თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით - "გარდამტეხი წელი", ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება ბელარუსს შეადარა და აღნიშნა, რომ "თუ საქართველო შებრუნდება ტოტალიტარიზმისა და ავტორიტარიზმისკენ, რამის შეცვლა რთული იქნება".
"ქართული ოცნება დიდი ხანია ასე იქცევა და არაფერი განსაკუთრებულად ახალი არ ხდება - ახალი ისაა, რომ არჩევნები ახლოვდება. თუ ისინი აკრძალავენ პოლიტიკურ ოპონენტებს, უცხოური აგენტების კანონი გახდება უფრო აქტიური და ეს სრულიად შეცვლის ვითარებას და საერთაშორისო ინსტიტუციებისთვის, მათ შორის, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი კითხვა იქნება - რა გააკეთონ. სავარაუდოდ დაწესდება ინდივიდუალური სანქციები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. საკითხავი იქნება, როგორ უნდა შევინარჩუნოთ ურთიერთობები ხალხთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, როგორ გავაგრძელოთ მხარდაჭერა, დიალოგი. სამწუხაროდ, პარალელები უნდა გავავლოთ ბელარუსთან, სადაც არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, მთელი ოპოზიცია გაძევებულია - ციხეში ან დევნილობაში. იმედი მაქვს, ამ დონემდე არ მივალთ, მაგრამ ეს უფრო მეტია, ვიდრე წინასწარი განცხადებები - შესაძლოა ეს დაემუქროს საქართველოს არჩევნების შემდეგ, თუ შედეგები მათი გეგმის მიხედვით დადგება. თუ საქართველო შებრუნდება ტოტალიტარიზმისა და ავტორიტარიზმისკენ, რამის შეცვლა რთული იქნება. თუ მოსახლეობის უმეტესობა პროევროპულ გზას უჭერს მხარს, ეს არჩევნებით უნდა დამტკიცდეს, ოპოზიცია უნდა მობილიზდეს, პრიორიტეტი ქვეყნის მომავალი უნდა იყოს და არა საკუთარი პარტიის საკითხი", - აღნიშნა ლიეტუველმა დიპლომატმა.
0 კომენტარი