რუსა მაჩაიძე


„ვენეციის კომისიამ“ საქართველოში ახლადშექმნილი ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ზუსტად ის პრობლემებია ხაზგასმული, რაზეც არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია აკეთებდა აქცენტს და რეკომენდაციებშიც ის წერია, რის გათვალისწინებას ხელისუფლებას სთხოვდნენ. ეს არის ბიუროს რეალური დამოუკიდებლობა და საგამოძიებო უფლებამოსილების მინიჭება.
ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა უკავშირდება ევროკავშირის მიერ 2022 წლის ივნისში საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდირებულ 12-პუნქტიან პირობას, სადაც მე-4 პუნქტად იყო განსაზღვრული ანტიკორუფციული ღონისძიებები. სათანადო საკანონმდებლო ცვლილებები 2022 წლის ბოლომდე იქნა მიღებული. 2023 წლის თებერვალ-მარტში ბიუროს ხელმძღვანელის შერჩევა-დამტკიცების პროცესი მიმდინარეობდა და 31 მარტს მთავრობამ ცერემონიების სასახლეში ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაცია გამართა. აპრილიდან ამ ბიუროს აქტიური მუშაობა უნდა დაეწყო მთელი რიგი მიმართულებებით. 1-ლი სექტემბრიდან მის კომპეტენციაში გადავიდა პარტიების დაფინანსების მონიტორინგიც. თუმცა, უწყების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, გაკეთებული, ჯერჯერობით, მხოლოდ უწყების ხელმძღვანელის მიერ გამართული შეხვედრებია. (ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდიდან საჯარო ინფორმაციის მიღება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მაგალითად, ბოლო პერიოდში მუდმივად გათიშულია პარტიების ფინანსების მინიტორინგის გრაფა, როდესაც ეს ინფორმაცია აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე ყოველთვის ხელმისაწვდომი იყო. ბიუროს ვებგვერდზე მითითებულ ტელეფონზე კი რამდენჯერაც ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე შეკითხვა დავსვით, გვიპასუხეს - ტექნიკური პრობლემაა, მოგვარებაზე ვმუშაობთ დ არ ვიცით, როდის გამოსწორდებაო).
2023 წლის ივნისში ევროკომისიამ ეს პუნქტი ნაწილობრივ შესრულებულად ჩათვალა. „ვენეციის კომისიას“ შეფასებისთვის კი, პარლამენტის თავმჯდომარემ, 2023 წლის 22 სექტემბერს გადაუგზავნა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარების საკითხი დარჩენილია ახალ 9-პუნქტიან ვალდებულებაში, რაც საქართველომ მოლაპარაკებების დასაწყებად უნდა შეასრულოს.

ვენეციის კომისიის შეფასება და რეკომენდაციები

 

„ვენეციის კომისიამ“ ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ მიღებულ საკანონდებლო ცვლილებაზე შეფასება 19 დეკემბერს გამოაქვეყნა. 15-გვერდიან დოკუმენტში აღნიშნულია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები.
პოზიტიურიდან რომ დავიწყოთ, დასკვნაში დადებითად არის შეფასებული ის, რომ ანტიკორუფციული ბიურო „ჩამოყალიბდა, როგორც ცალკე სტრუქტურა, ფინანსური დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით“. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ბიუროს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში განთავსება ნეგატიურად ფასდება, ამ ორგანოს დამოუკიდებლობის აუცილებლობის გამო.
„ვენეციის კომისია“ ხაზს უსვამს, რომ „დამოუკიდებლობა, სტრუქტურული და ოპერატიული ავტონომიის ადეკვატური დონით, რომელიც მოიცავს სამართლებრივ და ინსტიტუციურ ღონისძიებებს, პოლიტიკური ან სხვა გავლენის თავიდან ასაცილებლად, განიხილება სპეციალიზებული ანტიკორუფციული ორგანოების ფუნდამენტურ მოთხოვნად“.
შესაბამისად, საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის დამოუკიდებლობა მიჩნეულია ერთ-ერთ მთავარ პრობლემად. დასკვნაში ნათქვამია, რომ ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა და გათავისუფლება, მეტწილად, პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაა, რაც პრობლემურია.
"ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა როგორც განცალკევებული უწყება, ფინანსური დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით. მიუხედავად ამისა, არსებული ინსტიტუციური ჩარჩო არ უზრუნველყოფს სამსახურის სათანადო დამოუკიდებლობას. პოლიტიკური პარტიების ზედამხედველობისა და მაღალი თანამდებობის პირების დეკლარაციების მონიტორინგში მისი უფლებამოსილება დამატებით გარანტიებს მოითხოვს" - წერია დასკვნაში.
ცნობისთვის, მოქმედი კანონით განსაზღვრულია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის კანდიდატურებს ღია კონკურსის საფუძველზე, სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია შეარჩევს და თანამდებობაზე დასანიშნად პრემიერ-მინისტრს წარუდგენს, ხოლო პრემიერ-მინისტრი წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს და ანტიკორუფციულ ბიუროს უფროსს თანამდებობაზე 6 წლის ვადით ნიშნავს. სწორედ ამ პრინციპით შეირჩა და პრემიერმინისტრის 2023 წლის 10 თებერვლის ბრძანებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსად 6 წლის ვადით დაინიშნა რაჟდენ კუპრაშვილი.
უწყების დამოუკიდებლობის გასაზრდელად ვენეციის კომისია შემდეგ რეკომენდაციებს იძლევა:

• ბიუროს ხელმძღვანელი დაინიშნოს პარლამენტში მრავალპარტიული მხარდაჭერით, საპარლამენტო კვალიფიციური უმრავლესობით ან სხვა მსგავსი მექანიზმით;
• ერთ-ერთ გზად შეთავაზებულია ოპოზიციისა და მმართველი პარტიის დეპუტატთა უმრავლესობის მხარდაჭერა;
• ცვლილება ისე უნდა გატარდეს, რომ გაიზარდოს ბიუროს ხელმძღვანელის ანგარიშვალდებულება პარლამენტთან - მისი დროზე ადრე გათავისუფლება უნდა შეეძლოს პარლამენტს და არა პრემიერს.
გარდა ამისა, კომისიის შეფასებით, პრობლემურია ბიუროს ხელმძღვანელობის და წევრების კომპეტენციის და იმუნიტეტის საკითხი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი, „ვენეციის კომისია“ ხელისუფლებას ურჩევს გაატაროს ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს:
• ბიუროს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეებისთვის იმუნიტეტის მინიჭებას;
• გაიზარდოს ხელმძღვანელის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით წაყენებული მოთხოვნები;
• აიხსნას თანამდებობის პირთა სავალდებულო ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით არსებული ჩანაწერის მიზნები ან ეს ჩანაწერი ამოიღონ კანონიდან.

ერთ-ერთი ასევე მნიშვნელოვანი შენიშვნა კი ეხება საგამოძიებო ფუნქციის არქონას. „ვენეციის კომისია“ დასკვნაში მიმოიხილავს აღიარებულ კარგ საერთაშორისო პრაქტიკას და სათანადო კანონმდებლობას და აღნიშნავს, რომ ეს პრაქტიკა არ არის ერთგვაროვანი და ზოგი ქვეყანა ირჩევს კორუფციასთან ბრძოლის ისეთ სტრატეგიას, სადაც ფუნქციები სხვადასხვა უწყებას შორის არის გადანაწილებული. თუმცა, ხაზგასმულია, რომ საგამოძიებო ფუნქციის ქონა შედეგისთვის აუცილებელი კომპონენტია.
საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროზე კი წერია, რომ ეს ორგანო „შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც პრევენციული ანტიკორუფციული ინსტიტუტი, რომელსაც ( მაგალითად NACP-ის მსგავსად უკრაინაში) ასევე აქვს გარკვეული უფლებამოსილებები ქონებრივი დეკლარაციების კონტროლთან და პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, მაგრამ არავითარი საგამოძიებო უფლებამოსილება არ გააჩნია“.
აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ „საქართველოს არ გააჩნია კორუფციული დანაშაულების გამოძიებისა და/ან დევნის სპეციალური ორგანო, კომპეტენციები ამ სფეროში დაყოფილია პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის“.
ამ ყველაფრის გაანალიზების საფუძველზე კი ნათქვამია, რომ „საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი ძირითადად ფოკუსირებულია გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოებაში კორუფციის პრევენციის ზომების შეთავაზებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისია მიესალმება გრძელვადიანი მიდგომის სისტემების ჩამოყალიბებას, კომისია ხაზს უსვამს, რომ ბიუროს არ გააჩნია საგამოძიებო უფლებამოსილებები და არ გააჩნია სამართლებრივი ინსტრუმენტები არსებული კორუფციული საქმეების განსახილველად, როგორც ეს დაადასტურა „ვენეციის კომისიის“ დელეგაციასთან შეხვედრისას ხელისუფლებამ“.
„ვენეციის კომისია“ აღნიშნავს, რომ მათ არ ეკისრებათ „კონკრეტული ტიპის ანტიკორუფციული ინსტიტუტის ან კონკრეტული ინსტიტუციური წყობის სასარგებლოდ ადვოკატირება“, მაგრამ საქართველოს მიზნებიდან გამომდინარე მიიჩნევენ, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს "რისკზე დაფუძნებული მიდგომით უნდა შეეძლოს აუხსნელი წარმოშობის ქონების მქონე საჯარო მოხელეების მხილება“.
აღსანიშნავია, რომ „ვენეციის კომისია“ ამ დასკვნაში ხაზს უსვამს ორ ასპექტს. ერთია ის, რომ მათ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა მხოლოდ ერთი სამართლებრივი აქტის შესაფასებლად, რომელიც უშუალოდ ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას ეხება (რაც თავისთავად პრობლემური აღმოჩნდა, როგორც ვნახეთ). თუმცა, როგორც აღნიშნავენ, „ამ სფეროში რეფორმების უფრო ჰოლისტიკური შეფასების მოთხოვნა მისასალმებელი იქნებოდა კანონის სხვადასხვა დებულებების ურთიერთდაკავშირების აღიარებით“. და მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ ხელისუფლების მიმართვის შემთხვევაში, მათ ეს სამუშაო შეასრულონ.
მეორე ასპექტი კი არის ის, რომ „ვენეციის კომისია“ ხაზს უსვამს, რომ მათი „გადასაწყვეტი არ არის, შეესაბამება თუ არა კანონის ახალი დებულებები ევროკავშირის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს“. თუმცა, იმის გამო, რომ ეს რეფორმა სწორედ ევროკავშირის პირობებით განსაზღვრული პრობლემის - მაღალი დონის კორუფციასთან საბრძოლველად იქნა გატარებული და ეს მიზანი წერია კანონშიც, შეაფასეს სწორედ ის, მიღებული კანონი უზრუნველყოფს თუ არა ამ მიზნის მიღწევას და ნათქვამია, რომ „ამ კუთხით, ვენეციის კომისიას შეუძლია მხოლოდ დაასკვნას, რომ ბიუროში მხოლოდ სხვადასხვა პრევენციული ანტიკორუფციული ფუნქციების გაერთიანება არ შეესაბამება დადგენილ მიზანს მაღალი დონის კორუფციის მკაცრი მოგვარების შესახებ“.

 

რას ითხოვდა და ითხოვს ევროკავშირი ანტიკორუფციული ღონისძიებებისთვის?

 

ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ანტიკორუფციული ღონისძიებები ევროკავშირის 2022 წლის 12-პუნქტიან რეკომენდაციებშიც იყო გათვალისწინებული და გადმოტანილი არის 2023 წლის 8 ნოემბრის ევროკომისიის 9-პუნქტიან პირობებშიც.
12-პუნქტიანი რეკომენდაციის მეოთხე პუნქტში ამ სახით არის ჩამოყალიბებული: „გააძლიეროს ანტი-კორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც თავს მოუყრის ყველა საკვანძო ანტი-კორუფციულ ფუნქციას; განსაკუთრებით კი, საგულდაგულოდ გადაჭრას მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები; აღჭურვოს ახლადდაარსებული სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტო იმ რესურსებით, რომლებიც მათ მანდატს შეესაბამება და უზრუნველყოს მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა“.
შარშან, როდესაც ხელისუფლებამ ამ პუნქტზე დაიწყო მუშაობა, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მიუთითებდა, რომ აუცილებელი იყო, ბიუროს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი ჰქონოდა, რაც სწორედ იმით იქნებოდა უზრუნველყოფილი, რომ ბიუროს ხელმძღვანელო პარლამენტს მაღალი ქვორუმით აერჩია, რაც ოპოზიციის თანხმობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. საგამოძიებო ფუნქციის მინიჭებას კი, სწორედ იმ არგუმენტით ითხოვდნენ, რომ მაღალი დონის კორუფციის გასამკლავებლად სწორედ აღნიშნული ფუნქციის მინიჭება იქნებოდა ქმედითი.
ამ მოთხოვნებზე კი ხელისუფლების პასუხი იყო ის, რომ კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატის დანიშვნა უკვე მაღალ დამოუკიდებლობას ნიშნავდა და საგამოძიებო ფუნქციის მინიჭება ევროკავშირის რეკომენდაციაში არ იყო ნახსენები.
ამ მეოთხე პუნქტში სიტყვა „გამოძიება“ მართლა არ ფიგურირებს, მაგრამ საქმე ის არის, რომ გარდა ამ რეკომენდაციისა, სადაც კონკრეტულად არის ჩამოყალიბებული, თუ რა არის გასაკეთებელი, ევროკომისიას ასევე აქვს გაკეთებული ქვეყნის მდგომარეობის შეფასება, რის საფუძველზეც შემუშავდა ეს 12 რეკომენდაცია. კორუფციულ მდგომარეობასთან დაკავშირებულ ჩანაწერს კი გთავაზობთ სრულად, რათა ნათელი გახდეს, რეალურად რას ითხოვდა ევროკავშირი.
„საქართველომ ანტიკორუფციასთან დაკავშირებით გაატარა არსებითი საკანონმდებლო რეფორმები, ევროკავშირის კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ნორმებთან დაახლოებით. ის (საქართველო) არის კორუფციის წინააღმდეგ ევროპის საბჭოს სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD/ACN) ანტიკორუფციული ქსელის მონაწილე სახელმწიფო. საქართველო არის ყველა ძირითადი ანტიკორუფციული საერთაშორისო კონვენციის მონაწილე, მათ შორის გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის (UNCAC). კორუფცია რჩება იმ საკითხად, რომელიც მუდმივ ყურადღებას მოითხოვს.
კორუფციის შემთხვევების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელშიც მონაწილეობდნენ დაბალი და საშუალო დონის თანამდებობის პირები, წარმატებით იქნა აღკვეთილი, პირველ რიგში, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში.
მოქმედებს საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციის სისტემა და კანონმდებლობით რეგულირდება ინტერესთა კონფლიქტის და მამხილებელთა დაცვის საკითხები. უნდა გაუმჯობესდეს კანონის მოქმედების სფერო, რომელიც ეხება ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციას, მის იმპლემენტაციას და მონიტორინგს (რადგან არსებული სისტემით ოჯახის წევრები არ იფარება) და მამხილებელთა დაცვა საჭიროებს გაძლიერებას. არ არსებობს ერთი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც დამოუკიდებლად განიხილავს ინტერესთა კონფლიქტის საკითხებს, მოახდენს დეკლარირებული აქტივების შემოწმებას, განახორციელებს პოლიტიკური პარტიების ხარჯების აუდიტს და მამხილებელთა დაცვას. საჭიროა გაძლიერდეს ადმინისტრაციული შესაძლებლობები პარტიების დაფინანსებისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე ეფექტური კონტროლის მისაღწევად.
არ არსებობს სპეციალიზებული სამართალდამცავი ორგანოები, პროკურატურა ან სპეციალიზებული სასამართლოები, რომლებიც იმუშავებდნენ მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ. მეტი უნდა გაკეთდეს ამ სფეროში გამოძიების გასაძლიერებლად. ანტიკორუფციული უწყება (ორგანო) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების შემადგენლობაში შედის. არსებული პოლიტიკის განხორციელება გრძელდება, მაგრამ ანტიკორუფციულ პოლიტიკაზე საქართველოში უარყოფითად მოქმედებს ის, რომ ეროვნული ანტიკორუფციული საბჭო 2019 წლის შემდეგ არ შეკრებილა. 2021 წლის დასაწყისიდან საბჭოს სამდივნო იუსტიციის სამინისტროდან მთავრობის ადმინისტრაციაში გადავიდა და ჯერ კიდევ არ არის დაკომპლექტებული. ახალი ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა ჯერ არ არის შემუშავებული.
რაც შეეხება მაღალი დონის კორუფციულ საქმეებს, 2020 წლიდან დღემდე გამოტანილია 28 განაჩენი, საიდანაც 21 კორუფციაში დამნაშავედ იქნა ცნობილი, მათ შორის მინისტრის მოადგილე, რაიონული პროკურორის მოადგილე, გამგებლები და საკრებულოს წევრები. მეტი უნდა გაკეთდეს მაღალი დონის კორუფციასთან საბრძოლველად და, კერძოდ, დიდი ინტერესების როლისა და გავლენის აღმოსაფხვრელად, როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ სფეროებში“ - ნათქვამია ამ შეფასებაში.
ევროკომისიის ამ ჩანაწერს თუ შევაჯამებთ, აქცენტირებულია ის კონკრეტული საკითხები, რაც დღეს პრობლემურია და ხელს უშლის კორუფციასთან ეფექტიან ბრძოლას და აქვე არის გამოკვეთილი, თუ რა არის გასაკეთებელი. მთავარ პრობლემად მიჩნეულია მაღალი დონის კორუფცია და ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია, რომ გაკეთდეს შემდეგი:

• უნდა არსებობდეს ერთი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც დამოუკიდებლად განიხილავს ინტერესთა კონფლიქტის საკითხებს, მოახდენს დეკლარირებული აქტივების შემოწმებას, განახორციელებს პოლიტიკური პარტიების ხარჯების აუდიტს და მამხილებელთა დაცვას;
• ამისთვის კი უნდა გაძლიერდეს ადმინისტრაციული შესაძლებლობები - ჰქონდეს საგამოძიებო ფუნქცია, რადგან ცალსახად წერია, რომ „მეტი უნდა გაკეთდეს ამ სფეროში გამოძიების გასაძლიერებლად“.
• საჯარო მოხელეების ქონებრივ დეკლარაციაში უნდა მოხვდნენ მათი ოჯახის რეალური წევრები;
• გაძლიერდეს მამხილებელთა დაცვა.

აქედან კი ცხადი ხდება, რომ საგამოძიებო ფუნქციის მინიჭება, უწყების რეალური დამოუკიდებლობის გარანტიებთან ერთად, იქნებოდა ის მთავარი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც შეაფასებდა საბოლოოდ ევროკომისია საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ კონკრეტულად ეს, ანტიკორუფციული პუნქტი ნაწილობრივ შესრულებულად შეფასდა. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ორგანო ფორმალურად შექმნილია, მაგრამ რეალურად შედეგი არ ექნება, რადგან ამისთვის საჭირო ინსტრუმენტები არ გააჩნია. სხვათა შორის, სწორედ ასეთი იყო ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის მოლოდინებიც, ვინც ამ საკითხზე მუშაობდა, რომ ამ პუნქტს მხოლოდ ფორმალურად შესრულებულად ჩათვლიდნენ. „ვენეციის კომისიის“ დასკვნამ კი ეს პრობლემები და ხელისუფლების ოპონენტების მოთხოვნების მართებულობა კიდევ უფრო გამოკვეთა.

 რას აპირებს ხელისუფლება?

 

თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ანტიკორუფციული საკითხი ახალ 9-პუნქტიან პირობებშიც ფიგურირებს და „ვენეციის კომისიის“ შეფასებითაც, არსებული კანონი, ფაქტობრივად, გადასაგდებია, ლოგიკურად ჩნდება კითხვა, თუ ხელისუფლება რას აპირებს. თუმცა, მმართველი პარტიის მხრიდან ამ საკითხზე ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული განცხადება არ კეთდება.
"ჩვენი დამოკიდებულებები დასკვნების მიმართ ხომ არის ცნობილი, გავეცნობით ამ დასკვნას, ვნახავთ, რა არგუმენტებია, რა არ არის, რა საკითხები მოიწონეს, რა არ მოიწონეს, რა სამართლებრივი არგუმენტებია და ამის მიხედვით გვექნება მსჯელობა" - თქვა შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, მაგრამ მას შემდეგ ამის მეტი არანაირი განმარტება არ გაკეთებულა.
ისიც უნდა ითქვას, რომ ანტიკორუფციული ღონისძიებების გასატარებლად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები 2022 წლამდე კარგა ხნით ადრე მომზადებული ჰქონდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“. ეს კანონპროექტი პირველად 2020 წლის 26 აგვისტოს თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, ირინე ფრუიძემ, ნინო გოგუაძემ და დიმიტრი ცქიტიშვილმა დააინიცირეს. თუმცა, იმის გამო, რომ ამ დროს უკვე წინასაარჩევნო პროცესი იყო, პარლამენტში განხილვა არც კი დაწყებულა. ახალი მოწვევის პარლამენტს კი არც კი „გახსენებია“, რომ ეს პროექტი ვალად იყო დარჩენილი. 2021 წლის 7 ივნისს ეს კანონპროექტთა პაკეტი „ლელომ“ თავიდან დააინიცირა. თუმცა, ერთი წლის განმავლობაში არც ამ პროექტის განხილვა არ დაწყებულა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, რომელიც ამ საკითხზე წამყვან კომიტეტად განისაზღვრა, ყოველ თვე ითხოვდა განხილვის დაწყების 30 დღით გადავადებას. როდესაც ანტიკორუფციული ორგანოს შექმნა გააქტიურდა, ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შედეგად, „ლელომაც“ შესთავაზა პარლამენტს, რომ ამ პროექტზე ემუშავათ და არასამთავრობო სექტორმაც, მაგრამ მმართველმა ძალამ ეს შეთავაზება კატეგორიულად არ მიიღო და შემდეგ იურიდიულ კომიტეტზე პროექტს მხარი არ დაუჭირა. თუმცა, თუკი საკითხი დადგება, კომიტეტზე ჩაგდება არ ნიშნავს იმას, რომ სესიაზე განხილვა არ მოხდეს.
როგორც ჩვენთან საუბრისას „ლელოს“ წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, „ვენეციის კომისიამ“ დაადასტურა ის, რომ მათიც და არასამთავრობო სექტორის მოთხოვნები სამართლიანი იყო და, თუკი ახლა მაინც იქნება პოლიტიკური ნება, ყველა საკითხი მარტივად მოგვარებადი იქნება და მზად არიან, რომ კანონპროექტი თავიდან დააინიცირონ, ან სულაც ხელისუფლებამ გამოიყენოს და კონსენსუსით მიიღონ ახალი ვარიანტი, სადაც „ვენეციის კომისიის“ შენიშვნებიც იქნება გათვალისწინებული, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვებიც, რაც თანხვედრაშია ამ შეფასებასთან და რაც მთავარია, ამით მოხდება ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულებაც.
„ცნობილი ნათქვამის პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, „რა საჭიროა ისეთი ანტიკორუფციული ბიურო, თუ კორუფციას ვერ შეებრძოლება?“ ამიტომ ვამბობ, რომ თუ პოლიტიკური ნება იარსებებს, არანაირი დაბრკოლება არ იქნება, რომ სწორი მოდელი მივიღოთ“ - ამბობს ის.
„ამ შემთხვევაში ის არის ერთპიროვნულად დანიშნული და ასევე ერთპიროვნულად შეიძლება, რომ მარტივად მოიხსნას. აქ კონსტიტუციის რაიმე პრობლემა არ იქნება. განსხვავებით იმ ვითარებისგან, რაც არ არის სწორი, როდესაც პარლამენტის მიერ კონკრეტული ვადით არჩეულ პირს უუქმებ მანდატს, როგორიც იყო, მაგალითად, პირად მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან მიმართებაში. პრემიერმინისტრს ნებისმიერ დროს ნებისმიერ დროს შეუძლია, ეს ადამიანი უპრობლემოდ მოხსნას. ამიტომ თქვა კომისიამ, რომ მისი დაცვის გარანტიები არ არსებობს და პარლამენტი რომ ირჩევდეს, თანამდებობიდან პირის გათავისუფლება ასეთი მარტივი არ იქნებოდა. ვიმეორებ, აქ მთავარი არის შენიშვნების გათვალისწინება, რადგან ეს ორგანო არის ჩიტი ფრთების გარეშე და რომ გაფრინდეს, უნდა მისცენ ფრთები. ეს ფრთები კი არის დამოუკიდებლობა და საგამოძიებო ფუნქცია“ - აცხადება ანა ნაცვლიშვილი.
ექნება თუ არა რეკომენდაციების გათვალისწინების პოლიტიკური ნება მმართველ გუნდს, ვისზეც საკითხის გადაწყვეტაა დამოკიდებული, ჯერჯერობით, უცნობია.

 

 

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *