აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც, მრავალეროვნული სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024"-ი გაურკვეველი დროით გადაიდება, პოლიტიკურ შეფასება პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მისი თქმით, ეს "არასწორი და გაუგებარია".
"ეს არის მინიმუმ გაუგებარი გადაწყვეტილება. იმ ფონზე, როცა საქართველო დემოკრატიის ხარისხით, რეფორმების გატარების თვალსაზრისით და ა.შ. მოწინავე ქვეყნების რიგშია, მაგალითად: ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს ყველას უსწრებს. როცა ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება, ეს არის გაუგებარი. ვფიქრობ, რომ რამდენიმე თვეში ასეთი და მსგავსი ყველა გადაწყვეტილება შეიცვლება და ეს კონკრეტულ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული. დამისახელეთ ერთი ცრუ ბრალდება ან დეზინფორმაცია, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" აშშ-ის წინააღმდეგ გაახმოვანა? არასდროს "ქართული ოცნების" არცერთ დეპუტატს, მთავრობის არცერთ წევრს, ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები ცუდია და რაიმე მსგავსი. ჩვენ მეორე ფრონტიც არასდროს დაგვიბრალებია ამერიკის შეერთებული შტატებისათვის. არც გლობალური ომის პარტია არასდროს გვიწოდებია აშშ-სთვის. ერთი ფრაზა ამომიღეთ, რომ გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს", - განაცხადა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან შეხვედრისას.
ბოლო ორი წელია, "ქართული ოცნების" ხელისუფლება აქტიურ ანტიდასავლურ კამპანიას ატარებს და დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან, "გლობალური ომის პარტიის" ნაწილად მოიხსენიებს. პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა კი, მიმდინარე წლის აპრილში, საჯარო გამოსვლისას, 2008 წლის ომზე პასუხისმგებლობა სწორედ "გლობალური ომის პარტიას" დააკისრა.
"2022 წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველომ გადაიტანა ურთულესი ბრძოლა ომის თავიდან ასაცილებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად. ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დაპირების მიუხედავად საქართველო და უკრაინა არ გააწევრიანეს NATO-ში და ორპირ ქარში დააყენეს. ყველა ასეთ გადაწყვეტილებას გლობალური ომის პარტია იღებს, რომელიც NATO-ზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს და რომლისთვისაც საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს. მათ ჯერ 2008 წელს საქართველო დააპირიპირეს რუსეთთან, ხოლო 2014 და 2022 წლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყანეს უკრაინა", - თქვა ბიძინა ივანიშვილმა აპრილში, მთავრობის მიერ ორგანიზებულ სახალხო შეკრებაზე.
0 კომენტარი