ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციამ, Human Rights Watch-მა საქართველოში ხელისუფლების კრიტიკოსებზე პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მთავრობა ე.წ. ტიტუშკების მიერ აქტივისტების, აქციების მონაწილეებისა და ოპოზიციონერების ცემასა და დაშინებას არასათანადოდ იძიებს.
"ქართულმა ადამიანის უფლებათა ჯგუფებმა აპრილის შუა რიცხვებიდან მოყოლებული აქტივისტებზე ფიზიკური თავდასხმების თორმეტამდე სხვა შემთხვევა აღრიცხეს და გააშუქეს. ამ თავდასხმების გამოძიება ნელა და ძირითადად არაეფექტურად მიმდინარეობს". - წერია ანგარიშში.
ანგარიშში წერია, რომ უშუალოდ ორგანიზაციამ 5 ადამიანზე 6 თავდასხმა აღწერა, რომლებიც თბილისში მოხდა, თავდასხმების შესახებ მასალები გამოიკვლია და შსს-სა და გენპროკურატურას ინფომაციის თხოვნით მიმართა, რაზეც დაუბრუნდა პასუხი, რომ თავდასხმების გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.
"Human Rights Watch-მა მსხვერპლებსა და მათ ადვოკატებს ინტერვიუები ჩამოართვა და იურიდიული დოკუმენტები, მათი დაზიანებების აღმწერი სამედიცინო ცნობები და თავდასხმების აღმბეჭდავი CCTV და სხვა ვიდეოები ნახა. Human Rights Watch-მა ასევე შინაგან საქმეთა მინისტრსა და გენერალურ პროკურორს გამოძიებების შესახებ ინფორმაცია გამოთხოვა. გენპროკურატურამ 19 აგვისტოს გვიპასუხა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდასხმებს იძიებს და ჯერჯერობით სისხლის სამართლის საქმეები არ აღძრულა". - წერია ანგარიშში
HRW-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის, ჰიუ ვილიამსონის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მთავრობის მოწინააღმდეგეებზე ძალადობა სათანადოდ უნდა გამოიძიოს და პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ერთმნიშვნელოვნად უნდა დაგმოს.
"მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ თავდასხმებისთვის დაუსჯელობა ნათელ სიგნალს აგზავნის, რომ ხელისუფლება პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობას მხარს უჭერს, როცა ის მათ ინტერესებს ერგება. ხელისუფლებას ამ გზავნილისთვის თავის არიდება იმით შეუძლია, რომ დროული, საფუძვლიანი და ეფექტური გამოძიებები ჩაატაროს, რომელთა მეშვეობითაც ცალკეულ თავდამსხმელებს დაადგენენ". - თქვა ვილიამსონმა.
ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ მათ მიერ აღწერილ შემთხვევებში, მსხვერპლთა ადვოკატები გამომძიებლებს რეგულარულად უკავშირდებოდნენ, მაგრამ არ გაუგიათ, რომ სამართალდამცავებმა რომელიმე ბრალდებულის ვინაობა დაადგინეს.
"არცერთი მსხვერპლისთვის არ უთხოვიათ, რომ პოლიციის შენობაში ბრალდებული ამოეცნო ან ბრალდებულს პირისპირ შეხვედროდა". - წერია ანგარიშში.
ვილიამსონის თქმით, თუ ხელისუფლება შემთხვევებს არ გამოიძიებს, არჩევნებამდე ძალადობის ესკალაციის რისკი არსებობს.
"აქტივისტების, დამოუკიდებელი მედიისა და მთავრობის კრიტიკოსების დაშინება და შევიწროება თუ დაუსჯელი დარჩა, რისკია, რომ დანაშაულებრივი აქტორები საქართველოში არჩევნების წინა თვეებში ძალადობის ესკალაციას შეეცდებიან. ამ ბრუტალური თავდასხმებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება გადაუდებლად არის საჭირო". - თქვა ვილიამსონმა
იმ პირებს შორის, რომლებზეც თავდასხმებიც HRW-მ აღწერა, არიან სტუდენტური მოძრაობის ლიდერი ნიკოლოზ მანაგაძე, სირცხვილიას დამაარსებელი ზურაბ ბერძენიშვილი, აქციის მონაწილე, ნიკოლოზ ბუთხუზი და ოპოზიციონერები გია ჯაფარიძე, დიმიტრი ჩიქოვანი.
0 კომენტარი