საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ “მიზანშეწონილად მიაჩნია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას”.
"ის ფაქტი, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აქვს განცხადებული საარჩევნო მიზანი და ის აწარმოებს ღია საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდას მმართველი პარტიის წინააღმდეგ, რისთვისაც შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებსაც იყენებს, ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის ცხადია. აქედან გამომდინარე, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, სამართლებრივი თვალსაზრისით, უტყუარობის უმაღლესი სტანდარტით არის დასაბუთებული და სრულად შეესატყვისება "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების მართებულობა პირველი ინსტანციის სასამართლომაც დაადასტურა.
თუმცა, სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოიკვეთა, მიზანშეწონილად მიმაჩნია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას. ამასთან, სასურველია, იგივე მიდგომა გავრცელდეს გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებზეც.” - წერს ირაკლი კობახიძე.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის საარჩევნო მიზნისა და "მრავალწლიანი რადიკალური და მაპოლარიზებელი პოლიტიკური დღის წესრიგის" შესახებ საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია და "საზოგადოების მიერ სათანადო დასკვნების გამოსატანად, ამ ორგანიზაციისთვის არავითარი სამართლებრივი სტატუსის შეფარდება არ არის აუცილებელი."
24 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად დაასახელა. ფაქტს სენატორები ჯიმ რიში, ბენ კარდინი, პიტ რიკეტსი და ჯინ შაჰინი გამოეხმაურა და ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას შემაშფოთებელი უწოდეს.
პრემიერ მინისტრის განცხადებას მალევე გამოეხმაურა "აირჩიე ევროპის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელმაც აღნიშნა, რომ ხელისუფლების პოზიციის ცვლილება "მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ხელისუფლების ცვლილებისკენ".
"როგორც ახლა მოუწია საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი სიმართლის აღიარება, ასევე მოუწევს არჩევნების შედეგების აღიარება", - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
0 კომენტარი