგვარებს და პრობლემის სისტემური გადაწყვეტა იყო საჭირო.
„დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე“ დასკვნა „ვენეციის კომისიამ“12 ივნისს გამოაქვეყნა. ამ დასკვნაში იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსების აკრძალვა რეკომენდაციებში ნახსენებიც კი არ არის. თუმცა, რეკომენდაციებამდე ტექსტში (32-ე პუნქტში) წერია, რომ „პოლიტიკაში "დიდი ფულის“ როლის შესამცირებლად და ოლიგარქიული გავლენებისგან დამოუკიდებელი პარტიებისა და კანდიდატების არჩევნებში მონაწილეობის გამარტივების მიზნით, პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესი უნდა გამკაცრდეს“. აქვე არის მითითებული მაგალითები, თუ ამისთვის რისი გაკეთებაა შესაძლებელი და სწორედ ამ მაგალითებს შორისაა ის, რომ „შესაძლებელია საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მაქსიმალური მიჯნის გამკაცრება, იურიდიული პირების მიერ შემოწირულებების აკრძალვა“ და სხვა.
ამასთან, ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ „აღსრულება საყოველთაო ხასიათის უნდა იყოს და არა სელექციური“; „იმპლიმენტაციის პროცესს დამოუკიდებელი სასამართლო უნდა აკონტროლებდეს“ და „მხოლოდ მსგავსი გამჭვირვალე, დამოუკიდებელი კონტროლით გახდება შესაძლებელი პოლიტიკური მიკერძოების შესახებ არსებული ეჭვების გაქარწყლება“.
ამ დასკვნიდან ცოტა ხანში, ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ შეიმუშავა დეოლიგარქიზაციის შესახებ სამთავრობო გეგმა, რომლის მიზანიც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში გადაჭარბებული გავლენის არიდებაა. თუმცა, ეს დოკუმენტი არ გასაჯაროებულა და ითქვა, რომ ის ევროკომისიას გადაეგზავნა. მალევე ისიც გაცხადდა, რომ ეს გეგმა 7 პუნქტს მოიცავდა და პარტიების დაფინანსებასა და ხარჯების ზღვართან დაკავშირებული ცვლილებებიც იყო გათვალისწინებული.
ნოემბერში ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატობის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია „9 დათქმით“ გასცა და ამ დათქმებშია დეოლიგარქიზაციის საკითხიც, რომელიც უკვე მთავრობის მიერ გაგზავნილი გეგმის თანახმად, სხვა საკითხებთან ერთად პარტიების დაფინანსების ნაწილსაც მოიცავს. შესაბამისად, ახლა მნიშვნელოვანია, ეს ცვლილებები უზრუნველყოფს თუ არა რეალურ ცვლილებებს და ევროკავშირი რამდენად ჩათვლის მას პრობლემის გადამჭრელ, თუნდაც ერთ-ერთ პირობად.

 


რას შეცვლის რეალობაში ახალი ნორმები

 

ამ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპოზიციაზე რომ არაფერი ვთქვათ, არასამთავრობო სექტორს და სპეციალისტებს საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვთ, არსებული რეალობიდან გამომდინარე.
რაც შეეხება ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას, ეს დამოკიდებულია პარლამენტის არჩევნებზე მიღებული ხმების რაოდენობაზე. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს ცესკო-ში რეგისტრირებული ის პარტია, რომელიც საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1% მაინც მიიღო. დაფინანსება განისაზღვრება პარლამენტის ბოლო არჩევნებში პირველი 50,000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისთვის 15 ლარის, ხოლო თითოეული შემდგომი მიღებული ნამდვილი ხმისთვის − 5 ლარის ოდენობით. ასევე გათვალისწინებულია დანამატი განსხვავებული სქესის წარმომადგენელთათვის - პარტია, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, დამატებით კიდევ მიიღებს სახელმწიფო დაფინანსების 30%-ს, თუ ამ პარტიის ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი იყო.
გარდა ამისა, ასევე გათვალისწინებულია უფასო სარეკლამო დრო, რაც პარტიის არაპირდაპირ დაფინანსებად ითვლება და ეს მხოლოდ საარჩევნო პერიოდში მოქმედებს, რადგან არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამა აკრძალულია.
2022 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმადაც პოლიტიკური პარტია კარგავს ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა.
კანონში შეტანილი აღნიშნული ცვლილებებით, ორმა პარტიამ - „საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ” და პარტიამ „ლელო საქართველოსათვის”, 2022 წლის 1 მარტიდან სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება დაკარგა.
ყოველი წლის 1 თებერვლამდე პოლიტიკური პარტიები ვალდებული არიან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინონ წინა წლის შემაჯამებელი ფინანსური ანგარიშგებები, რომლებიც 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე ქვეყნდებოდა. 1-ლი სექტემბრიდან კი ეს ინფორმაცია უნდა გამოაქვეყნოს ახლადშექმნილმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (სხვა საკითხია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ რაც ეს ფუნქცია ამ ორგანოს გადაეცა, პარტიების დაფინანსების შესახებ ინფორმაციის მიღება, რომელიც მათ ვებგვერდზე უნდა ქვეყნდებოდეს, მუდმივად პრობლემურია, რადგან საიტი მუდმივად ხარვეზებით მუშაობს და სათანადო ინფორმაცია, უბრალოდ, არ იძებნება).
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ყოველწლიურად აქვეყნებენ პარტიების მიერ მიღებული და დახარჯული ფინანსების შესახებ ინფორმაციას. ბოლო მონაცემების - 2022 წლის შესახებ კვლევა გამოქვეყნებული აქვს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (2023 წლის შესახებ პარტიებს დეკლარირება ჯერ არ გაუკეთებიათ), სადაც ნათქვამია შემდეგი:
• შესწავლილმა 16-მა პარტიამ ჯამურად 16,927,785 ლარის ოდენობის შემოსავალი (საბიუჯეტო დაფინანსება, შემოწირულობა, საბანკო სესხი) მიიღო და 16,047,245 ლარის ხარჯი გაწია, რაც 2021 საარჩევნო წელთან შედარებით 2.5-ჯერ ნაკლებია. ყველა პარტიის შემოსავლების 37% (6,191,423 ლარი) და ხარჯების 39% (6,281,984) „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა;
• პოლიტიკური პარტიების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 76% (12,925,153 ლარი) სახელმწიფო დაფინანსებაზე მოდიოდა, 24% (4,002,632) კი - კერძოზე (შემოწირულობა, საბანკო სესხი). 16-დან 8 პარტიის შემოსავლების 90%-ზე მეტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება შეადგენს;
• 16 პოლიტიკური პარტიიდან მხოლოდ 8 პარტიამ, მიიღო შემოწირულობა (აქედან ორმა – 1000 ლარზე ნაკლები). პარტიებმა სულ 2,656,066 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღეს, რომლის 39% (1,036,000 ლარი) „ქართული ოცნებაზე“ მოდიოდა.

 

მოაგვარებს თუ არა პრობლემას მიღებული ცვლილებები?

 


ფაქტია, რომ იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ფიზიკური პირების მიერ გაღებული შემოწირულობა თუ ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება. ამასთან, ისიც ფაქტია, რომ პარტიების ხარჯები მშპ-ს ზღვარს ვერც კი უახლოვდება. შესაბამისად გამოდის, რომ ეს ცვლილებები პარტიებს დაფინანსების კუთხით პრობლემებს არ უქმნის, მაგრამ მეორე საკითხია, მოაგვარებს თუ არა იმ პრობლემებს, რისთვისაც იქნება მიღებული. ამაზე კი სპეციალისტებს საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვთ. არასამთავრობო სექტორში მიუთითებენ, რომ მთავარი პრობლემები მაკონტროლებელი მექანიზმების სისუსტე და დაუსჯელობის სინდრომია, რაც „შავი ფულის“ ტრიალს უწყობს ხელს, ეს კი ამ ცვლილებებით კი არა, პოლიტიკური ნებით უნდა მოგვარდეს.
„ამ ცვლილების მიღება დეოლიგარქიზაციის კუთხით მთავრობის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში მოხდა. თავდაპირველად, როდესაც ე.წ. დეოლიგარქიზაციის კანონი შემუშავდა ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის ფარგლებში, მაშინ „ვენეციის კომისიამ“ შეაფასა ეს კანონპროექტი და თქვა, რომ კანონპროექტი ინდივიდუალურ მიდგომას აჩვენებს. პოლიტიკაში ფულის გავლენის შესამცირებლად კი მთავრობას ურჩია, ინდივიდუალური მიდგომიოს ნაცვლად, სისტემური მიდგომა გამოეყენებინა. სისტემურ მიდგომაში კი, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება იგულისხმება - თუ კანონმდებლობაში რაიმეა შესაცვლელი, ის უწყებრივ და პოლიტიკის დონეზე შეცვალე და რაიმე სპეციფიური კანონი არ მიიღოო. რაც შეეხება „ვენეციის კომისიის“ დასკვნას, იყო რეკომენდაცია, რომ პარტიების დაფინანსების კუთხით შესაძლებელია, ეს ნაბიჯები გადაიდგას. ანუ, ეს იყო ზოგადი რეკომენდაცია - თუ გინდა, რომ გავლენები შეამცირო პოლიტიკაში, როგორც წესი, რა ნაბიჯები იდგმება ხოლმე. ეს ამ კუთხით იყო წარმოდგენილი და ნათქვამი იყო, რომ შეიძლება შემცირდეს ხარჯებზე დაწესებული ზედა ზღვარი და ასევე აიკრძალოს იურიდიული პირების მხრიდან გაღებული შემოწირულობები. ვიმეორებ, ეს იყო მაგალითად და ამ რეკომენდაციას სჭირდებოდა გარკვეული მორგება საქართველოს კონტექსტზე. ამათ კი პირდაპირ გადმოიტანეს, რაც ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, იმ პრობლემებს, რისი მოგვარება არის გაცხადებული, ანუ პოლიტიკაში უკონტროლო ფულის არსებობა, ვერ მოაგვარებს“ - ამბობს ჩვენთან საუბრისას „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ლევან ნატროშვილი, რომელსაც პარტიათა შემოწირულებების თემაზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
ის აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ „ვენეციის კომისიის“ რეკომენდაციებში პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსების გაზრდის რეკომენდაციაც იყო, მაგრამ ხელისუფლებამ ეს არ გაითვალისწინა, რაც შესაძლოა, უკეთესი გამოსავალი ყოფილიყო პრობლემის მოსაგვარებლად.
„სხვათა შორის, იქ ასევე ეწერა, რომ გაიზარდოს ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსებაო, მაგრამ ამას არ შეეხნენ. ანუ, ეს ორი საკითხი ერთმანეთთან ბმაშია. რეალურად შენ თუ დაფინანსების ერთ წყაროს კეტავ, მაშინ ეს რაღაცნაირად უნდა ანაზღაურდეს და შესაბამისად, ამ რეკომენდაციაში ლოგიკა იყო - იურიდიული პირების შემოწირულობა აკრძალე, მაგრამ სამაგიეროდ გაზარდე ბიუჯეტიდან დაფინანსებაო, მაგრამ აქ ჩვენ რასაც ვხედავთ, არის ის, რომ იურიდიულ პირებს აუკრძალეს დაფინანსება, მაგრამ სახელმწიფო დაფინანსება არ გაზარდეს. აქ პრობლემა არის ის, რომ შაბლონად გადმოიტანეს რეკომენდაციები და რაც მთავარია, საქართველოს კონტექსტზე არ არის მორგებული. საქართველოში იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვა არაფერს არ ცვლის, რადგან ჩვენთან იურიდული პირები, როგორც წესი, საკუთარი სახელით იშვიათად წირავენ... ამ კუთხით მთავარი პრობლემა ის კი არ იყო, რომ იურიდიულ პირებს ჰქონდათ უფლება, შეეწირათ, არამედ ის, რომ ხშირად გაუგებარი ქეისები არის ხოლმე, როდესაც ადამიანები მმართველ პარტიას სისტემატურად დიდ თანხებს სწირავენ, მათი ან მათთან დაკავშირებული კომპანიები პირდაპირ ან ირიბად იღებენ რაღაც სიკეთეებს სახელმწიფოსგან, როგორიც არის შესყიდვების კონტრაქტები, სახელმწიფო ქონება და ა.შ.
აქ ჩნდება სწორედ პოლიტიკური კორუფციის ეჭვი, რასაც სამწუხაროდ, ვერ სწავლობენ ან არ სწავლობენ შესაბამისი ინსტიტუტები საქართველოში“ - ამბობს ლევან ნატროშვილი.
ის აქცენტს აკეთებს იმაზეც, რომ არც პარტიების მიერ ხარჯების ზედა ჭერის შემცირება ცვლის რაიმეს.
„აქაც თუ შევხედავთ, დიდი არაფერი იცვლება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე მეორეჯერ ხდება ამ ჭერის შემცირება. წინა წლის ბოლოს მშპ-ის 1%-დან 0.5%-მდე შემცირდა და ახლა კიდევ მოაკლდა. დიდი გავლენა არც ამას არ ექნება, რადგან მაინც საკმაოდ მაღალი გამოდის ამ ხარჯების ზედა ჭერი ამდენს უბრალოდ ვერავინ ხარჯავს. 2023 წლის მონაცემებს თუ ავიღებთ, ჯერ კიდევ არსებული რეგულაციით, დაახლოებით, 36 მილიონი ლარი გამოდის და ახლით, დაახლოებით, 29 მილიონი ლარი იქნება. ეს მაინც საკმაოდ დიდი თანხაა, რადგან როგორც წესი, მმართველი პარტია ხარჯავს ხოლმე ყველაზე დიდ თანხას და წინა არჩევნებზე 25 მილიონის ფარგლებში დახარჯა. შესაბამისად, ამ ზღვარს ვერ გადააჭარბებს, მით უმეტეს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის ეს ზღვარიც 29 მილიონზე მეტი იქნება. შესაბამისად, ეს მექანიზმი ვერ იქნება შემზღუდველი და პირველ რიგში „ქართული ოცნებისთვის“, რადგან ამხელა თანხა სხვა პარტიებს ვერც კი დაესიზმრებათ. ამიტომაც, რაიმე არსებითი გავლენა არც ამ ცვლილებას ექნება, გაცილებით მეტად უნდა შემცირებულიყო, პარტიებისთვის რეალურად შემზღუდველი რომ ყოფილიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს უკვე თავად მმართველ პარტიას არ აწყობდა,“ - ამბობს ლევან ნატროშვილი.
რაც შეეხება იმას, რომ რა უნდა გაკეთებულიყო ან რა უნდა გაკეთდეს, რათა პოლიტიკაში დიდი ფულის გავლენა ანუ დეოლიგარქიზაციის პრობლემა მოგვარდეს, „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ რეალური ცვლილებისთვის მთავარი პოლიტიკური ნება არ არსებობს.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *