გამოცემა Sky News-ის ჩატარებული გამოძიების მიხედვით, სანქციების მიუხედავად, რუსეთში ევროპაში წარმოებული ძვირადღირებული მანქანები უკანონოდ მაინც შეაქვთ, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, მეშვეობით ხერხდება.
სტატიაში აღნიშნულია, რომ დასავლეთის მხრიდან დაწესებული მრავალი სანქციის მიუხედავად, რიგი სანქცირებული საქონლის რუსეთში შეტანა მაინც ხერხდება.
გამოცემა წერს, რომ ამ ავტომობილების კავკასიაში მოხვედრის შემდეგ, მათი კვალი მონაცემთა ბაზებში ქრება.
როგორც Sky News-ის ჟურნალისტი ამბობს, მართალია, დასავლეთის ქვეყნებიდან რუსეთში სანქცირებული საქონლის ექსპორტი შეწყდა, თუმცა სანქციების შემდეგ რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ამ საქონლის ექსპორტმა მკვეთრად იმატა.
"არსებობდა თეორია, რომ რუსული სამხედრო მანქანისთვის იმ ნაწილებზე წვდომის შეზღუდვით, რომლებიც სჭირდებოდა და რუსი უფროსი ბიზნესმენებისთვისა და მაღალჩინოსნებისთვის დასავლური ფუფუნების საგნების მოკლებით, ევროპულ სახელმწიფოებს პუტინის სახელმწიფოსთან პირდაპირი ომის გარეშე ეკონომიკური ზიანის მიყენება შეეძლოთ.
თუმცა, მონაცემები ოდნავ სხვა სურათს ხატავს. მართალია, ამ საქონლის ექსპორტი რუსეთში 0-მდე დაეცა, მაგრამ რუსეთის რიგ მეზობელ ქვეყებში მკვეთრად გაიზარდა. უცაბედად, ბრიტანეთი დრონების აღჭურვილობას ყირგიზეთს უგზავნიდა; უცებ, ძვირადღირებულ ავტომანქანებს აზერბაიჯანში ვაგზავნიდით იმ რაოდენობით, რომელთანაც აქამდე ახლოსაც არ მივსულვართ". - წერია სტატიაში.
Sky News-ის ჟურნალისტებმა საქართველოდან რუსეთში სანქცირებული მანქანების გადატანის სქემების გამოსაძიებლად სავაჭრო სქემებში ჩართული ადგილობრივი პირები გამოჰკითხეს და ლარსის გამშვებ პუნქტს თავადაც ეწვივნენ.
ჟურნალისტები საზღვართან ავტომზიდებს გაჰყვნენ, რომლებსაც Range Rover-ის უახლესი მოდელები გადაჰქონდათ და გამშვებ პუნქტთან ავტოპარკში მრავალი ძვირადღირებული მანქანა აღმოაჩინეს, რომლებიც რუსეთის საზღვარზე გადაჰქონდათ. Range Rover-ის მანქანების სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრების შემოწმების შემდეგ ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ისინი 2024 წელს დამზადდა.
გამოცემის ინფორმაციით, საქართველოში მანქანები რუსეთის საზღვრამდე თბილისის საგამოფენო დარბაზებიდან ან ბათუმის პორტებიდან გადამზიდებს მიაქვთ, რომელთა უმეტესობამაც არ იცის, ეს მანქანები საქართველოში საიდან მოხვდა.
მანქანების საზღვართან მიტანის შემდეგ მათ რამდენიმე დღით ავტოპარკებში ტოვებენ, სანამ აუცილებელ დოკუმენტაციას ამზადებენ. როგორც Sky News-ი აღნიშნავს, მართალია, საქართველომ რუსეთში მანქანების გაგზავნაზე თავისი აკრძალვაც დააწესა, მაგრამ სანქციებისთვის თავის არიდების არაერთი საშუალება არსებობს.
ჟურნალისტებმა რამდენიმე გზა გაარკვიეს, რომელსაც საქართველოდან რუსეთში მანქანების გადატანისთვის მიმართავენ. გადამზიდები ზოგჯერ ლარსის გამშვებ პუნქტამდე მისვლამდე მანქანას ან მანქანებს სომხეთში განაბაჟებენ და არეგისტრირებენ. როგორც გამოცემა წერს, გადამზიდებს ზოგჯერ ურჩევენ, თქვან, რომ რუსეთს ყირგიზეთში მისასვლელად გადიან.
საბოლოოდ, ამ მანქანებს საზღვარზე სატრანზიტო სანომრე ნიშანს აძლევენ. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის უვიზო მიმოსვლა მოქმედებს, გადამზიდებს მხოლოდ საზღვრის გადაკვეთა, მანქანის შეთანხმებულ ადგილას დატოვება და უკან დაბრუნება უწევთ.
"ყველა ხეირობს, უკრაინის გარდა". - წერია სტატიაში.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ სანქციებს თავს არიდებას არა მხოლოდ სანქცირებული მანქანების, არამედ სხვა, ომისთვის უფრო მნიშვნელოვანი რესურსების, მაგალითად ელექტრონული ნაწილებისა და რადარების, გადატანისასაც ახერხებენ. სტატიის ავტორის განმარტებით, ძვირადღირებულ მანქანებზე ყურადღება იმიტომ გაამახვილეს, რომ მათი დამალვა რთულია და ადგილზე სიტუაციისთვის ვიდეოებისა და ფოტოების გადაღებით მედია ვიზუალური მტკიცებულებების წარდგენას ახერხებს.
"მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული სამეფოს ავტომწარმოებლები და ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ამ არაოფიციალური სავაჭრო გზების აღმოსაფხვრელად ყველაფერს აკეთებს, ჩვენი გამოძიების ალბათ ყველაზე საოცარი დასკვნა არის ის, რომ საქართველოში ადგილზე არავინ არ ცდილობს, დამალოს, რაც ხდება. ყველამ იცის, რომ ეს მაღალი ხარისხის ევროპული მანქანები რუსეთში არ უნდა მიდიოდეს, მაგრამ ისინი საზღვარს ყოველდღე სათითაოდ მაინც გადიან. ყველამ იცის, რაც ხდება, მაგრამ არავინ არაფერს არ აკეთებს, რომ შეაჩეროს". - წერია სტატიაში.
0 კომენტარი