20 აგვისტოს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, 17 აგვისტოს გალის რაიონის სოფელ (ბღურაში) მეორე ოტობაიაში საქართველოს ორი მოქალაქე, რემიკო და მურთაზ ჭითანავები დააკავა. დე ფაქტო უწყების ცნობით, მათ "აფხაზეთში ბინადრობის ნებართვა ჰქონდათ" და სხვებს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთაში ეხმარებოდნენ.
"დაკავებულთა მფლობელობაში არსებულ სახლებში აღმოჩენილია ხელყუმბარა F1, ხელყუმბარა ргд 5, ტროტილი 1600 გრ, პლასტიდი 45 გრ, სხვადასხვა კალიბრის ვაზნები, ასევე დოლარის კუპიურების დასტა", - ვკითხულობთ დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გავრცელდა ვიდეოც, რომელშიც ასევე ასახულია რუსეთის ორი მოქალაქე, "რომლებიც აფხაზეთ-საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთას ცდილობდნენ". მასში ჩანს კიდევ ერთი დაკავებული, დე ფაქტო უწყების ცნობით, მოქალაქეობის არმქონე არჩილ სექანია.
"დმიტრი დენისოვს და ალექსანდ ლუზენინს საზღვარზე გადასვლაში ეხმარებოდა 45 წლის არჩილ სექანია. მანამდე რუსეთის მოქალაქეები აფხაზეთში ყალბი დოკუმენტებით შევიდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უკანონო დაკავების ფაქტის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს უკვე აცნობეს და „ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით."
"საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო გათავისუფლება. საქართველოს მოქალაქეების მიმართ, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რაც მიზანმიმართულად მკვიდრდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე - ქრისტინე თაკალანძე, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა "ჯაშუშობის" ბრალდებით და ირაკლი ბებუა, რომელიც დე ფაქტო სასამართლომ "სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის", "სხვისი ქონების განზრახ დაზიანებისა" და "საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის" მუხლებით გაასამართლა.
0 კომენტარი