2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შემდეგ პირველად, ნატოს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია, რომელიც მოკავშირე სახელმწიფოების მეთაურებმა 11 ივლისს მიიღეს, არ შეიცავს ფორმულირებას, რომ „საქართველო გახდება ალიანსის წევრი, ხოლო წევრობის სამოქმედო გეგმა ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი იქნება“.
ამ ფაქტს წინ უძღოდა ბოლო ორი წლის განმავლობაში დასავლელ პარტნიორებთან საქართველოს ურთიერთობების სერიოზული გაუარესება. ნატოს ოფიციალურმა პირებმა შეშფოთება გამოთქვეს 2022 წლიდან საქართველოში „გაჩერებული რეფორმების“ გამო, ხოლო 2023 წელს მოუწოდეს ქვეყანას, რომ მზად ყოფილიყო „გადამწყვეტი მომენტისთვის“.
ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია საქართველოს მხოლოდ ერთხელ, მე-17 პარაგრაფში ახსენებს, სადაც „მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ მათი თანხმობის გარეშეა განლაგებული“.
საქართველო არ არის ნახსენები 28-ე პარაგრაფში, რომელიც პარტნიორ ქვეყნებს ეძღვნება და სადაც ნახსენებია მოლდოვა, ასევე ბოსნია და ჰერცეგოვინა. საქართველო ასევე არაა ნახსენები შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებულ მუხლში (მუხლი 31).
ნატოს ვაშინგტონის სამიტმა მიიღო რიგი კონკრეტული გადაწყვეტილებები უკრაინის მხარდასაჭერად ფინანსური, ლოგისტიკური, წვრთნისა და აღჭურვის კუთხით. დეკლარაციაში საუბარია უკრაინის „შეუქცევად გზაზე“ „სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“.
Civil.ge
0 კომენტარი