რიტორიკა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია დასავლეთის მისამართით, არის შეუთავსებელი ქართველი ხალხის მისწრაფებებთან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო'ბრაიენმა „გლობალნიუსის“ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, აშშ არასდროს აანონსებს სანქციებს, თუმცა, თუ „ქართული ოცნება“ არ დაუბრუნდება დემოკრატიულ გზას, შედეგები აუცილებლად დადგება.
„ჩვენ გვინდა, ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა გაიგონ, რომ ის გზა, რომელსაც ისინი ადგანან და ის რიტორიკა, რომელსაც ისინი იყენებენ დასავლეთის მისამართით, არის შეუთავსებელი იმასთან, რასაც საქართველოს მოსახლეობის 80% ფიქრობს. ისინი ამით საფრთხეში აგდებენ იმას, რაც თავად ამბობენ, რომ სურთ და ეს არის უფრო ახლო ურთიერთობა დასავლეთთან და ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ჩვენ წინასწარ არ ვაანონსებთ ზომებს, რომლებსაც ვიღებთ ხოლმე პიროვნებების ან ინსტიტუტების წინააღმდეგ, თუმცა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ზიანს აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს და ამაზე აუცილებლად იქნება პასუხი“, - განაცხადა ო'ბრაიენმა.
0 კომენტარი