globalnews.ge-სთან ინტერვიუში, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება უფრო “მეტ ფლირტშია, რუსეთთან, ვიდრე ევროკავშირთან, თუ პირდაპირ მოსკოვიდან არ იმართება”. ის პროპაგანდისტულს უწოდებს მმართველი ძალის რიტორიკას რუსეთთან ე.წ. პრაგმატული პოლიტიკის წარმოებასთან დაკავშირებით.

“ეს არის მარტივი პროპაგანდისტული ფორმა, რომელიც “ქართული ოცნების” გამოგონილი კი არ არის, სტანდარტია ავტორიტარულად ფუნქციონირებადი სახელმწიფო ფორმისთვის - შენ უნდა შეაშინო მოქალაქე და შემდეგ შეშინებული მოქალაქე უნდა მართო. 2012 წელს, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, პოლიტიკური დღის წესრიგი პოზიტივზე გვქონდა აგებული. ეს შეიცვალა და გახდა - გეშინოდეთ ნაციონალური მოძრაობის! ნაციონალური მოძრაობის შემდეგ და უკრაინის ომის ფონზე, გაჩნდა შეშინების ახალი პარადიგმა, რომ თითქოს ჩვენ ომს უნდა ავარიდოთ თავი. ამ შემთხვევაში, აბსოლუტურ სურიალიზმზეა ლაპარაკი, რადგან, რეალურად, დასავლეთი ჩვენ გვაიძულებს ომს კი არა, უკრაინას არ ეხმარება ისე, როგორც უნდა ეხმარებოდნენ. შინაარსს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია მუდმივად ილაპარაკო შიშზე. ამით უნდათ თავიდან აიცილონ მოქალაქის ნებისმიერი მოთხოვნა და რა თქმა უნდა, ცვლილებები”.

მისივე განცხადებით, ამავე მმართველობის ფორმაა ყველა ჯგუფის მიმართ თავდასხმები, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ.

“ინსტიტუტების დეგრადაცია და შესუსტება, ესეც ავტორიტარული მმართველობის ფორმის კლასიკაა - ყველა ცუდია და მათ შორის, ჩვენც ცუდი ვართ, თუმცა ამ შემთხვევაში, ადამიანზე მუშაობის საინტერესო ფორმაა: ყველა ცუდია, მედია, ეკლესია, არასამთავრობო ორგანიზაცია... მთავრობაც ცუდია, ინსტიტუტებიც ცუდია, მაგრამ შენ ხომ შეშინებული ხარ და ცვლილება არ გინდა, მოდი, დარჩეს ისე, როგორც არის”, - ამბობს ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

ამ ფონზე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს, ყოფილი პრეზიდენტი გეოპოლიტიკურ კონტექსტში განიხილავს და მიიჩნევს, რომ დასავლეთი პოსტ-პუტინური პერიოდისთვის ემზადება.

“ევროპელებმა იციან, რომ უკრაინა მოიგებს და იციან ისიც, რომ ამის ფონზე რუსეთში სერიოზული ცვლილებები განხორციელდება. ეს გავლენას მოახდენს მეზობელ ქვეყნებზე და ახალი პოლიტიკური მიჯაჭვულობის ცენტრები გაჩნდება. მაგალითად, ბელარუსი ბუნებრივად პოლონეთსა და უკრაინას დაუკავშირდება, მოლდოვა - რუმინეთსა და უკრაინას, აზერბაიჯანი უკვე მჭიდროდაა თურქეთთან, შუა აზია - ჩინეთთან. ორი ქვეყანაა, რომლის თაობაზეც კითხვის ნიშანი არსებობს და არ არის ჩამოყალიბებული, ვინ არის მათი მოკავშირე, ესაა საქართველო და სომხეთი. როგორც ჩანს, ამ ფონზე, ჩვენმა პარტნიორებმა დაიწყეს ფიქრი, მოემზადონ პოსტ-პუტინური პერიოდისთვის. სწორედ ამით ვხსნი ამ ნაბიჯს. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ დღის წესრიგს იზიარებს ან გააღრმავებს”, - განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა globalnews.ge-სთან ინტერვიუში. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *