ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, საქართველოში ბოლო პერიოდის მოვლენების განვითარების დინამიკას აფასებს და ამბობს, რომ ევროკავშირთან დაახლოებისთვის საჭირო რეფორმების ნაცვლად, გაერთიანებასა და საქართველოს შორის დისტანცია გაიზარდა. მისივე განცხადებით, "თუ ვითარება გაუარესდება, ევროკავშირი მზადაა სხვადასხვა ელემენტის გამოსაყენებლად, მათ შორის, თავისუფალი სავიზო რეჟიმის დროებით შესაჩერებლად".
„ევროკავშირმა უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე გამოხატა შეშფოთება საქართველოში პროცესების განვითარების ტრაექტორიასთან დაკავშირებით. ჩვენ ცალსახად შეშფოთებულები ვართ, რომ იმ რეფორმების წარმოდგენის ნაცვლად, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან უფრო მეტად დააახლოებს, სამწუხაროდ, უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჩვენ გვქონდა პროცესების რამდენიმე განვითარება, რამაც გაზარდა დისტანცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ჩვენ ეს საკითხი შიგნით განვიხილეთ, წევრმა ქვეყნებმა განიხილეს ეს შიგნით და ჩვენ ხმამაღლა და მკაფიოდ განვაცხადეთ რამდენიმე თვის წინ, რომ ყველა შესაძლო ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის, საქართველოსთვის თავისუფალი სავიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება, პროცესების განვითარებაზე დაფუძნებით. ჩვენ ვაკვირდებით პროცესების განვითარებას, გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საარჩევნო კამპანია იქნება მშვიდობიანი, რომ არ იქნება ძალადობა, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი- ეს არის ჩვენი სურვილი, როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ვითარება გაუარესდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ ჩვენი ხელსაწყოების სხვადასხვა ელემენტი და თავისუფალი სავიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება ერთ-ერთი მათგანია", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ და დასძინა, რომ იმედოვნებს, "აქამდე არ მივალთ, მაგრამ თუკი არჩევნები არ ჩაითვლება სამართლიანად და თავისუფლად", ევროკავშირი იძულებული იქნება აღადგინოს მის ხელთ არსებული ზომებ, მათ შორის ის, რაც გაკეთდა ბელარუსთან დაკავშირებით.
"ჩვენ არ ვაღიარეთ არჩევნები ბელარუსში, იქ არჩევნები მოიპარეს და ამიტომ ჩვენ წარვადგინეთ სხვადასხვა ზომების ფართო სპექტრი, სანქციების ჩათვლით. ეს არის ყველაზე უარესი სცენარი, იმედი მაქვს, აქამდე არ მივალთ და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი და მზად ვართ, ვიმუშაოთ ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც ქართველი ხალხი აირჩევს და პატივს ვცემთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ნებისმიერ შედეგებს", - უთხრა ელჩმა მედიის წარმომადგენლებს.
ის ასევე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ ქართველმა ხალმხა ოს ხალხს 2008 წლის ომის გამო ბოდიში უნდა მოუხადოს. ევროკავშირის ელჩის თქმით, "ნგრევის უკან, რომელიც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს და 2008 წელს საქართველოში ხდებოდა და ასევე მსოფლიოს ბევრ სხვა ტერიტორიაზე, მათ შორის სირიაში, საჰელში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, დგას რუსეთი".
"ევროკავშირის პოზიცია ყოველთვის კრისტალურად ნათელია, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ დეკლარაციებით და სიტყვებით, არამედ საქმითაც, თქვენ გაქვთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე, გყავთ ევროკავშირის დამკვირვებლები, რომლებიც მხარს უჭერენ ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც იტანჯებიან რუსეთის ოკუპაციის გამო. რაც შეეხება 2008 წლის ომს, ნება მომეცით, გარკვევით ვთქვა, რომ ქაოსის, ნგრევის უკან, რომელიც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს და 2008 წელს საქართველოში ხდებოდა და ასევე მსოფლიოს ბევრ სხვა ტერიტორიაზე, მათ შორის სირიაში, საჰელში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, დგას რუსეთი. რუსეთი ყოველთვის დაინტერესებული იყო და დაინტერესებულია დესტაბილიზაციით, ქაოსით. ჩვენთვის, ევროკავშირისთვის რუსეთის ნეოკოლონისტური და იპერიალისტური ამბიციები მიუღებელია. მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ კანონის უზენაესობას. მიუღებელია, როდესაც უფრო დიდი და ძლიერი ქვეყანა იჭრება უფრო პატარა მეზობლის ტერიტორიაზე. სწორედ ამიტომ ვდგავართ უკრაინის გვერდით და სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - უთხრა ქართულ მედიას ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
0 კომენტარი