შეერთებული შტატების მიერ, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული ფინანსური და სავიზო სანქციების დაწესების საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ოლიგარქიულ გავლენებზე" ისაუბრა და განაცხადა, რომ მმართველ ძალას აქვს საკუთარი "ვარაუდი, თუ რა გავლენების შედეგია ეს განცხადებები".

"ფაქტია, რომ ფორმალურად ეს განცხადებები გავრცელებულია სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. რაც სამწუხაროა, რადგან ჩვენ პასუხის გაცემა გვიწევს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის. აქვე ვამბობ, რომ აქ დამნაშავეა არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც გავლენა აქვთ ოფიციალურ ინსტიტუტებზე აშშ-ი. შესაბამისად, ჩვენ ბრალს არა აშშ-ს ვდებთ, არამედ იმ ოლიგარქიულ გავლენებს, რისი მსხვერპლიც არის სამართლიანობა კონკრეტულ ინსტიტუტებში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მედიასთან შეხვედრისას. მან ასევე დასძინა, რომ "ამერიკულ ინსტიტუტებს სჭირდება დეოლიგარქიზაცია". 

სახელმწიფო დეპარტამენტში Globalnews.ge-ს შეკითხვაზე, თუ რა რეაქცია აქვს მსგავს შეფასებებზე შეერთებულ შტატებს, სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ "შეერთებულ შტატებს, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, მართავს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, რომელიც თავად განსაზღვრავს პოლიტიკას და არავინ სხვა". 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად "ხარება" ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, "ალტ-ინფოს" დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტ ინდივიდსა და მათ ოჯახის წევრებს. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *