საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "2008 წელს ნაცმოძრაობის ნაცვლად ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ძალა, ომი არ იქნებოდა". 

„2022 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში განმეორდებოდა 2008 წელი და პირიქით, 2008 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო "ქართული ოცნების" მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება ომი არ იქნებოდა. არ იქნებოდა 400-ზე მეტი დაღუპული ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი. არ იქნებოდა 125 სოფელი, რომელზეც კონტროლი დაკარგა საქართველომ, არ იქნებოდა 1700-ზე მეტი დაჭრილი ადამიანი, დამოუკიდებლობების აღიარებები და ა.შ. ეს ყველაფერი არ იქნებოდა 2008 წელს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო არა "ნაციონალური მოძრაობა" არამედ, "ქართული ოცნება". როგორც 2022 წელს არ დავუშვით ომი საქართველოში, ასევე არ იქნებოდა ომი 2008 წელს. ზუსტად, ეს უნდა გამოვიძიოთ, თუ რა ღალატს ქონდა ადგილი 2008 წლის აგვისტოში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აგვსიტოს ომის 16 წლისთავზე, წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც და მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ "მთავარია, 2008 წლის დანაშაული, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ ჩაიდინა, ბოლომდე იყოს გამოძიებული. 

"ნაცმოძრაობამ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლის თანახმადაც, სწორედ მათ დაიწყეს აგვისტოს ომი... მთავარი არის ის, რომ 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა, "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმმა, იყოს ბოლომდე გამოძიებული. სამართლებრივი ფორმა შეიძლება იყოს სხვადასხვა - ეს შეიძლება იყოს პროკურატურისადმი მიმართვა, შეიძლება იყოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, შეიძლება იყოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა, შეიძლება ყველა ინსტრუმენტი იყოს გამოყენებული. ამ ყველაფერზე საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას", - უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *