კომპანია "სმარტმატიკი", რომელიც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას 2024 წლის არჩევნებზე ელექტრონული აპარატებითა და პროგრამული უზრუნველყოფით ემსახურება, ქრთამისა და ფულის გათეთრების სკანდალშია გახვეული. ამერიკული მედიის ინფორმაციით, 2024 წლის 8 აგვისტოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა, საერთაშორისო კომპანია "სმარტმატიკის" სამ აღმასრულებელ პირს, ფილიპინების 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, ბრალი წაუყენა. ამავე საქმეზე მეოთხე ბრალდებულია ფილიპინების საარჩევნო ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსანი.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ბრალდების თანახმად, ფირმის თანადამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, როჯერ ალექსანდრო პინატე მარტინეზმა, კომპანიის კიდევ ორ თანამშრომელთან ერთად მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამი გადაიხადა. ბრალდების თანახმადვე, ქრთამი აიღო ფილიპინების საარჩევნო ადმინისტრაციის (COMELEC-ის) ყოფილმა თავმჯდომარემ ხუან ანდრეს დონატო ბაუტისტამ. ბაუტისტა ამ თანამდებობას 2015-17 წლებში იკავებდა.
გამოძიების ვერსიით, კომპანიის მაღალი თანამდებობის პირებმა ქრთამი გადაიხადეს იმაში, რომ ფილიპინების საარჩევნო ადმინისტრაციას მათ კომპანიასთან გაეფორმებინა მრავალმილიონიანი კონტრაქტი, რომლითაც ქვეყანა ხმის მიცემის აპარატებს შეისყიდდა.
იუსტიციის დეპარტამენტი წერს, რომ ინვოისებში ხმის მიცემის თითოეული აპარატის ღირებულება ხელოვნურად გაზარდეს; ასევე, შექმნეს ყალბი კონტრაქტები და საბანკო სესხების ხელშეკრულებები, რათა თანხის გადარიცხვები გაემართლებინათ. შემდეგ - ბრალდების თანახმადვე, - თანამზრახველებმა აზიაში, ევროპასა და შეერთებულ შტატებში, მათ შორის ფლორიდაში განთავსებული საბანკო ანგარიშების გამოყენებით გაათეთრეს ფული; სქემას საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და 2018 წლამდე გრძელდებოდა.
იუსტიციის დეპარტამენტის თანახმადვე, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ეჭვმიტანილებს მაქსიმუმ 20-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. საქმეს ფლორიდელი გამომძიებლები იძიებენ.
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ კომპანია "სმარტმატიკის" გარშემო მიმდინარე სასამართლო პროცესი რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, მას "გავლენა ვერ ექნება საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სანდოობაზე. ამასთან, ცესკო-ს ინფორმაციითვე, ამერიკული კომპანიის მიერ მოწოდებული ტექონოლოგიები გამართულად მუშაობს და, რაც მთავარია, მისი გადამოწმების შესაძლებლობა არსებობს.
0 კომენტარი