თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელის, მაიკლ კარპენტერის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება საქართველოს ევროინტეგრაციიდან 180 გრადუსით აშორებს და თუ არჩევნები არ იქნება სამართლიანი და თავისუფალი, ზომების მიღებას გააგრძელებენ.
ეს განცხადება მან ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის კითხვის პასუხად გააკეთა, რომელიც ბიძინა ივანიშვილსა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა.
კარპენტერის განცხადება: "რასაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება ახლა აკეთებს, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციიდან 180 გრადუსით დაშორებაა. თუ ისინი გააგრძელებენ ამ გზას - სამოქალაქო საზოგადოებისთვის ძირის გამოთხრას, ფუნდამენტური თავისუფლებების დარღვევას, უცხოელ აგენტებზე კანონის აღსრულებას და თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, ევროკავშირსა და NATO-ში მალე არ შევლენ. ჩვენ განვაგრძობთ ზომების მიღებას, რომლებიც გვაქვს ჩვენი სავიზო პოლიტიკისა და გლობალური მაგნიტსკის სანქციების მიმართ, რომლებიც ეკისრებათ მათ, ვინც არღვევენ დემოკრატიულ ნორმებს.
არ შეიძლება იყოს ამხელა უფსკრული ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მომავლის მისწრაფებასა და იმას შორის, რასაც ამჟამად ხელისუფლება აკეთებს. მინდა, ვიყო აბსოლუტურად მკაფიო. ის, რასაც ადგილზე ვხედავთ, მიუღებელია."
0 კომენტარი