ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ "იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოდ გარდაიქმნება და ყველა ოპოზიციურ პარტიას აკრძალავს, ამასთან, განდევნის სამოქალაქო საზოგადოებასა და თავისუფალ მედიას, ქვეყანა ევროკავშირის წევრი, არც დღეს, არც ხვალ და 2030-ში გახდება".
"არჩევნები ერთ კვირაში იქნება, თქვენი არჩევანი და თქვენი გადასაწყვეტია, ეს ეხება თქვენსი და თქვენი შვილების მომავალს. რაც არ უნდა გადაწყვიტოთ, ევროკავშირი თქვენს გადაწყვეტილებას პატივს სცემს და სწორედ ეს არის უდიდესი განსხვავება ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს არჩევანს. თქვენი მომავალი თქვენი გადასაწყვეტია და არავინ სხვისი. მაგრამ გთხოვთ, პატივი ეცით იმას, რომ ევროკავშირი შექმნილია კონკრეტულ ღირებულებებზე - ეს გახლავთ თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ეს ღირებულებები მოლაპარაკების საგანი არ არის. და იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვეტთ, გარდაქმნათ საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოდ, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ აკრძალოთ ყველა ოპოზიციური პარტია, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ განდევნოთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, თუ დაუშვებთ საქართველო იყოს ადგილი, სადაც თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას ადგილი არ აქვე, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ, რომ საქართველოში ყველა ადამიანის უფლება არ იქნას დაცული, ნება მომეცით ღიად გითხრათ - საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ და 2030- ში", - აღნიშნა ევროპელმა დიპლომატმა.
მან კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ პროგრამებზე, რომლის დაფინანსებაც ევროკავშირმა უკვე შეაჩერა. ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველო დაკარგავს ყველა ფინანსურ დახმარებას, რაც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზეა გათვალისწინებული.
"საქართველომ დაკარგა ევროკავშირის დახმარება 121 მილიონი ევროს ოდენობით და ეს ეხება მხოლოდ დახმარების მიმდინარე პროგრამებს. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის ტრაექტორია არ შეიცვლება, სამწუხაროდ, საქართველო დაკარგავს უფრო და უფრო მეტს. თუ ქართველები კენჭისყრით გადაწყვეტენ, რომ არ გააგრძელონ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სვლა, საქართველო დაკარგავს ყველა ფინანსურ დახმარებას, რომელიც მიმართულია გაწევრიანებამდე და შემდეგ საქართველო დაკარგავს მთელ ფულს, რომელსაც ევროკავშირის წევრები, განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც ეკონომიკური განვითარების უფრო დაბალი დონე აქვთ, ღებულობენ", - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.
0 კომენტარი