globalnews.ge-სთან ინტერვიუში, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ველზე მიმდინარე პროცესებს აფასებს და აცხადებს, რომ პირადად მისი და დანარჩენი ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგი, განსხვავებულია.

“ოთხი წელიწადია ტემპერატურის აწევა მინდა, რადგან ვიცი, რომ მსგავსი ხელისუფლებები არ იცვლება უკეთესი საარჩევნო კანონით, ან უკეთესი საარჩევნო პროგრამით, ან უკეთესი ბანერით, არამედ, იცვლება შესაბამისი მუხტით. რასაც მე ვუყურებ ოპოზიციაში, ძირითადად, პარლამენტში კანონების წერა უნდათ, ამიტომ მე და დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს განსხვავებული დღის წესრიგი გვაქვს. როგორი იდეალური კანონმდებლობაც არ უნდა შეიქმნას, არამგონია, ავტორიტარული რეჟიმები რეალურად ამ გზით იცვლებოდეს”. 

ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, დღევანდელი ვითარება 80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა სქართველოს აგონებს.

“დაახლოებით, იგივე ვითარებაში ვართ, როდესაც ხალხს კომუნისტური პარტიის ცვლილება სურდა. ოპოზიცია ამბობს, ხელისუფლებამ მოიპარა არჩევნებიო და შემდეგ მათთან ერთად დასვეს პარლამენტში, არადა, ინტუიტიურად სწორ გზაზე იდგნენ. უკრაინის ომის შემდეგაც სწორად აფასებდნენ, როდესაც ამბობდნენ, მოსკოვიდან მართული ხელისუფლება ხართო. ახლა კი, პარალელურად, პარლამენტში იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვიდან მართულს ვისაც ეძახიან ის უმრავლესობაშია, მათთან ერთად უკეთესი კანონმდებლობის მიღებას აპირებენ”, - ამბობს გიორგი მარგველაშვილი. მისივე განცხადებით, ოპოზიციაში "შიდა საუბრები" გეგმებზე დაწყებულია. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *