არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს ინფორმაციით, საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ "რუსული მსხვილი კომპანიები ქართულ ეკონომიკაში ხშირ შემთხვევაში ოფშორული ან შუამავალი კომპანიების მეშვეობით ხვდება, რაც ართულებს იმის დაზუსტებას თუ კონკრეტულად ვინ დგას ამა თუ იმ კომპანიის უკან". ამასთან, არის შემთხვევები, როდესაც საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის, ან მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირების მფლობელობაში არსებული კომპანიები სტატისტიკის სამსახურის ოფიციალურ მონაცემებში აღრიცხული არ არის, - რაც ასევე იწვევს უზუსტობას იმასთან დაკავშირებით, თუ რა რაოდენობის რუსული კომპანია ოპერირებს საქართველოში და როგორია მათი საქმიანობის სფერო.
IDFI-ს მიერ ჩატარებული კვლევითვე, ათასობით რუსული შპს-სა და ინდ.მეწარმის როგორც იურიდიული, ასევე ფაქტობრივი მისამართის მიკვლევადობა შეუძლებელია, რადგან რეგისტრაციისას ისინი ერთსა და იმავე იურიდიულ მისამართებს იყენებენ, რომლებზეც შენობა-ნაგებობა ან საერთოდ არ არის განთავსებული, ან ტერიტორია მხოლოდ რამდენიმე კვ.მ-ია.
"რუსული მსხვილი კომპანიები გვხვდება ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკაში, ტელეკომუნიკაციებში, მრეწვლობაში, სათამაშო ბიზნესში, და ა.შ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაშია 37,400 -მდე კომპანია (მათ შორის, 494 საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე), საიდანაც 30,000-ზე მეტი კომპანია 2022 წლის შემდგომ არის დარეგისტრირებული. რეგისტრირებული კომპანიებიდან აქტიური სტატუსი 20,885-ს აქვს. საქართველოში ჯამში აქტიური სტატუსის მქონე კომპანიების რაოდენობა 257 245-ია, გამოდის რომ მათგან 8.1% რუსეთთან არის დაკავშირებული.
რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების მონაცემთა ბაზა, ასევე ნაწილობრივ ფარავს საქართველო/რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიერ დაფუძნებულ კომპანიებს. კერძოდ, ამ კომპანიებიდან ჯამში 494 საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიერ არის დაფუძნებული, აქტიური სტატუსის მქონე კომპანიებიდან კი 100. მათ შორის, მაგალითად გვხვდება შპს "ქართული ოცნება", რომლის საქმიანობაა ხმის ჩაწერის და მუსიკალური ჩანაწერების საგამომცემლო საქმიანობები. კომპანიის 100%-ს ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ფლობს და საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერით, რომელიც 2018 წლით თარიღდება, ბერა ივანიშვილი საქართველო-რუსეთის ორმაგ მოქალაქედ არის რეგისტრირებული", - აღნიშნულია ანგარიშში.
ირკვევა ისიც, რომ ორმაგი მოქალაქეების თანამონაწილეობით დაფუძნებული კომპანიების შესახებ ინფორმაცია, მონაცემთა ბაზაში სრულყოფილად არ არის წარმოდგენილი. მაგალითად, მსხვილ კომპანიებს შორისაა უკრაინის მთავრობის მიერ სანქცირებული - საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანია შპს "კ და ქართული სპირტი". თუმცა, სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით მის მფლობელობაში სხვა არაერთი კომპანიაა, რომელიც არ არის ასახული ბაზაში. მაგალითად, ის არის საქართველოს ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფის Bolero & Company-ის დამფუძნებელი, ასევე, შპს GVMT Group-ის 100%-ის და შპს "ალიანსი და კომპანია" -ს 50%-ის მფლობელი.
ვახტანგ კარიჭაშვილთან დაკავშირებული კომპანიების მენეჯმენტში აქტიურად გვხდებიან "ქართული ოცნების" დამფინანსებლები. მიკვლეული კომპანიების მენეჯმენტს მმართველი პარტიისთვის ჯამურად 556 000 ლარი აქვთ შეწირული. ამასთან, კომპანიის შვილობილი საწარმოები მილიონობით ლარს იღებენ სახელმწიფოსგან გამარტივებული შესყიდვების სახით - შესყიდვები ძირითადად რთველის სუბსიდირების ფარგლებში ხდება. ჯამში კომპანიასთან დაკავშირებულ მიკვლეულ შპს-ებს 30 მლნ-ის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა უფიქსირდებათ.
კარიჭაშვილი უკრაინამ სანქცირებულ პირთა სიაში 2023 წელს შეიყვანა. სანქცირება მასსა და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნეს კავშირების მოტივით მოხდა. უჩა მამაცაშვილი უკრაინაში ასევე სანქცირებულთა სიაშია, ვახტანგ კარიჭაშვილი კი მასთან ერთად (50%-50%) ფლობს შპს "მელიქიშვილი ინნს". კომპანია თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე 10-სართულიან სასტუმროს აშენებს. კარიჭაშვილი უჩა მამაცაშვილთან ერთად ფლობს ბრიტანეთში დაფუძნებულ კომპანიას – GWP Wines and spirits limited-საც.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებული რუსული წარმომავლობის აქტიური სტატუსის კომპანიების 89% მცირე ზომისაა, საშუალო და მსხვილი კომპანიების რაოდენობა ჯამში მხოლოდ 0.5%-ია, ხოლო 10.6%-ის შემთხვევაში ეკონომიკური ზომა, ჯერჯერობით, უცნობია. კომპანიების 93% ინდივიდუალური მეწარმეების მიერ არის დაფუძნებული. ამასთან, რუსეთის მოქალაქეები ყველაზე ხშირად კომპანიების დასარეგისტრირებლად თბილისს ირჩევენ - აქტიური სტატუსის მქონე იურიდიული კომპანიებისა და ინდივიდუალური მეწარმეების თითქმის ნახევარი სწორედ თბილისშია რეგისტრირებული. რაც შეეხება საქმიანობის სფეროს, ყველაზე მეტი კომპანია IT მიმართულებით არის დაკავებული. რუსი მეწარმეების ინტერესშია უძრავ ქონებასთან და მშენებლობასთან დაკავშირებული საქმიანობებიც. კერძოდ, 2022 წლიდან მათ 134 უძრავი ქონების სააგენტო დაარეგისტრირეს, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების ყიდვა-გაყიდვისა და მომსახურების სფეროში კი დამატებით რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული 213 კომპანია ოპერირებს. სამშენებლო მასალების მოპოვების/რეალიზაციისა და სამშენებლო სამუშაოების ჩატარების საქმიანობის მიმართულებით 253 კომპანია ფიქსირდება რუსული კაპიტალის მონაწილეობით. მათი ნაწილი აქტიურად იღებს მონაწილეობას სახელმწიფო ტენდერებშიც. კერძოდ, რუსული კომპანიები გვხვდება გზების და ავტობანების მშენებლობის მიმართულებით - მაგალითად - შპს "ზუგდიდის საგზაო სამმართველოს", რომლის 51%-ს რუსეთის მოქალაქე ალექსანდრ ივანოვი ფლობს, 56 ტენდერი აქვს მოგეული, და ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20,725,249 მლნ აქვს მიღებული. 18 სახელმწიფო ტენდერი აქვს მოგებული სამშენებლო კომპანია "პასაჟი-საქართველოს", რომელიც რუსულ შპს პასაჟს ეკუთვნის და რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 15 მლნ ლარზე მეტი მიიღო. 188,460 ლარი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული შპს "ლამრო ინდუსტრის", რომლის 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ შამაევია. აქედან 86 400 ლარი კომპანიამ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამშენებლო სამუშაოებისთვის მიიღო.
IDFI-ს ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიებისა და ინდ. მეწარმეების რეგისტრაცია საქართველოში უმეტესად ფიქტიური მისამართის მითითებით ხდება. საქართველოში გვხვდება ათობით იურიდიული მისამართი სადაც ერთდროულად ასობით შპს და ინდივიდუალური მეწარმეა რეგისტრირებული. არის შემთხვევები, როდესაც ერთ იურიდიულ მისამართზე 1500-მდე პირია რეგისტრირებული. აღნიშნული მისამართების უმეტესობაზე შენობა-ნაგებობაც კი არ დგას, ტერიტორიების უმეტესობა დაუსახლებელი მიწებია, რომლის კანონიერი მფლობელები ძირითადად საქართველოს მოქალაქეები არიან. ამასთან, კვლევის მიხედვით, ერთსა და იმავე მისამართზე რეგისტრირებული ასობით მეწარმე მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეები იურიდიულ სტატუსს ფიქტიურად იღებენ - სავარაუდოდ ქონების მფლობელისთვის კონკრეტული საფასურის გადახდის სანაცვლოდ. აღნიშნული კი ართულებს საქართველოში რუსული კომპანიების მიკვლევადობას. აღსანიშნავია რომ სტატისტიკურ ინფორმაციაში ძირითადად არ არის მითითებული კონკრეტული ინდ. მეწარმეების ფიზიკური მისამართი. იურიდიულ მისამართად კი მათ უმეტესობას ფიქტიური ტერიტორიები აქვთ რეგისტრირებული. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ ინდ. მეწარმეებს იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართად ერთი და იმავე ტერიტორია აქვთ რეგისტრირებული, მაშინ როდესაც აღნიშნულ მისამართზე ასობით სხვა პირიცაა რეგისტრირებული. ჯამში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული აქტიური სტატუსის მქონე 20 886 კომპანიიდან, ფაქტობრივი მისამართი მითითებული მხოლოდ 20%-ს (1664-ს) აქვს.
"მიკვლეულ იურიდიულ მისამართებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ქვეყანაში რეგისტრირებული რუსი მეწარმეებიდან მინიმუმ ყოველ მეორეს იურიდიული მისამართი ფიქტიურად აქვს მითითებული", - ნათქვამია ანგარიშში.
0 კომენტარი