ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადა და ქართულ მხარეს ჟურნალისტისთვის 12 500 ევროს გადახდა დააკისრა. სტრასბურგის სასამართლოს დადგენილებით, ადგილი ჰქონდა საქართველოს მიერ კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-5 (თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება) მუხლების დარღვევას განმცხადებლის გატაცების, არასათანადო მოპყრობისა და აზერბაიჯანში უკანონო გადაყვანის შესახებ ეფექტური გამოძიების ჩაუტარებლობასთან დაკავშირებით. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, საქართველოს არსებითად არ დაურღვევია კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლები (არასათანადო მოპყრობასა და დაკავებასთან დაკავშირებით).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ინფორმაციით, ჟურნალისტი საქართველოს წინააღმდეგ ჩიოდა, რომ თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაიატცეს, არასათანადოდ მოეპყრნენ და აზერბაიჯანში, საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობით, იძულებით გადაიყვანეს, გამოძიება კი, არაეფექტური გახლდათ. აფგან მუხთარლის განცხადებით, მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებების კონვენციის მე-3 მუხლი, რომლის თანახმადაც არავინ უნდა დაექვემდებაროს წამებას ან სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს. ჟურნალისტი სასამართლოში დავობდა მე-5 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებითაც, რომლის მიხედვითაც ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების გამოყენების უფლება.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულია, რომ აზერბაიჯანის მიერ დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვითაც დაკავებული თუ დაპატიმრებული პირი დუყოვნებლივ უნდა წარედგინოს მოსამართლეს ან სასამართლო ხელისუფლების განსახორციელებლად კანონით უფლებამოსილ სხვა მოხელეს და აქვს უფლება, მისი საქმე განიხილოს სასამართლომ გონივრულ ვადაში, ან გათავისუფლდეს საქმის განხილვის განმავლობაში.
"საქართველოს მთავრობამ განმცხადებელს 10 000 ევრო უნდა გადაუხადოს არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ, 2 500 ევრო ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად, აზერბაიჯანის მთავრობამ უნდა გადაუხადოს განმცხადებელს 6 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ და ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად", - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ჟურნალისტის იურისტის, არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მომხდარიყო აფგან მუხთარლის საქმის გამოძიების იმიტაცია და რეალურად არაფერი გამოეძია. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ევრო სასამართლოს მხოლოდ პროცედურული დარღვევა დაედგინა, შინაარსობრივ ნაწილში კი შეუძლებელი ყოფილიყო რაიმე გადაწყვეტილების გამოტანა. ადვოკატი ამასთან, განმარტავს, რომ გამოძიების მნიშვნელოვან პირობებში იყო უმოქმედობა, მტკიცებულებების, განსაკუთრებით ვიდეოკამერების ჩანაწერების არასათანადო გამოკვლევა.
"დადასტურდა, რომ საქართველომ ამ ადამიანის მიმართ დაარღვია პოზიტიური ვალდებულება, ეფექტურად არ გამოიძია მისი გატაცების და აზერბაიჯანში გადაყვანის საქმე, რითაც დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი წამების აკრძალვა და კონვენციის მე-5 მუხლი თავისუფლების უფლება. ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მომხდარიყო საქმის გამოძიების იმიტაცია, რეალურად არ ყოფილიყო გამოძიებული. ეს დაადასტურა გადაწყვეტილებამ", - განაცხადა ადვოკატმა მედიასთან გამართულ შეხვედრაზე.
აფგან მუხთარლიმ, რომელსაც აზერბაიჯანში ხელისუფლების კრიტიკის გამო დევნიდნენ, საქართველოს თავი 2015 წელს ცოლთან ერთად შეაფარა. მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა საქართველოში 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ მანამდე, სანამ 2017 წლის 29 მაისს სახლიდან გასულ აფგან მუხთარლის თბილისის ცენტრიდან მოიტაცებდნენ. გატაცებიდან მეორე დღეს ის ბაქოში დაკავებული აღმოჩნდა, ისე, რომ მას პასპორტი სახლში ჰქონდა დატოვებული. მას ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდა წაყენებული. 2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა აზერბაიჯანის ციხიდან ერთი წლის წინ გაათავისუფლეს. დარჩენილი წლები მას პირობითად ჩაეთვალა.
0 კომენტარი