საქართველოს ისტორიაში პირველად, 26 ოქტომბრის არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო კი, იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს, ასევე პირველად, ამომრჩეველთა 90% ხმას ელექტრონულად მისცემს. რაც შეეხება მოახლოებული არჩევნების პოლიტიკურ მნიშვნელობას, საქართველოს პრეზიდენტი, სამოქალაქო სექტორი, თუ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მას "ერთგვარ რეფერენდუმად" აცხადებენ - ქვეყანა გააგრძელებს დასავლურ კურსს, თუ დაუბრუნდება რუსულ სივრცეს და "კავკასიურ ბელარუსად" გარდაიქმნება. 

რა კონფიგურაციით ხვდება ქართული პოლიტიკური სპექტრი მოახლოებულ არჩევნებს? ოპოზიციურ ფლანგზე პარტიების გაერთიანება/არგაერთიანების საკითხზე კონსულტაციები რამდენიმე თვე გაგრძელდა. დიდი გაერთიანება ვერ შედგა, საბოლოოდ კი, არჩევნებამდე ორი თვით ადრე, პოტენციური საარჩევნო ბიულეტენი შემდეგნაირად გამოიყურება: 

ოქტომბრის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობს პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია. მიუხედავად იმისა, რომ მან პარტია "ლელოსთან" პოტენციური პოლიტიკური ალიანსის შექმნის სურვილი გამოთქვა, საარჩევნო გაერთიანება ვერ შედგა. 

"პირველი პოლიტიკური ძალა ვიყავით, რომელმაც ოფიციალურად განაცხადა, რომ ჩვენ 2024 წლის საარჩევნო კამპანიას და არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად ვაპირებდით და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ, ბევრს ვმუშაობთ, მაგრამ როდესაც საუბარია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, პარტია "საქართველოსთვის" მონაწილეობს დამოუკიდებლად", - ასეთია პარტიის ლიდერის, გიორგი გახარიას პოზიცია, რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ გამართულ პირველ არჩევნებში, ოპოზიციური ფლანგიდან მისმა პარტია, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით 7,8% მიიღო. პარტიის საარჩევნო ნომერია - 25.  

#5 – ნაციონალური მოძრაობა 

 

"ერთიანობა" - ასე ჰქვია ახალ გაერთიანებას "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზეც ტრადიციული საარჩევნო ნომრით წარსდგება. "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ალიანსში ორი პარტიაა გაერთიანებული - "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ევროპული საქართველო". აქვე უნდა ითქვას, რომ "ევროპული საქართველო" მისმა ლიდერებმა, გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა, პარტიის "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანებამდე დატოვეს. მათ ახალი პლატფორმა "ფედერალისტები" დააფუძნეს, "ევროპულ საქართველოს" კი, ამჟამად, აკაკი ბობოხიძე და გიგი წერეთელი ხელმძღვანელობენ. ნაციონალურ მოძრაობაში დაბრუნდა ხატია დეკანოიძეც, რომელმაც პარტია 2023 წლის მარტში დატოვა და რომან გოცირიძესთან ერთად, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“ შექმნა.

ამასთან, ნაციონალური მოძრაობის გარშემო შექმნილი "ერთიანობის" რიგებს შეუერთდნენ:

  • გია ჯაფარიძე, დიპლომატი; 
  • ლაშა ბაქრაძე, ისტორიკოსი;
  • არმაზ ახვლედიანი, პარლამენტის მოქმედი წევრი "ევროპული საქართველოდან", "ქართული ოცნების" ყოფილი პოლიტიკური მდივანი 2013-2016 წლებში
  • თამარ კორძაია, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი და "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი, 2013 წელს "ქართული ოცნების" ნაძალადევის მაჟორიტარი 

პარტიის დამფუძნებელი და პოლიტიკური ლიდერი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც უკვე მესამე წელია საპატიმროში იმყოფება. პარტიის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნებში "ერთიანობისა და გამარჯვების მთავარი ფლაგმანი "ნაციონალური მოძრაობა" იქნება, გამსხვილებისა და გაერთიანების მთავარი მოტივატორი კი, პრეზიდენტი სააკაშვილი იყო". ბოლო, თვითმმართველობის არჩევნებზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პარტიამ 30,7% მიიღო. პარტიაში მას შემდეგ თავმჯდომარე ორჯერ შეიცვალა - ნიკა მელია ლევან ხაბეიშვილმა ჩაანაცვლა. ამჯდერად კი, ყოფილმა სახელისუფლებო პარტიამ თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავა დაასახელა.  

 

# 9 – "ძლიერი საქართველო"

 

კიდევ ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრად იქცა "ლელო", რომლის გარშემო ახლადდაფუძნებული მოძრაობა "თავისუფლების მოედანი", ალეკო ელისაშვილის პარტია "მოქალაქეები" და ანა დოლიძის პარტია - "ხალხისთვის" გაერთიანდნენ. "ლელომ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 3,15% და პარლამენტში ოთხი მანდატი მიიღო, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა 2,71%-მა დაუჭირა მხარი. რაც შეეხება ანა დოლიძეს, მან 2020 წლის არჩევნებზე, თბილისში, დიდუბის ოლქში მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატად იყარა კენჭი და 18%-ით მესამე ადგილზე გავიდა. მომდევნო წელს თბილისის მერის არჩევნებში კი, 4,6%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა. პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში პირველად იყარა კენჭი და თბილისის საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შევიდა. 2017 წელს კი, თბილისის მერის არჩევნებზე, მეორე ადგილზე გავიდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, მან პარტია "მოქალაქეები" დააფუძნა და ქვეყნის მასშტაბით, ხმათა 1,33% მოიპოვა, შესაბამისად, პარლამენტში მისი პარტია ორი მანდატით მოხვდა - ალეკო ელისაშვილთან ერთად, მაშინ პარტია "მოქალაქეების" მანდატით პარლამენტი წევრი გახდა ლევან იოსელიანიც, რომელიც მოგვიანებით "ქართული ოცნების" მხარდაჭერით, სახალხო დამცველად აირჩიეს.

რაც შეეხება "თავისუფლების მოედანსა" და მის დაფმუძნებელ ლევან ცუცქირიძეს, ის არასამთავრობო ორგანიზაცია "აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრს" (EECMD) ხელმძღვანელობდა. 

 პარტია "ლელოს" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პარტიის გარშემო შეიქმნა კოალიცია, რომელიც "შესაძლებლობაა ნამდვილი ცვლილებისთვის". მისივე თქმით, "საქართველოს არ სჭირდება ძველი, ქართველი ხალხის მიერ უარყოფილი პოლიტიკოსების დაბრუნება".

აღსანიშნავია ისიც, რომ 15 აგვისტოს, "ლელოს" გარშემო ჩამოყალიბებული ალიანსის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად "ახალი მემარჯვენეების" ყოფილი ლიდერი, დავით გამყრელიძე დასახელდა, რომელიც პოლიტიკიდან 2012 წლის არჩევნების შემდეგ წავიდა. 

 

#4 – "კოალიცია ცვლილებისთვის"

 

ტელეკომპანია "მთავარის" ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ და პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტია "ახალი" დააფუძნეს, რომლის გარშემოც ზურაბ ჯაფარიძის "გირჩი - მეტი თავისუფლება"ელენე ხოშტარიას "დროა" და "რესპუბლიკელები" გაერთიანდნენ. ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" რიგები დატოვეს და პარტია "ახალს" შეუერთდნენ ბათუმის, ზუგდიდის, ჭიათურისა და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები. 

ნიკა მელიამ, "ნაციონალური მოძრაობა" 2023 წელს, პარტიული დაპირისპირების ფონზე დატოვა. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ზურაბ ჯაფარიძის პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლება"-მ, ქვეყნის მასშტაბით 1,4%, თბილისში კი, ხმათა 3,3% მიიღო. ელენე ხოშტარიას "დროამ" 2021 წლის მხოლოდ თბილისში, ფოთსა და ბათუმში იყარა კენჭი, სადაც, შესაბამისად, ხმების 2,1%, 0,9% და 0,5% მოიპოვა.

#41 - "ქართული ოცნება" და "ხალხის ძალა" 

 

"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტია "ხალხის ძალა" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის "ქართული ოცნების" სიაში იქნება. ეს უკანასკნელი, რომელიც პარლამენტში ისედაც "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გაგრძელებად მოიაზრებოდა, პარტიად 2024 მარტში ოფიციალურად დაფუძნდა. 

2023 წელს, სწორედ "ხალხის ძალა" გახლდათ "რუსული კანონის" ინიციატორი, რომელიც საბოლოოდ, საზოგადოების მწვავე პროტესტისა და დასავლელი პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, "ქართული ოცნების" სრული მხარდაჭერით, კანონმდებლობად იქცა. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *