ბრიტანეთის საელჩომ Facebook-ზე ბრიტანეთის ელჩის, გარეტ უორდის განცხადება გაავრცელა, რომელშიც ელჩმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის" საკანონმდებლო პაკეტის მიღების გამო. მისი თქმით, ახალი კანონები  საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ უფლებებს, განსაკუთრებით კი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და რისკის შემცველია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.

"ვწუხვართ, რომ ხელი მოეწერა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონთა პაკეტს. ეს კანონთა პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და რისკის შემცველია ყველა საქართველოს მოქალაქისთვის. ის ხელს შეუწყობს ისედაც მოწყვლადი ჯგუფების მიმართ კიდევ უფრო მეტ დისკრიმინაციას და მარგინალიზაციას."- წერია განცხადებაში. 

გარეტ უორდი შეშფოთებას კანონების მიღების სისწრაფის გამოც გამოხატავს: "შეშფოთებულები ვართ, რომ კანონთა პაკეტი მიღებულ იქნა ასეთ მოკლე დროში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გადახედოს "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონთა პაკეტს" – აღნიშნა მან.

ელჩმა თავისი განცხადება ბრიტანეთისა და საქართველოს ხანგრძლივ ურთიერთობებზე საკანონმდებლო პაკეტის შესაძლო ზეგავლენაზე ხაზგასმით დაასრულა, მისი თქმით "ეს კანონები ეჭვქვეშ აყენებს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მრავალწლიან ურთიერთობას."

ცნობისთვის, პარლამენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდველი, "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი 17 სექტემბერს მიიღო. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო.

გუშინ, 2 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის მიერ მიღებულ ანტი-LGBTQ+ კანონთა პაკეტს ხელი არ მოაწერა. თუმცა, ზურაბიშვილმა ვეტოს უფლება არ გამოიყენა. საკანონმდებლო პაკეტს ხელი დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოაწერა.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *