გაეროს აივ/შიდსის გაერთიანებული პროგრამა (UNAIDS) ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მიერ მიღებულ ჰომოფობიურ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც, მათი თქმით, სერიოზულ რისკებს უქმნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებების დაცვის პროცესს.
ორგანიზაცია უერთდება ადამიანის უფლებათა უზენაესი კომისრის ოფისის განცხადებას, რომელიც აღნიშნავს, რომ ეს საკანონმდებლო პაკეტი "აწესებს დისკრიმინაციულ შეზღუდვებს განათლებაზე, საჯარო დისკუსიებზე და სექსუალურ ორიენტაციასთან და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ შეკრებებზე".
UNAIDS ხაზს უსვამს, რომ მსგავსი დისკრიმინაციული კანონმდებლობა არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს და აძლიერებს სტიგმას, რაც ხელს უშლის LGBTQ+ ადამიანების შეუზღუდავ წვდომას აუცილებელ ჯანდაცვის მომსახურებაზე. ეს კი თავის მხრივ, ართულებს საქართველოს მცდელობებს აივ-ის და სხვა ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში:
"ჩვენი ორგანიზაცია აცხადებს, რომ თანამედროვე საზოგადოებაში არ უნდა არსებობდეს კანონები, რომლებიც LGBTQ+ ინდივიდების დისკრიმინაციას ეწევიან. ასეთი კანონები იწვევენ შევიწროებას, დისკრიმინაციას, ძალადობას და სოციალური განხეთქილებას, რაც საფრთხეს უქმნის აივის ეპიდემიის დასრულების მცდელობებს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაუქმოს ეს საზიანო კანონები. სტიგმა კლავს, მაგრამ სოლიდარობა სიცოცხლეს ინარჩუნებს. LGBTQ+ ადამიანების უფლებების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, სოციალური სოლიდარობისა და თანასწორობისათვის" – ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდველი, "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი 17 სექტემბერს მიიღო. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო.
გუშინ, 2 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის მიერ მიღებულ ანტი-LGBTQ+ კანონთა პაკეტს ხელი არ მოაწერა. თუმცა, ზურაბიშვილმა ვეტოს უფლება არ გამოიყენა. საკანონმდებლო პაკეტს ხელი დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოაწერა.
0 კომენტარი