საქართველოში მოქმედი ტელეკომპანიები, "მთავარი არხი", "ფორმულა" და "ტვ-პირველი" ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ მმართველი პარტიის მოთხოვნისა და მუქარის მიუხედავად, ეთერში "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ბანერებსა და ვიდეორგოლებს არ განათავსებენ, სადაც ოკუპანტი რუსებისგან დანგრეული უკრაინის კადრებია გამოყენებული.
"ქართული ოცნება" აგრძელებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას და ახლა უკვე ტელევიზიებისგან მოითხოვს იმ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებას, რომლებიც ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი.
ივანიშვილის კუთვნილი ხელისუფლება გვაყენებს დილემის წინაშე - ან დავუთმოთ ეთერი ზემოაღნიშნულ ვიდეორგოლებს, ან დაგვეკისრება დიდძალი ჯარიმები, რაც, შესაძლოა, არხების საქმიანობის შეჩერების საფრთხემდეც მივიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისგან დაკისრებული დაუსრულებელი ჯარიმები კრიტიკული არხებისთვის მძიმე ტვირთია, ჩვენ მაინც არ ვაპირებთ, თუნდაც ირიბად, ხელი შევუწყოთ "ქართული ოცნების" რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას", - ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ სამივე ტელეკომპანია "იზიარებს ევროკავშირის შეფასებას, რომ ეს არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი კამპანია".
ამასთან, ტელეკომპანიები მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, დასავლეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს, "დააფიქსირონ სათანადო რეაქცია "ქართული ოცნების" ქმედებაზე და მხარში დაუდგნენ კრიტიკულ არხებს ამ პრინციპულ საკითხში, რომელიც ცდება პოლიტიკური გემოვნების ჩარჩოებს და სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობის თემას წარმოადგენს".
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, თბილისის ქუჩებში გამოჩნდა საარჩევნო ბანერები, რომლის ერთ მხარეს, ნაცრისფერ ფონზე, რუსეთის თავდასხმების შედეგად დანგრეული უკრაინის ქალაქების, ეკლესიების, საავადმყოფოებისა და თეატრების ფოტოებია ნაჩვენები, მეორე მხარეს კი, ფერადი კადრებია აღბეჭდილი საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა თუ შენობის ხედით. პარალელურად, მმართველმა პარტიამ გამოაქვეყნა იმავე შინაარსის ვიდეორგოლი. ბანერები გახლავთ "ქართული ოცნების" საარჩევნო რიტორიკის გაგრძელება, რომ "ქართულმა საზოგადოებას არჩევანი უნდა გააკეთოს ომსა და მშვიდობას შორის".
0 კომენტარი