ევროკომისარი ჯუზეპ ბორელი ირაკლი კობახიძის რიტორიკას, თითქოს რუსული კანონის შემდეგ ევროინტეგრაციის შანსები იზრდება, დეზინფორმაციას უწოდებს. ევროკავშირის უმაღესი კომისარი უსაფრთხოებისა და საგარეო საკითხებში ამბობს, რომ ეს ტყუილია, და რომ რუსული კანონის პირობებში ქვეყნის ევროპული გზა საქართველოსთვის ჩაკეტილია. ბორელის თქმით, ბრიუსელი განიხილავს  საქართველოს მთავრობასთან პოლიტიკური კონტაქტების შემცირებას, მთავრობის ფინანსური დახმარების გაჩერებას, ასევე აპირებს გადახედოს ევროპული სამშვიდობო ფონდიდან საქართველოს დამხარებას.

„ვწუხვართ, რომ საქართველოს ოფიციალური პირებისგან ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება. ჩვენ უმაღლეს დონეზე მოვისმინეთ გასაოცარი განცხადებები, თითქოს რომ კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს. მინდა, გარკვევით ვთქვა: არა! არა! ეს კანონი და მის ირგვლივ განვითარებული ყველა ნეგატიური მოვლენა საქართველოს ევროკავშირს აშორებს. უფრო მკაფიო და ლაკონური ვერ ვიქნები, ეს საქართველოს ევროკავშირს აშორებს და ამ განცხადებას მხარს 27 წევრიდან 26 უჭერს. ეს არ არის ერთსულოვნება, მაგრამ ჩვენ სიტუაციის პოლიტიკური შეფასებისთვის ერთიანობა არ გვჭირდება. ჩვენ გვესმის, რომ საქართველოში არსებული დინამიკა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას ეწინააღმდეგება. მინისტრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დღეს ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს და თუ მთავრობა მოქმედების კურსს არ შეცვლის, საქართველო ევროკავშირის გზაზე წინ ვერ წაიწევს. შემიძლია, ეს უფრო ხმამაღლა ვთქვა, მაგრამ უფრო მკაფიოდ შეუძლებელია“, - განაცხადა ჯუზეპ ბორელმა.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *