ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (OSCE/ODIHR), საქართველოში წინასაარჩევნო ვითარების შესაფასებლად, შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც აღინიშნა, დოკუმენტი 11 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგის შედეგებს ასახავს. 

ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ანგარიშში გამახვილებულია წინასაარჩევნო პროცესის პოლარიზებულ გარემოში მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ის ხაზგასმით მიუთითებს პოლიტიკური მხარეების მიერ განხეთქილების გამომწვევ რიტორიკასა და ვიზუალური მასალების გამოყენების მაგალითებზე. 

"პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობა თავისი პლატფორმების მეშვეობით სოციოეკონომიკურ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა მათი წინასაარჩევნო გზავნილები უმეტესწილად ზოგად გეოპოლიტიკურ გარემოს უკავშირდება და მეტისმეტად განხეთქილების გამომწვევ რიტორიკასა და ვიზუალურ მასალას იყენებს. სახელისუფლებო პარტიამ არჩევნები წარმოადგინა ომსა და მშვიდობას შორის გასაკეთებელ არჩევანად, სადაც მშვიდობას "ქართული ოცნება" განასახიერებს, ომს კი - მათი ოპონენტები. ოპოზიციურ პარტიათა უმრავლესობა ამ არჩევნებს საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმად მიიჩნევს და შიშობს, რომ მთავრობის პოლიტიკა შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, რაც კონსტიტუციით გაცხადებული მიზანია". - წერია OSCE/ODIHR-ის შუალედურ ანგარიშში. ამასთან, დოკუმენტში მითითებულია იმ დაშინების ტაქტიკების შესახებ, რომელიც ამომრჩეველთა წინააღმდეგაა მიმართული. 

"კანონი წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად სამართლიან პირობებს აწესებს. ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდი 27 აგვისტოს დაიწყო და ამ დრომდე საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს; საარჩევნო სუბიექტთა უმრავლესობა კარდაკარ შემოვლის ღონისძიებებით, სოციალური ქსელში აქტიურობით, შეხვედრების და იშვიათად შედარებით ფართომასშტაბიანი აქციების ჩატარებით არის დაკავებული. ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა შეშფოთება გამოთქვა სავარაუდოდ სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერთა და სახელმწიფო უწყებების მიერ მართული დაშინების ტაქტიკის გამო, რომელიც მათი წინასაარჩევნო კამპანიებისა და, ასევე, ამომრჩეველთა წინააღმდეგ არის მიმართული. რამდენიმე შემთხვევაში ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეები მათი საარჩევნო ღონისძიებების ჩაშლის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, საარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი მასალის განადგურებისა და ფიზიკური თავდასხმების ცალკეულ ინციდენტებზე მიუთითებდნენ, რაც როგორც სახელისუფლებო ისე ოპოზიციური პარტიების ანგარიშებშიც აისახა. ანგარიშებში ასევე აისახა საოფისე სივრცეების, საარჩევნო კამპანიის გასამართი და საარჩევნო მასალის გაკვრისთვის განკუთვნილი ადგილების მოძიებასთან დაკავშირებული სირთულეები. ODIHR-ის მიერ წარსულში გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად 2021 წელს საარჩევნო კოდექსი შეიცვალა, რაც მიზნად ისახავდა საარჩევნო კამპანიაში საჯარო სექტორში დასაქმებულთა მონაწილეობის რეგულაციების გაძლიერებას. არჩევნებამდე 60 დღით ადრე აკრძალულია ისეთი ახალი პროექტების წამოწყება, რომლებიც არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტში. მიუხედავად იმისა, რომ არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, მთავრობამ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელი დიდი რაოდენობის ადამიანისთვის ფინანსური სტატუსი გაეუმჯობესებინა გადაწყვიტა, რაც ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან საუბრისას პროცესში ჩართულმა ზოგიერთმა დაინტერესებულმა მხარემ ამომრჩეველთა გულის მოსაგებად წამოწყებულ ფინანსურ ინიციატივებად მიიჩნია.

სექტემბერში პარლამენტმა აამოქმედა კანონი, რომლის მეშვეობითაც სასჯელმისჯილთა ფართო სპექტრს ამნისტია შეეხო. ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან საუბრისას პროცესში ჩართულმა რამდენიმე დაინტერესებულმა მხარემ აღნიშნა, რომ არსებული რეგულაციების მიუხედავად, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა და მისი აღსრულება გარკვეულ ნაკლებს შეიცავს. სოციალური ქსელებით მიმდინარე საარჩევნო კამპანია არ რეგულირდება. სოციალური ქსელები, განსაკუთრებით კი "ფეისბუკი" ინფორმაციის მიღების მეორე ყველაზე მსხვილი წყაროა ტელევიზიის შემდეგ. ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან საუბრისას პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეების უმრავლესობამ ხაზგასმით აღნიშნა ონლაინ წარმოებული საარჩევნო კამპანიის მნიშვნელობა. თუმცა, გამოთქვა შეშფოთებაც, რომ ამ გზით შესაძლოა გავრცელდეს დეზინფორმაციაც და მანიპულაციური ინფორმაციაც, რაც ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს საარჩევნო კამპანიის დისკურსსა და ზოგადად, ამომრჩევლების მიერ გაკეთებულ არჩევანზე. ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია მონიტორინგს უწევს სოციალური ქსელებით მიმდინარე კამპანიას შემდგომში მისი ტონისა და თემატური სურათის თვისებრივი ანალიზის მოსამზადებლად", - ნათქვამია ანგარიშში. ორგანიზაცია ასევე წერს, რომ პოლარიზაცია მედიაგარემოშიც ვლინდება. 

ორგანიზაცია საუბრობს წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ნაწილზეც და აღნიშნავს, რომ "2023 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით შემცირდა პოლიტიკური პარტიების მიერ ყოველწლიური დანახარჯების ზედა ზღვარი მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1 პროცენტიდან 0.04 პროცენტამდე, რაც მიმდინარე წლისთვის 32 მილიონ ლარს შეადგენს". 

"2024 წლის მაისში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში მიღებული ცვლილებებით ანტიკორუფციულ ბიუროს მიენიჭა უფლებამოსილება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსთხოვოს პოლიტიკური პარტიის გაუქმება ინფორმაციის გაცემის მოთხოვნების ორი წლის განმავლობაში ზედიზედ შეუსრულებლობის გამო; კანონი ასევე უფლებამოსილებას ანიჭებს ანტიკორუფციულ ბიუროს გამოკითხოს ცალკეული პირები. 7 აგვისტოს ანტიკორუფციულმა ბიურომ თავისი მოვალეობის ფარგლებში პოლიტიკურ პარტიებს მოსთხოვა 2024 წლის იანვრიდან აგვისტოს პერიოდის ამსახველი ფინანსური ანგარიშების წარმოდგენა. ეს მოთხოვნა ერთმა პარტიამ არ შეასრულა. 52 მესამე მხარის მიერ წარმოებული წინასაარჩევნო კამპანია არ რეგულირდება; თუმცაღა, კანონის თანახმად გაერთიანებებს, რომლებიც არ არიან საარჩევნო სუბიექტებად დარეგისტრირებული, შესაძლებლობა აქვთ აწარმოონ კამპანია იმ შემთხვევაში, თუ ისინი საჯაროდ განაცხადებენ, რომ მათი განზრახვა ძალაუფლების მოპოვებაა და ასეთი სუბიექტებს წინასაარჩევნო დაფინანსების მარეგულირებელი დებულებების თანახმად "გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე" სუბიექტად ცხადდება. 27 აგვისტოს და 24 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ რამდენიმე ორგანიზაცია და ფიზიკური პირი "გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად" გამოაცხადა, დაადგინა რა, რომ მათ მიერ წარმოებული კამპანია ოპოზიციის გზავნილებს ეხმიანებოდა. 53 ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან საუბრისას პროცესში ჩართულმა ბევრმა დაინტერესებულმა მხარემ აღნიშნა, რომ ამგვარი სახელდება პოლიტიკურად მოტივირებულად მიაჩნია", - ვკითხულობთ შუალედურ ანგარიშში. 

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს სადამკვირებლო მისიების მუშაობაზეც. როგორც ანგარიშშია ნათქვაიმ, "საარჩევნო კომისიამ აკრედიტაცია მიანიჭა 68 ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას ჯამში 2 602 დამკვირვებლით და 51 საერთაშორისო სადამკვირვებლო ჯგუფს ჯამში 512 დამკვირვებლით". თავად ეუთო/ოდირის სადამკვირებლო მისია თბილისში მომუშავე 12 საერთაშორისო ექსპერტისგან და 30 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედგება. მათ  მთელი ქვეყნის მასშტაბით წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვება 19 სექტემბრიდან დაიწყეს. 

 
 
 
 
 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *