გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის შესაძლო გაერთიანების საკითხი ჩაიშალა. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპისთვის, თუმცა როგორც პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი ამბობს, არჩევნების შემდგომ პარლამენტში "ლელოსთან" თანამშრომლობის მოლოდინი აქვს. 

მანამდე კი, ჯერ კიდევ მაგიდაზეა ის სამი პუნტქი, რომელსაც გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძეს სთავაზობს: 

 1. ნეიტრალური პლატფორმა - ვთვლით, რომ ეს არის სამართლიანი და უსაფრთხო;

2. გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი, პარიტეტული პრინციპი;

3. კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი როგორც ქართულ ოცნებასთან, ისე ნაციონალურ მოძრაობასთან;

ჩაშლილი მოლაპარაკებების პარალელურად, ლიდერები იმ მიზეზების ნაწილზე საუბრობენ, რის გამოც გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის შეთანხმება ვერ შედგა. ამ მხრივ, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გაავრცელა ის პუნქტები, რასაც "ლელოს" ლიდერი მის გარშემო შექმნილ კოალიციასთან ერთად არ დათანხმდა. კერძოდ, გიორგი გახარიას თქმით, მამუკა ხაზარაძე არ დათანხმდა: 

1. ნეიტრალურ პლატფორმას, თქვა, რომ მას ბევრი მილიონი აქვს ჩადებული ლელოში და ნეიტრალური პლატფორმა ამის და დროის სიმცირის გამო არის შეუძლებელი.

2. გადაწყვეტილების მიღების პარიტეტის სამართლიან პრინციპს. ითქვა, რომ იქ კოალიცია და ბევრი სუბიექტია, თუმცა, ამ სუბიექტებთან ურთიერთობა მაშინაც და დღესაც არის გაურკვეველი.

3. კოალიციის დაუშვებლობის პრინციპს არამხოლოდ ქართულ ოცნებასთან, არამედ, ნაციონალურ მოძრაობასთანაც.

გიორგი გახარიას განცხადებითვე, მამუკა ხაზარაძის მოთხოვნებს შორის ერთ-ერთი პუნქტი იყო, რომ, "მაგალითად, გახარია არ უნდა იყოს სიაში". პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდისთვის ეს გაუგებარი მოთხოვნა გახლდათ, ხაზარაძის შემოთავაზებულ წინადადებას დათანხმდა, რადგან "მაგიდაზე უფრო დიდი მნიშვნელობის საკითხი იდო". 

მეორეს მხრივ, მამუკა ხაზარაძემ გაასაჯაროვა ის პუნქტები, რაზეც მისი თქმით, გიორგი გახარიასთან შეთანხმება შედგა. ესენია:

1. საპარლამენტო არჩევნებში გამოვდივართ ერთი საარჩევნო ნომრით – 9 და ვაგრძელებთ ბრძოლას ევროპული გზის გადასარჩენად, რისთვისაც ერთობლივი სამოქმედო გეგმა არის "ქართული ქარტია";

2. ვთანხმდებით და ვადასტურებთ, რომ არ შევქმნით კოალიციას პარტია "ქართულ ოცნებასთან" და შევქმნით მომავალ მთავრობას პრეზიდენტთან აქტიური კონსულტაციით;

3. გახარია თავად არ იქნება "ძლიერი საქართველოს პარტიულ სიაში. ხაზარაძეც მზადაა ანალოგიური ნაბიჯისთვის (გუშინ დაზუსტდა, თუ ეს პრობლემაა, მაშინ ჩავეწეროთ ორივე);

4. ხაზარაძის და გახარიას გუნდი თანაბრად გაინაწილებენ სიაში მანდატებს, დანარჩენი მანდატები განაწილდება კოალიციის სხვა წევრებზე ორივე მხრიდან პრინციპით, მაგ. 10-10 "ლელო"/ გახარია, ზემოდან თანაბრად ორივე მხრიდან კოალიციის სუბიექტები (სხვა დეტალები დასაზუსტებელია) P.S. მან თქვა, რომ ორი პარტია უერთდება;

5. გახარიას პარტიის პროგრამული პრიორიტეტების გაერთიანებას "ძლიერი საქართველოს" პროგრამასთან და თავისი გუნდის მიერ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ამ პროგრამის და მისი მთავარი გზავნილების მხარდაჭერას, მათ შორის, ანაკლიის მშენებლობაზე, როგორც ქვეყნის მთავრი პრიორიტეტი;

6. ყველაფერს გავაკეთებთ ანაკლიის პროექტის დასრულებისთვის, ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან პროექტში დასავლური პარტნიორების მონაწილეობით;

7. 20 ივნისის და წერილის თემაზე პოზიცია: "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, დამოუკიდებელი პროკურატურის გამოძიების საგანი იქნება – თანამშრომლობა ჩვენი მხრიდან.

8. დიდ სტრატეგიულ საკითხებზე დაწესდეს სპეციალურად შექმნილი საბჭო, სადაც ხაზარაძის და გახარიას გუნდები თანაბრად იქნებიან წარმომადგენილი და ამასთან ერთად, კოალიციის სხვა წევრებიც;

9. მართვა, საბჭო. მაგ: გახარია/ ხაზარაძე 12-12 კაცი, დამატებით იმდენი სუბიექტის ერთი ხმა, რამდენიც კოალიციის პარტნიორები არიან ორივე მხრიდან, (მაქსიმუმ 6 ადამიანი):
12 გახარია
12 “ლელო”
3-3 კოალიციიდან.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, გიორგი გახარიას მიერ შემოთავაზებული სამი პუნქტი "სპეცოპერაციას" ჰგავს. 

"დღეს მოვისმინეთ, რომ მან დასვა წერტილი და შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, მე მგონია, რომ რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს. ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით. დღესაც მზად ვართ ხელი მოვაწეროთ იმ შეთანხმებას, რაც პრეზიდენტთან იქნა შეთანხმებული, მაგრამ თუ ეს არ მოხდება, ხვალ დილიდან ჩვენ ვაგრძელებთ კამპანიას. ვგრძნობ, რომ არ მოხდება, იმიტომ, რომ მესმის, რომ გუშინ ცუცქირიძე იყო პრობლემა, დღეს შეიძლება სხვა რაღაც პლატფორმა", - განაცხადა "ლელოს" ლიდერმა. 

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ორივე ლიდერის, გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის განცხადებების პარალელურად, სხვადასხვა შეფასებები კეთდებოდა პარტიების სხვა წევრებისგანაც. კერძოდ, გიორგი გახარიას თანაგუნდელმა ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რომ ხაზარაძის გარშემო შექმნილი კოალიციის შიგნით კონსესუსი ვერ შედგა.

"როგორ წარმოგიდგენიათ, ორ სერიოზულ პოლიტიკოსს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, ეს ორი ადამიანი მოლაპარაკებას აწარმოებს და როგორ წარმოგიდგენიათ, ამ დროს გიორგი გახარია თანხმობას აცხადებს რაღაცაზე ხელმოწერაზე, იმ ერთობაზე, რომელსაც საზოგადოება ასე ელოდება და ამ დროს გამოდის ნათია მეზვრიშვილი და ამბობს, რომ წინააღმდეგია მამუკა ხაზარაძესთან და ლელოს გუნდთან რაიმე ტიპის გაერთიანების და ნათია მეზვრიშვილსაც უნდა, რომ იქ მივიდეს და მაგიდასთან დაჯდეს მოლაპარაკების... ეს [ლაშა ცუცქირიძე] არ იყო მარტო ერთი ლიდერი ამ კოალიციის, აქ იყვნენ კიდევ სხვა ლიდერები, თუ არ ვცდები, ქალბატონი დოლიძეც იყო, რომლებმაც ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს. რამდენად სერიოზულად წარმოგიდგენიათ, შემდგომ ბატონი გახარია გამოვიდეს და თქვას, რომ იცით რა, მე მაქვს კონსენსუსი" - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

გიორგი გახარიას პარტიის განცხადებამდე, თავისუფლების მოედნის დამფუძნებელმა, ლაშა ცუცქირიძემ, რომელიც მამუკა ხაზარაძის კოალიციას შეუერთდა, ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა, რომ კოალიცია ოთხი წევრისგან შედგება და მხოლოდ გიორგი გახარიას გადასაწყვეტი არაა, "როდის რას დაესმება წერტილი". 

გიორგი გახარიასთან გაერთიანების საკითზე სკეპტიკურად იყო განწყობილი მამუკა ხაზარაძის კოალიციის კიდევ ერთი წევრი, ანა დოლიძე, რომლის განცხადებითაც, არ არსებობს მტკიცებულება, რომ გიორგი გახარიასთან კოალიცია უფრო უკეთეს შედეგს მოიტანდა, ვიდრე ცალ-ცალკე არჩევნებზე გასვლა. 

 
 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *