27 დეკემბერს, გამთენიისას, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პარლამენტმა, ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკი რუსეთს გადასცა. გადაწყვეტილება საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს, მას სამარცხვინო უწოდეს და გაუქმება მოითხოვეს. მომავალი ექვსი თვის განმავლობაში, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა რუსეთს უსასყიდლოდ გადასცემს მოძრავ და უძრავ ქონებას 49-იანი იჯარით. სანაცვლოდ კი, თითოეულ ნაკვეთზე ქირის სახით, რუსული მხარე წელიწადში 1 რუბლს გადაიხდის. ამავე შეთანხმების მიხედვით, რუსულ მხარეს უფლება ეძლევა იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე კაპიტალური მშენებლობა აწარმოოს, აშენებული შენობა-ნაგებობები კი რუსეთის მხარის საკუთრებაში იქნება.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსული მხარე იყენებს ობიექტს, მიწის ნაკვეთებს და ზღვის მონაკვეთს სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად, სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების მონაწილეობით. ასევე - რეკრეაციული მიზნებისთვის. მხარეები თანხმდებიან, რომ დოკუმენტი ავტომატურად გახანგრძლივდება შემდეგი 15 წლით, თუ რომელიმე მხარე მისი ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 6 თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს შეწყვეტის განზრახვის შესახებ.
27 დეკემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს ხელი მოაწერა და დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა.
რუსეთისთვის ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის გადაცემის საკითხზე კომენტარი გააკეთა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამაც. მისი თქმით, საკითხის განხილვასთან თანმდევმა საინფორმაციო გაშუქებამ "ზიანი მიაყენა აფხაზურ-რუსულ დიალოგს. რუსეთი კი, მისი თქმით, „აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ბირთვია“. „თუ რუსეთთან ურთიერთობა დავკარგეთ, დავკარგავთ ჩვენს მთავარ მოკავშირეს და მსოფლიო ძალას“, - აღნიშნა არძინბამ. "კანონი" ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში ობიექტების, მიწის ნაკვეთებისა და საზღვაო ტერიტორიების მესამე პირებზე გადაცემას კრძალავს.
ე.წ. ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ „შეთანხმების" დე ფაქტო პარლამენტში რატიფიკაციას სოციალურ ქსელ X-ში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. ის გმობს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მცოცავ ანექსიას.
“მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას. ხალხის ძლიერი რეაქცია, რომელსაც ჩვენ ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის გარშემო ვხედავთ, ოკუპაციის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ", - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
საქართველოს საგარეო უწყების თანახმად, ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია მორიგი უკანონო ქმედება და რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებაა, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.
“აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის მიერ, რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია წარმოადგენს მორიგ უკანონო ქმედებას და რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.
საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია. შესაბამისად აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციის პირობებში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ მორიგი უკანონო ნაბიჯი.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“,- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
0 კომენტარი