ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ გაფართოების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ “საბჭო ითვალისწინებს კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშს საქართველოს შესახებ და მის რეკომენდაციას და მოუთმენლად ელის ამ საკითხზე ევროსაბჭოს მომავალ განხილვას”.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ “საბჭო მოუწოდებს საქართველოს გამოავლინოს მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ღირებულებების მიმართ, განაგრძოს პროგრესი რეფორმების დღის წესრიგში და შეასრულოს კომისიის მიერ განსაზღვრული პირობები ინკლუზიურად, მნიშვნელოვნად და შეუქცევადად”.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ მინისტრთა საბჭო "დადებითად აფასებს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნამდვილ მისწრაფებებს ევროკავშირის წევრობისკენ და მიესალმება საერთო დადებით საკანონმდებლო ჩარჩოს, ინსტიტუციურ წყობასა და ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, დამკვირვებელ ორგანიზაციებს”. ტექსტში მითითებულია, რომ სწორედ ეს ინსტიტუციები “საქართველოს აძლევს მყარ საფუძველს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმების წინსვლისთვის”.
ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს გაფართოების შესახებ დასკვნაში აღნიშნულია, რომ გაცნობიერებულია “საერთო პროგრესი საჯარო მმართველობის რეფორმის, სახელმწიფო შესყიდვებისა და ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით”. დასკვნაში მითითებულია მოწოდებაც, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულება.
რაც შეეხება პოლიტიკური აქტორების როლს, “საბჭო მოუწოდებს საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს გამოავლინონ კონსტრუქციული თანამშრომლობა და დიალოგი, დაძლიონ პოლარიზაცია და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო გააღრმავოს პოლიტიკური დაძაბულობა და შეაფერხოს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და რეფორმების დღის წესრიგი”.
საბჭო ასევე შეახსენებს საქართველოს მის მიერ აღებულ ვალდებულებას უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მოქმედება, რათა მათ პოლიტიკის შემუშავების პროცესში აქტიური, ინკლუზიური და შინაარსიანი მონაწილეობა მიიღონ. იქვე მითითებულია, რომ სწორედ "ეს უზრუნველყოფს რეფორმების უფრო ეფექტურ და მდგრად პროგრესს ფუნდამენტურ სფეროებში, მათ შორის, კანონის უზენაესობის კუთხით.
მინისტრთა საბჭო ხაზს უსვამს დეზინფორმაციასთან და ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას და მოუწოდებს საქართველოს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას.
0 კომენტარი