ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერი, გენერალ-მაიორი პატრიკ რაიდერი საქართველოსთან ერთობლივი წვრთნების უვადოდ შეჩერების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მარტივი არ იყო. „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რაიდერი ამბობს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალებთან პარტნიორობა გრძელდება და ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს დახმარებას, რათა ქვეყანამ გააძლიეროს თავდაცვის შესაძლებლობები.
„ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან და გზების ძიებას რათა გაძლიერდეს საქართველოს უნარი დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა. წვრთნების გაუქმების გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ წვრთნების მნიშვნელობას, რასაც პარტნიორები და მოკავშირეები მატებენ ისეთ წვრთნებს, როგორიც არის ღირსეული პარტნიორი. ასე, რომ ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ და ველით მომავალ შესაძლებლობებს ვითანამშრომლოთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან“, - აცხადებს რაიდერი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 5 ივლისს საქართველოში მიმდინარე წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე დაგეგმილი სამხედრო სწავლების, „ღირსეული პარტნიორის“ განუსაზღვრელი ვადით გადადების შესახებ გაავრცელა განცხადება. განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში იქნა მიღებული.
„ღირსეული პარტნიორის გადადების გადაწყვეტილება გამოიწვია საქართველოს ხელისუფლების ყალბმა ბრალდებებმა აშშ-ის და სხვა დასავლური ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომ თითქოს ისინი უბიძგებდნენ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისკენ, რათა მას უკრაინაზე ზეწოლა შეემსუბუქებინა, და რომ თითქოს ისინი მმართველი პარტიის წინააღმდეგ გადატრიალების ორ მცდელობაში მონაწილეობდნენ“, - ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.
0 კომენტარი