ავტორი: რუსა მაჩაიძე
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, საზღვარგარეთ, 42 ქვეყნის 53 ქალაქში 60 უბანი გაიხსნება. გადაწყვეტილება ცესკომ უკვე მიიღო და ემიგრანტების აქტიურობის მიუხედავად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ უბნების რაოდენობა არ გაიზრდება. ამასთან ჯერ კიდევ უცნობია, მოცემულ უბნებზე ჯამში რამდენი ადამიანი მისცემს ხმას, რადგან შესაბამისად მონაცემებს ცესკო, ჯერჯერობით, არ აქვეყნებს. არადა, ემიგრანტთა რეგისტრაციის ვადა 7 ოქტომბერს ამოიწურა.
რამდენი ამომრჩეველი ცხოვრობს საზღვარგარეთ?
ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს, რადგან სახელმწიფოს არ გააჩნია სტატისტიკა, რამდენი მოქალაქეა საქართველოდან ემიგრაციაში წასული. სხვადასხვა და რა თქმა უნდა, სავარაუდო გათვლებით, მათი რაოდენობა, შესაძლოა 1,4 მილიონს აღწევდეს. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ემიგრაციაში (ანუ, ქვეყნიდან გავიდა და არ დაბრუნებულა) 163 ათასზე მეტი ადამიანი წავიდა. 2019 წელს კი, გაეროს შეფასებით, 852 ათასი ადამიანი ემიგრირდა.
ცესკოს მონაცემებით, 42 ქვეყნის დედაქალაქში თითო უბანი გაიხსნება. კერძოდ, ავსტრიაში, ბელარუსში, ბელგიაში, ბულგარეთში, დანიაში, დიდ ბრიტანეთში, ესტონეთში, ირლანდიაში, ისრაელში, კანადაში, კვიპროსში, ლატვიაში, ლიეტუვაში, მოლდოვაში, ჰოლანდიაში, პოლონეთში, პორტუგალიაში, საფრანგეთში, სლოვაკეთში, სომხეთში, უზბეკეთში, უნგრეთში, ქუვეითში, ყაზახეთში, შვედეთში, შვეიცარიაში, ჩეხეთში, კატარში, ჩინეთში, ნორვეგიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ფინეთში, სამხრეთი კორეაში, იაპონიაში, ავსტრალიაში.
2 უბანი გაიხსნება ესპანეთში - მადრიდსა და ბარსელონაში; 3 უბანი - აზერბაიჯანში და სამივე ბაქოში; იგივე რაოდენობის უბნები გაიხსნება თურქეთში, კერძოდ, ანკარაში, სტამბოლსა და ტრაპიზონში. ასევე, იტალიაში -რომი, ბარი, მილანი; 4 უბანი გაიხსნება გერმანიაში. კერძოდ, ბერლინში, ფრანკფურტში, მიუნხენსა და შტუტგარში. 5 უბანი იმუშავებს აშშ-ში. აქედან 3 ნიუ-იორკში; ერთი სან-ფრანცისკოსა და ერთიც ვაშინგტონშ. საბერძნეთში კი, სამი უბანი ათენში გაიხსნება, 2 - სალონიკში.
პირველად იხსნება უბნები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ფინეთში, სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და ავსტრალიაში. ამ ქვეყნების უბნებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რიცხვი 52-დან 136-მდე მერყეობს.
ცნობისთვის, კანონით განსაზღვრულია, რომ უბნის გახსნისთვის მინიმუმ, 50 ამომრჩეველი უნდა იყო რეგისტრირებული. უბნის ზედა ზღვარი კი, 3 ათასითაა განსაზღვრული.
ცესკომ არ გაითვალისწინა იმ ემიგრანტების მოთხოვნები, რომლებიც უკვე თვეებია საუბრობენ, რომ შესაბამის ლოკაციაზე საარჩევნო უბნის არარსებობის გამო, ხმის მისაცემად მათ ხშირად ასობით და ზოგ შემთხვევაში, ათასობით კილომეტრის გავლა უწევთ, დროსთან ერთად, დამატებით ხარჯებსაც მოითხოვს.
ემიგრანტების მოთხოვნას მეტი უბნის გახსნასთან დაკავშირებით, მხარს უჭერენ პრეზიდენტი, პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. მიუხედავად ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოთხოვნა ცესკომ არ დააკმაყოფილა. ემიგრანტებისა და მათი მხარდამჭერების მოთხოვნა არც სასამართლომ გაითვალისწინა. საქალაქო სასამართლოს, შესაბამისი სარჩელით, სადამკვირვებლო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა” (ISFED) მიმართა. ცალკე სარჩელი მოამზადა ნაციონალურმა მოძრაობამაც.
"კონსტიტუციის 37-ე მუხლი ხელისუფლებას ავალდებულებს, არჩევნები საყოველთაო პრინციპის გათვალისწინებით ჩატარდეს. საყოველთაობა ნიშნავს, რომ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ყველა ამომრჩეველს, უბნებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონდეს. ხმის მიცემის თანაბარი შესაძლებლობა საზღვარგარეთ უზრუნველყოფილი არ გახლავთ", - განმარტავს ISFED-ის წარმომადგენელი, გიორგი მონიავა.
ეს გახლავთ მთავარი მიზეზი, რის გამოც მოსარჩელეები, სასამართლოს გადაწყვეტილებას ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევენ. "ემიგრანტებს ხმის მიცემის უფლება სასამართლომაც წაართვა", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, თამარ კორძაიამ.
როგორც მან სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, „კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლების ყველა შტო ბიძინა ივანიშვილის დავალების შესრულებაშია ჩართული“. მისივე განცხადებით, სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალომე სამხარაძემ განიხილა, რომელიც, კორძაიას ცნობითვე, აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლის, ლევან მუსურიძის ყოფილი თანაშემწეა. საზღვარგარეთ მხოლოდ 60 უბნის გახსნას, საქართველოს პრეზიდენტი “სირცხვილად” აფასებს.
რა ტიპის ბარიერები შეექმნათ ემიგრანტებს საზღვარგარეთ რეგისტრაციისთვის?!
საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, დამატებითი პრობლემის წინაშე მაშინ აღმოჩნდნენ, როდესაც საარჩევნო რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქე საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე უნდა იმყოფებოდეს, ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა იყოს რეგისტრირებული.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საკონსულო აღრიცხვის პროცედურა სულ 65 508 ამომრჩეველმა გაიარა. თუმცა, ამ მონაცემებს ეჭვქვეშ თავად ემიგრანტები აყენებენ. კოალიცია "ჩემი ხმა" კი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა შექმნეს, საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების საარჩევნო სიაში აღრიცხვის გაუმჭვირვალობაზე აკეთებს აქცენტს.
30 სექტემბერს, "ჩემი ხმის" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ლონდა თოლორაიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "26 სექტემბრის მონაცემებით, რეგისტრირებული ამომრჩევლების რიცხვი უფრო ნაკლებია, ვიდრე 2024 წლის 9 აგვისტოს დაფიქსირდა, არადა, მისივე თქმით, "ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ხმის მიცემის მხარდამჭერი კამპანია მხოლოდ გაძლიერდა" და შესაბამისად, რეგისტრაციით უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდა.
მისი ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს 67 347 მოქალაქე იმყოფებოდა. სექტემბრის ბოლოს კი, საგარეო უწყებამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მხოლოდ 65 000 ამომრჩევლის მონაცემი გადასცა.
"9 აგვისტოდან დღემდე, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ვებგვერდზე, საკონსულო აღრიცხვაზე ონლაინსისტემით დარეგისტრირებულ პირთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდებოდა. შესაბამისად, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი სრულწლოვანი ამომრჩევლების რაოდენობა, რეალურად, იმაზე მეტი უნდა იყოს, ვიდრე სამინისტრომ ცესკოს მიაწოდა", - განაცხადა 30 სექტემბერს ლონდა თოლორაიამ.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ცესკომ, საზღვარგარეთ უბნები, სწორედ ამ მონაცემების საფუძველზე გახსნა. თუმცა, საზღვარგარეთ რეგისტრაცია, კანონმდებლობით, სექტემბრის ბოლოს არ დასრულებულა და ემიგრანტებს საშუალება ჰქონდათ, რეგისტრაცია 7 ოქტომბრის ჩათვლით გაევლოთ, ანუ საკონსულო აღრიცხვაზე მათი საცხოვრებელი ქვეყნის მითითებით დამდგარიყვნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებპორტალზე, 7 ოქტომბერს, იმ დროს, როდესაც რეგისტრაცია საბოლოოდ დასრულდა, 26 სექტემბრის მონაცემებთან შედარებით, 22 ათასი ადამიანით მეტი ამომრჩეველი დარეგისტრირდა.
რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ საზღვარგარეთ მცხოვრები დევნილები?
ემიგრანტების საარჩევნო რეგისტრაციისას კიდევ ერთი პრობლემა გამოიკვეთა. როგორც გაირკვა, დევნილებს სტატუსიც დაუკარგავთ და ვერც საარჩევნო რეგისტრაციას ახერხებდნენ.
საქმე ის არის, რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად, ამომრჩეველთა სიები ცესკოს სხვადასხვა სახელმწიფო რესურსებიდან, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, ასევე, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებიდან და სხვა უწყებებიდან მიეწოდებათ.
ამომრჩევლები ერთიან სიაში რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ხვდებიან. გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები და ამომრჩეველთა სიაში შეყვანა ხდება მათი ფაქტობრივი მისამართის მიხედვით. თუმცა, კანონმდებლობის თანახმად, ეს ფაქტობრივი მისამართი მხოლოდ დევნილის სტატუსთან ერთად მუშაობს. ის პირები, ვისაც დევნილიბის სტატუსი შეწყვეტილი აქვთ და რეგისტრაციის ადგილად კვლავ ოკუპირებული ტერიტორიები უფიქსირდებათ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების არჩატარების გამო, ისინი ამომრჩეველთა სიებში ვერ ხვდებიან.
დევნილთა თქმით, 2013 წელს დევნილტა სააგენტომ ბაზა განაახლა და ის ადამიანები, ვინც იმ დროს საქართველოში არ იმყოფებოდნენ და ხელახლა რეგისტრაციისთვის ვერ მივიდნენ, დევნილის სტატუსი შეუწყდათ. მათივე განცხადებით, გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არავის მიუწოდებია.
სწორედ ამიტომ, საარჩევნო რეგისტრაციისას აღმოაჩინეს, რომ სტატუსთან ერთად, ხმის მისაცემად, ფაქტობრივი მისამართის დაზუსტებაც მოეთხოვებოდათ. ანუ, ემიგრაციაში მყოფი დევნილები, სტატუსის აღსადგენად თბილისში უნდა დაბრუნებულიყვნენ, რადგან სხვა ფორმით რეგისტრაციაზე დევნილთა სამინისტრომ მათ უარი უთხრა. რაც მთავარია, დევნილთა სტატუსი რომც აღედგინათ, საარჩევნო სიაში ვერ მოხვდებოდნენ. ცესკოს მოთხოვნით, მათ საარჩევნო რეგისტრაციისთვის ფაქტობრივი მისამართი უნდა დაეფიქსირებინათ და არა ოკუპირებული ტერიტორია, რაც დევნილთა უმრავლესობის განცხადებით, პრინციპულად მიუღებელია. ამას ემატება ისიც, რომ შესაბამისი მოთხოვნის შესახებ, მათ დაგვიანებით შეიტყვეს, შესაბამისად, სტატუსის აღდგენასა და საარჩევნო რეგისტრაციისთვის საკმარისი დროც არ ჰქონდათ.
"აღმაშფოთებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი საქართველოს მოქალაქეებისთვის ხმის უფლების შეზღუდვის ფაქტი. მიგვაჩნია, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს საკანონმდებლო ბერკეტი, რათა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რეგისტრაციის არმქონე დევნილ და არადევნილ თანამოქალაქეებს სპეციალურ საარჩევნო სიაში შეყვანის გზით", - თქვა 3 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე "ჩემი ხმის" წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ.
ემიგრანტებიც და ქვეყნის შიგნითაც მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ მიზანმიმართულად არაფერი გააკეთა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების კონსტიტუციური უფლების რეალიზებისთვის, რათა არჩევნებში მონაწილეობა დაუბრკოლებლად შეძლებოდათ. მათი თქმით, "ხელისუფლებამ იცის, რომ მმართველი პარტიის მიმართ საზღვარგარეთ კრიტიკული განწყობებია, შესაბამისად, ემიგრანტებს ხელოვნურ ბარიერებს უქმნის".
ცნობისთვის, 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე, ხმების 53.4% მოაგროვა, 2016 წელს - 39.6%, 2020 წელს კი - 29%. 2020 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 45.6% მიიღო, 25.4% კი სხვა პარტიებმა გადაინაწილეს.
7 ოქტომბერს, პრეზიდენტმა, საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც საჯარო უწყებებს საზღვარგარეთ არჩევნების უპრობლემოდ ჩატარების პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ შეახსენა.
"ბოლო პერიოდში, დიასპორა, რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ძალიან გააქტიურდა. ყველა უწყება, ცესკო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, საკონსულოები - ყველა ჩართული იყო იმაში, რომ მათთვის ყველანაირი შეფერხება შეექმნა, მაგრამ დიასპორამ მაინც შეძლო, რომ აღრიცხვაზე დიდი რაოდენობით ემიგრანტი დაფიქსირებულიყო. ახლა საკონსულოების, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს პასუხისმგებლობაა, ისე მოაწყონ საარჩევნო უბნები, რომ არჩევნების დღეს პრობლემა არ შეიქმნას. მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ უშუალოდ მათი პასუხისმგებლპობაა, თუ სადმე ის დამატებითი ფართი არ გაიხსნა, რაც დარეგისტრირებულიო ადამიანების ხმის მისაცემადაა საჭირო. ეს არის ძალიან სერიოზული გაფრთხილება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ არჩევნების დღეს, რეზიდენციაში საკოორდინაციო პლატფორმა იმუშავებს.
0 კომენტარი