როგორც ამერიკული მედია წერს, ხუთშაბათს ღამით, ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა, შეერთებული შტატების თანამედროვე პოლიტიკური ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო თვე დაასრულა მიმართვით, რომლითაც დემოკრატები პატრიოტული სულისკვეთების გარშემო გააერთიანა, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი, კლასიკური ამერიკული პრინციპების მტრად გამოაცხადა.
"დემოკრატიასა და ტირანიას შორის ხანგრძლივ ბრძოლაში, მე ვიცი, სად ვდგავარ და ვიცი, რომელ მხარეს მიეკუთვნება შეერთებული შტატები", - აღნიშნა მან სიტყვით გამოსვლისას. მან ასევე ისაუბრა დონალდ ტრამპის სამართლებრივ პრობლემებზე, მისი საპრეზიდენტო პერიოდი კი, "ქაოსად და უბედურებად" შეაფასა. "ბევრი თვალსაზრისით, დონალდ ტრამპი არასერიოზული ადამიანია, თუმცა მისი თეთრ სახლში დაბრუნების შედეგები უკიდურესად სერიოზული იქნება", - დასძინა კამალა ჰარისმა მის საარჩევნო მეტოქეზე საუბრისას.
დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა ვრცლად ისაუბრა საგარეო მიმართულებით მის პოლიტიკურ ხედვებზეც. მან პირობა დადო, რომ იქნება "რეალისტი, პრაქტიკული და საღი აზრის მქონე ლიდერი", რაც ამერიკული საექსპერტო წრის შეფასებით, გახლდათ დონალდ ტრამპის ბრალდებების პირდაპირი უარყოფა, რომ კამალა ჰარისი ზედმეტად ლიბერალური საპრეზიდენტო კანდიდატს წარმოადგენს.
კამალა ჰარისმა პირობა დადო, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, "მტკიცედ დადგება" უკრაინისა და ნატოს მოკავშირეების მხარდაჭერის თვალსაზრისით. მისივე თქმით, "ახლა დადგა დრო ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და ტყვეობაში მყოფი ისრაელელი მძევლების გასათავისუფლებლად". კამალა ჰარისმა ხაზი გაუსვა, რომ მისი პრეზიდენტობის პირობებში, "დიქტატორებს მყუდროება არასოდეს ექნებათ", როგორც ეს რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა.
ჩიკაგოში გამართულ დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე, კამალა ჰარისმა ამერიკელ ამომრჩეველს ტრამპამდელ "ნორმალურ ეპოქაში ცხოვრების" დაბრუნებას დაჰპირდა და თქვა, რომ "ამერიკელებს არჩევნების შემდეგ დაპირისპირებაში ცხოვრება აღარ მოუწევთ". მან პირობა დადო, რომ იქნება "ყველა ამერიკელის პრეზიდენტი".
"ვიცი, რომ ამ საღამოს ჩვენს ღინისძიებას სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები უყურებენ. მინდა იცოდეთ: გპირდებით, რომ ვიქნები პრეზიდენტი თითოეული ამერიკელისთვის. ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც გაგვაერთიანებს ჩვენი მთავარი მისწრაფებების გარშემო. პრეზიდენტი, რომელიც ხელმძღვანელობს და უსმენს. ამ არჩევნებით, ჩვენს ერს აქვს შესაძლებლობა, გადალახოს წარსულის მწარე გამოცდილება, ცინიზმი და ურთიერთგამყოფი დაპირისპირებები. შეგვიძლია ახალი გზების დასახვა, არა როგორც რომელიმე პარტიის ან ფრაქციის წევრებს, არამედ როგორც ამერიკელებს", - მიმათა კამალა ჰარისმა აუდიტორიას.
კამალა ჰარისის მიმართვით, ჩიკაგოში, დემოკრატების ოთხდღიანი ეროვნული ყრილობა დასრულდა - ის პარტიის ოფიციალური საპრეზიდენტო კანდიდატია.
0 კომენტარი