რუსა მაჩაიძე

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ბოლო წუთებამდე აცხადებდა, მთავრობაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმებაო, ორშაბათს, 29 იანვარს პრემიერმა ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. გადადგომის განცხადება თავად გააკეთა. შეგახსენებთ, რომ მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, პირველად, 2013 წელს, მას შემდეგ დაიკავა, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან პირველ ჯერზე წავიდა, თუმცა პოსტიდან წასვლა, 2015 წელს, მოულოდნელად მოუწია. მეორედ კი, უკვე 2021 წლის 18 თებერვალს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, ფაქტობრივად, სკანდალური გადადგომის შემდეგ, მთავრობის მეთაურად ხელახლა წარადგინეს.

უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ პრემიერის თანამდებობას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დაიკავებს, პარტიაში კი მას, უკვე ყოფილი პრემიერი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს, რაც 1-ელ თებერვალს დაგეგმილ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე, ოფიციალურად გაცხადდება. ვრცელდება ინფორმაცია მთავრობაში ღარიბაშვილის გუნდის - ჯანდაცვის, თავდაცვის, იუსტიციის და ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრების ჩანაცვლებაზეც.

რატომ ცვლიან პრემიერს?

დაახლოებით, ერთი თვის წინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში, ოფიციალურად, "მესამედ" დაბრუნდა და პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოსტიც დაიკავა, განაცხადა, რომ არც პრემიერისა და არც მთავრობის შეცვლა არ იგეგმებოდა. პარტიის განახლებული წესდების გამოქვეყნების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრის დასახელების უფლება სწორედ მას მიენიჭა, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა, ერთის მხრივ, მთავრობის ცვლილებების მოლოდინი და მეორე მხრივ ის ფაქტი, რომ ივანიშვილი საკუთარ გუნდს აღარ ენდობა. აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობით, პრემიერის კანდიდატურას ასახელებს პარლამენტში საუკეთესო შედეგის მქონე პარტია, ანუ, ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“. ამ პარტიის წესდებაში შეტანილი ცვლილებით კი აშკარა გახდა, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი თავის თავზე ოფიციალურად იღებს ფუნქციას, რაც პარტიას და მინიმუმ, პარტიის მმართველმა გუნდმა უნდა გადაწყვიტოს. 

“სამთავრობო ცვლილებებს მოგვიანებით ველოდი, მაგრამ ივანიშვილი საკმაოდ ფრთხილი კაცია, ზედმეტად ფრთხილიც კი. ბუნებრივია, ფასადის გარდა, რეალურად არაფერი შეიცვლება, თუმცა გუნდის "განახლებით", „ქართული ოცნება“ რაღაც დივიდენდების მოპოვებას შეეცდება. თუ ამ კონფიგურაციამ ვერ გაამართლა, მაისის ბოლოს, „ქართულ ოცნებას“ ისევ შეუძლია ახალი ცვლილებები განახორციელოს“ - ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

თუმცა, საინტერესო ის არის, რომ მისი ვარაუდით, დაანონსებული ცვლილებები მიუთითებს არა ირაკლი კობახიძის გამარჯვებაზე, არამედ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი სწორედ კობახიძეს არ ენდობა.

„მგონია, რომ ივანიშვილი უფრო მეტად ენდობა ღარიბაშვილს, ვიდრე კობახიძეს. თამაშიდან გაიყვანა ღარიბაშვილი, მაგრამ არც პოლიტიკურ სიტუაციას ჩამოაშორა. თუ ღარიბაშვილი იქნება პარტიის თავმჯდომარე, შესაბამისად, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიც ის იქნება, ამიტომ ღარიბაშვილი დააკომპლექტებს „ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო სიას. თუ „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს, არ გამოვრიცხავ, რომ ღარიბაშვილი მესამედ დაბრუნდეს პრემიერის პოსტზე. არ არის გამორიცხული, რომ ივანიშვილის სწორედ პარლამენტში გაძლიერებული კობახიძის უფრო შეეშინდა, რადგან თეორიულად რომ ვიმსჯელოთ, ბერკეტები სწორედ კობახიძის, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარის ხელში იყო და ამ ბოლო წლებში პარლამენტშიც თავისი გუნდი საკმაოდ გააძლიერა" , - ამბობს ის.

როგორ ინიშნება პრემიერი და მთავრობის ახალი შემადგენლობა

კონსტიტუციის თანახმად, გადადგომის განცხადების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება გადადგომისთანავე უწყდება, მთავრობის მეთაურის მოვალეობას, ვიცე-პრემიერი ასრულებს, მინისტრები კი, მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერმინისტრის დანიშვნამდე განაგრძობენ.

პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან 2 კვირის ვადაში, მმართველმა პარტიამ პარლამენტს უნდა წარუდგინოს პრემიერ-მინისტრის ახალი კანდიდატურა, რომელიც შეარჩევს მთავრობის წევრებს და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ნდობას ახალ პრემიერს მთავრობასთან ერთად უცხადებენ. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ 76 დეპუტატის მხარდაჭერა. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში,  საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, პრემიერ-მინისტრი კი, მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *