შეერთებული შტატების მიერ, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირებისა და ექსტრემისტების დასანქცირების შემდეგ, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა პირველი საჯარო განცხადება გააკეთა. მისი განცხადებით, "საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები არც საქართველოსა და არც ქართველ ხალხს არ ეხმარება".
"საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები, დეზინფორმაცია აშშ-ისა და დასავლეთის შესახებ და განცხადებები, პრემიერ-მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების მსგავსი, არც საქართველოსა და არც ქართველ ხალხს არ ეხმარება. ქმედებები და განცხადებები, რომლებიც დასავლეთისგან, ევროპისგან და აშშ-ისგან საქართველოს კიდევ უფრო იზოლირებას იწვევს, ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის. ქართველმა ხალხმა დიდი უმრავლესობით განაცხადა, რომ მათი მომავალი ევროპასთან და დასავლეთთან ერთად არის და ქმედებები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს იზოლირებას ახდენს, ამ მიზანს ხელს არ უწყობს. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ მსოფლიოში ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის აშშ-ზე ძლიერი მხარდამჭერი არ არსებობს. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერასა და დახმარებას, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი, ეკონომიკურად წარმატებული ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრი იქნება და განცხადებები, რომლებიც საქართველოს აშშ-ისგან იზოლირებას ცდილობენ, არავისთვის სასარგებლო არ არის", - აღნიშნა ქართულ მედიასთან აშშ-ის ელჩმა საქართველოში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დაწესებული სანქციები არ გახლავთ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება და "შეერთებულ შტატებს დეოლიგარქიზაცია სჭირდება". ირაკლი კობახიძემ დღესაც გაიმეორა, რომ "შეერთებულ შტატებში ოლიგარქიული პრობლემები არსებობს".
"ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ბაიდენი არ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს, სამწუხაროდ არსებობს ოლიგარქიული პრობლემები და ამ პრობლემების შედეგია ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, დარწმუნებული ვარ, ბაიდენიც არ არის საქმის კურსში ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, 17 სექტემბერს, გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა "აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს".
0 კომენტარი