გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში, გარეტ უორდმა განაცხადა, რომ საქართველოსთან სტრატეგიული "უორდროპის დიალოგი", ასევე კიბერუსაფრთხოების პროგრამა და მაღალი რანგის მოლაპარაკებები შეჩერებულია.
"პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის "უორდროპის დიალოგი" მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად მოხდა დიალოგის ფორმატის დაარსებიდან. ჩვენ ასევე გავაუქმეთ თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები და შევაჩერეთ ახალი კიბერუსაფრთხოების პროგრამა. არჩევნების შემდეგ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება მთავრობაში, ვიმედოვნებთ, რომ ვიხილავთ ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნების მკაფიო მტკიცებულებებს, რათა აღვადგინოთ ნდობა და დავუბრუნდეთ მჭიდრო პარტნიორობას", - აღნიშნა ელჩმა. მისი განცხადებითვე, დიალოგის გაყინვის მიზეზი საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდველი კანონის მიღება, შეთქმულების თეორიების პროპაგანდა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაპირება გახდა.
"დიდი ბრიტანეთი უშუალოდ არ არის ჩართული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას და იმ რეფორმებს, რომლებიც ამ მიზნის მისაღწევად არის საჭირო. დიდი ბრიტანეთი ნატო-ს წამყვანი მოკავშირეა და ყოველთვის აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. დიდი ბრიტანეთი და რუმინეთი ნატო-ს საკონტაქტო საელჩოების როლს ვასრულებთ საქართველოში. ბრიტანეთი ასევე ატარებს სამხედრო წვრთნების ფართო სპექტრს და ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, მაგრამ ნატო არა მხოლოდ სამხედრო ალიანსია, ის პოლიტიკური გაერთიანებაცაა. შესაბამისად, ნატო-ში გასაწევრიანებლად მნიშვნელოვანია საქართველომ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები თავისუფალი სასამართლოს, ადამიანის უფლებათა დაცვის და საპარლამენტო ზედამხედველობის მიმართულებით. სწორედ ამიტომ გამოთქვა შეშფოთება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებასთან დაკავშირებით. ნატო-სკენ მიმავალ გზაზე შეუსაბამოა ისეთი ზომების მიღება, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს. დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს, ისევე როგორც სხვა დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა, დააზიანა საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმდინარე წელს გადადგმულმა ნაბიჯებმა. ჩვენ შეშფოთებული ვიყავით, როდესაც პარლამენტმა მიიღო სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შემზღუდველი კანონი, მიუხედავად იმისა, რომ დაინახა საზოგადოების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა და აიღო ვალდებულება, ეს კანონი აღარ დაებრუნებინა დღის წესრიგში. ჩვენ იმედგაცრუებული დავრჩით, როდესაც "ქართული ოცნების" ლიდერებმა დაიწყეს შეთქმულების თეორიების პროპაგანდა და გამოთქვამენ ვარაუდებს, რომ დასავლელი პარტნიორები ძირს უთხრიან საქართველოს. ჩვენ შოკირებული ვიყავით, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროგრამის დაპირებად ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დასახელდა", - აღნიშნა დიპლომატმა.
უორდროპის პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის 2014 წელს ჩამოყალიბდა და აერთიანებს პოლიტიკურ, თავდაცვის და უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკურ და ხალხთაშორისი კონტაქტების განზომილებებს. დიალოგის ფარგლებში, წელიწადში ერთხელ, მონაცვლეობით თბილისსა და ლონდონში, პლენარული შეხვედრები ტარდება, რის შემდეგაც, მხარეები ერთობლივ კომუნიკეს აქვეყნებენ. 2016 წლიდან დიალოგის ფორმატი ახალ საფეხურზე გადავიდა და "უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" ეწოდა, 2017 წელს კი, პლატფორმას საპარლამენტო განზომილება შეემატა. უორდროპის დიალოგის ფარგლებში ბოლო, მე-8 პლენარული სხდომა 2023 წლის 26 იანვარს ლონდონში გაიმართა.
0 კომენტარი