ზუსტად სამი წლის წინ, საზოგადოებას ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილება აქტიური პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირების შესახებ, ახლა კი, სამი წლის შემდეგ, ჩემივე ინიციატივით, პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით, პოლიტიკურ ცხოვრებას ვუბრუნდები" - ასე დაიწყო პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანშვილმა, 30 დეკემბერს გამართულ მმართველი პარტიის ყრილობაზე საკუთარი სიტყვით გამოსვლა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ოფიციალური დაბრუნების დაანონსებაც. იქვე დასძინა, რომ “გულწრფელობას განსაკუთრებით აფასებს და სურს მისი გადაწყვეტილების მიზეზი საზოგადოებას გულწრფელად განუმარტოს”.
“ოპოზიციის განადგურების პირობებში, იზრდება რისკები მმართველ გუნდში. ოპოზიციის არარსებობამ მმართველ პარტიას მარტივად შეიძლება თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს. გარდა ამისა, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ რჩება, ჩნდება ცდუნება, რომ დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. ასევე, ოპოზიციის კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება. ამ ყველაფერმა მიმაღებინა ჩემთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება, შემოვბრუნდე პოლიტიკაში და დავიკავო მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა, რის შესახებაც ჩემს მიერ დაფუძნებული პარტიის ხელმძღვანელ გუნდს ცოტა ხნის წინ თავად მივმართე“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მან გამოსვლაში ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზეც ისაუბრა და აღნიშნა: „მაშინ მომიწია, მრჩევლის ფუნქცია მეტვირთა და გუნდს კონსულტაციებით რომ არ დავხმარებოდი, პროცესები ქვეყნისთვის უმძიმესი სცენარით განვითარდებოდა“.
მისივე თქმით, მმართველი პარტიის 2-3 ლიდერთან პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც ჰქონდა კომუნიკაცია, რაც „გუნდში ჯანსაღი ვითარების შენარჩუნებას უწყობდა ხელს“. მან ასევე განაცხადა, რომ პარტიის ყოფილი ლიდერის მიერ გუნდისთვის რჩევების მიცემა ჩვეულებრივი მოვლენაა და მსგავსი ფაქტები უამრავ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდებოდა და ახლაც ხდება.
პოლიტიკაში მესამედ შემოსვლის მიზნად კი, „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა” დაისახა. “მმართველი პარტია საჭიროებს ახალ სიმძიმის ცენტრს და მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ ამ ახალი სიმძიმის ცენტრის მისიის შესრულება დღეს დროული და აუცილებელია“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, იგი იქნება გუნდის მთავარი მრჩეველი: „ჩემი სურვილი არაა, შევითავსო პარტიის მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილებები, რომელიც შესანიშნავად ახორციელებს პარტიის მენეჯმენტს და მომავალშიც ის შეასრულებს პარტიის მართვის ფუნქციას“.
ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას საგარეო მიმართულებითაც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს გარშემო გეოპოლიტიკური ვითარებაც გართულებულია.
“დღეს საქართველო რთული გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენი ქვეყნის გარშემო გეოპოლიტიკური ვითარება გართულდა და გამოწვევებიც გაიზარდა. შესაბამისად, გართულდა ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაც. ასეთ პირობებში, მცირე შეცდომაც კი ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც მმართველი პარტია წარმოადგენს, ქვეყანას ძალიან ძვირად შეიძლება დაუჯდეს“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე და იქვე დასძინა, რომ “საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ ამოცანად დღეს ევროკავშირში ინტეგრაცია იკვეთება“.
„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა, სრულად აღვადგინოთ სახელმწიფო სუვერენიტეტი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საქართველო 2030 წლამდე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში ჩავაყენოთ და ევროკავშირში გავაწევრიანოთ“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
0 კომენტარი