ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში, 123-ე პუნტქად მითითებულია, რომ “დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირება და მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული რეფორმები ქვეყნის პრიორიტეტად უნდა დარჩეს. საბჭო ხაზს უსვამს, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუციის, განსაკუთრებით სასამართლოს, პროკურატურისა და საფინანსო ინსტიტუტების სრული დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს და უზრუნველყოფილი იყოს.
რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში საქართველოს შეახსენებენ, რომ დემოკრატიის განმტკიცებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მყარი კანონმდებლობა.
საბჭო ასევე მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესი, განსაკუთრებით 2024 წელს და სრულად გაითვალისწინოს ეუთო/ოდირის, ასევე, ევროპის საბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ წინა არჩევნებიდან მიღებული რეკომენდაციები.
მინისტრთა საბჭო "იმეორებს, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების სრული პატივისცემა, მათ შორის, მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის, აზრის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების და ლგბტ პირების დაცვა დაშინებისგან, ასევე, ძალადობისა და დისკრიმინაციისგან".
საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მტკიცედ რჩება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ერთგული.
დაკვნის ბოლოს კი ვკითხულობთ, რომ საბჭო "ხაზს უსვამს თავის ძლიერ მოლოდინს, რომ საქართველო არსებითად გაზრდის შესაბამისობას ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პოზიციებთან და შემზღუდველ ზომებთან, მათ შორის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების შესაბამისად. ევროკავშირის მინისტრთა საბჭო საქართველოს მოუწოდებს განაგრძოს კარგი თანამშრომლობა ევროკავშირთან შემზღუდავი ზომების კუთხით, მათ შორის, რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ მიმართული ზომების გვერდის არიდების თავიდან ასაცილებლად".
0 კომენტარი