მოძრაობა "სირცხვილია" აუქმებს "აგენტების კანონთან" დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილებას. ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ამასთანავე, მოძრაობა "სირცხვილიას" დირექტორის თანამდებობას ტოვებს გიორგი მჟავანაძე.
განცხადების გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე, ორგანიზაციამ წაშალა 30 აგვისტოს გამოქვეყნებული ვიდეოც, სადაც განმარტავდნენ, თუ რატომ გადაწყვიტა ორგანიზაციამ "უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში" დარეგისტრირება. გავრცელებულ ვიდეოს სოციალურ ქსელის მომხმარებელთა უკმაყოფილება და მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
მოძრაობა "სირცხვილია" 31 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეებისა და თანამოაზრეების კრიტიკა. გამოთქვავენ წუხილს, რომ სათანადოდ ვერ შეაფასეს ის შედეგები, რაც მათ გადაწყვეტილებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა:
"მიგვაჩნია, რომ ჩვენი განცხადების დროც, ფორმაცა და შინაარსიც იყო შეცდომა და შესაძლებელი იყო რისკების უკეთ გათვლა და პრევენცია. ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მიზანს, რომ არჩევნებში მოქალაქეთა მონაწილეობის გასაზრდელად დაგეგმილი კამპანიები ჩაგვეტარებინა, რათა ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლების ცვლილებისთვის შეგვეწყო ხელი, თუმცა, გამოხმაურებებზე დაყრდნობით ვიაზრებთ, რომ თანამოაზრეებშიც კი ნიჰილიზმისა და იმედგაცრუების დათესვას შევუწყვეთ ხელი, რაც ცხადია, საერთო მიზანს როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში აზიანებს. ჩვენი გადაწყვეტილების ერთერთი საფუძველი იყო ის, რომ ფუნდამენტურად არასწორად მიგვაჩნდა ხელისუფლებისთვის წინასაარჩევნოდ ჯარიმების გადახდა, ახლაც იმავე აზრზე ვართ. ამიტომ, დაჯარიმების შემთხვევაში, "სირცხვილია" არ აპირებს ჯარიმების გადახდას", - წერია ორგანიზაციია განცხადებაში.
30 აგვისტოს, საღამოს, მოძრაობა "სირცხვილიამ" გაავრცელა ვიდეო და განაცხადა, რომ ორგანიზაცია "უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში" რეგისტრირდებოდა. ვიდეოში, რომელიც მოძრაობის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა, "სირცხვილიას" წევრები გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობდნენ და განმარტავდნენ, რომ ისინი ამ ფორმით გააგრძელებდნენ სამომავლო საქმიანობას.
"სირცხვილიას" აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მჟავანაძე ამბობდა, რომ ვინაიდან კანონის ახალი რედაქციით "აგენტის" სტატუსი კანონში გათვალისწინებული არ არის, მისი აზრით, რეგისტრაცია ან არრეგისტრაცია არ განაპირობებდა აგენტის სტატუსს მიიღებდა თუ არა ორგანიზაცია:
"ეს უკვე დამოკიდებულია ხელისუფლების პროპაგანდაზე, ყველა, მიუხედავად იმისა, გაივლის თუ არა რეგისტრაციას და ვინ უარს იტყვის მასზე, ისედაც ხელისუფლებისთვის ყველა აგენტი იყო და ასე იქნება შემდეგშიც".
როგორც გიორგი მჟავანაძე განმარტავდა, "სირცხვილიამ" რეესტრში რეგისტრაცია ორგანიზაციის შესანარჩუნებლად გადაწყვიტა. გარდა ამისა, ის ამბობდა, რომ სწორედ ამ გზით დახვდებოდნენ მზად ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და ასევე არ მოუწევდათ ჯარიმების გადახდა ხელისუფლების სასარგებლოდ.
"სირცხვილიას" განცხადებას "უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში" დარეგისტრირების შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქეების ნაწილის უკმაყოფილება და მკაცრი კრიტიკა მოჰყვა, რასაც მალევე გამოეხმაურა მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და ფეისბუკის გვერდზე დაწერა:
"ფაშისტური ბულინგი ნებისმიერის მიმართ მიუღებელია! ხელები შორს ორგანიზაცია "სირცხვილიასგან". “სირცხვილიას” ბულინგიც სირცხვილია!"
ხანგრძლიცი საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო კანონი „აგენტების შესახებ“ და 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტოც. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.
"აგენტების კანონის" გასაუქმებლად საკონსტიტუციო სასამართლოში 4 სარჩელია შესული: ერთი პრეზიდენტის, მეორე იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების, რომლებსაც ეს კანონი ეხებათ, მესამე - ოპოზიციური პარტიების, მეოთხე კი - მედიის.
ე.წ. აგენტების კანონის თანახმად, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, 2 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში".
თუ მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ორგანიზაცია აკმაყოფილებს კანონით "კრიტერიუმებს", მაგრამ მან "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო მას რეესტრში თავად არეგისტრირებს.
აღმოჩენილ და დაურეგისტრირებელ „უცხოური ინტერესის გამტარებელს“ 25 000 ლარითაც დააჯარიმებენ.
RFE/RL
0 კომენტარი