აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი დღეს მოლდოვას ეწვევა, რაც მისი ხანმოკლე ევროპული ტურნეს პირველი გაჩერება იქნება. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ვიზიტი მიზნად ისახავს დასავლეთის მხარდაჭერის გაძლიერებას უკრაინის მიმართ ნატოს მოკავშირეებსა და მეზობელ ქვეყნებში.

აშშ-ის უმაღლესი დიპლომატის ვიზიტი უკრაინაში რუსეთის თავდასხმების გაძლიერეის ფონზე ხდება, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კი აცხადებს, რომ კიევის მიერ დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება გლობალურ კონფლიქტს გამოიწვევს.

კიშინიოვში ბლინკენი პრეზიდენტ მაია სანდუსა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება.

სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-ის უმაღლესმა დიპლომატმა ევროპის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენმა პარასკევს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები, სავარაუდოდ, მოლდოვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მხარდამჭერ „ძლიერ პაკეტს“ გამოაცხადებს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ევროპული ტურნეს ფარგლებში ბლინკენი ასევე ეწვევა ჩეხეთს, სადაც ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეკრებას დაესწრება, სადაც ყურადღება ივლისში ვაშინგტონში დაგეგმილი სამიტის მზადებაზე  გამახვილდება.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *